გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ფოტოგრაფი პირველ კომენტარს აკეთებს

ფოტოგრაფი, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა „ინტერპრესნიუსს“ და "პალიტრანიუსს“ ექსკლუზიურად ესაუბრა.

სწორედ აღნიშნულმა ფოტოგრაფმა ნახა ბოლოს გიორგი შაქარაშვილი.

ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე ყვება, რომ ის დაბადების დღეზე 23:00 საათისთვის მივიდა, ჩხუბი კი დაახლოებით, 15 წუთში დაიწყო. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილი აღნიშნულ ჩხუბში არ მონაწილეობდა. როგორც ის განმარტავს, ჩხუბიდან მალევე შეკრების ადგილი დატოვეს და თბილისისკენ ტაქსით წასვლა გადაწყვიტეს.

"ჩვენ მოგვიწია ტაქსით წასვლა. ტაქსი ვერ გამოვიძახეთ, არც ერთი ტაქსი არ მოდიოდა, შემდეგ გავაჩერეთ ტაქსი, ორ კაცზე მეტს ვერ გაგიყოლებთო. ნეტავ, ის ორი მაინც წასულიყო, გიორგი მაინც წასულიყო. არ გაყვნენ ტაქსს და ბოლოს ავტოსტოპზე დავდექით და მოვიდა ის ორი ტიპი, ვისთანაც ჩვენ არა, მაგრამ ამათ ჩხუბი მოუვიდათ. ნომრები გაცვალეს, რომ დაგირეკავთ, ხვალ შევხვდეთ და ვილაპარაკოთო. (ეგონა, რომ ჩვენ ვიჩხუბეთ და მეორე დღეს რომ გაერკვიათ) ჩვენ წამოვედით თბილისისკენ, რომ უფრო ახლოდან გამოგვეძახებინა ტაქსი, მაგრამ ხიდზე რომ გადმოვედით, ეს ორი ბიჭი მორბის და ამ დროს წინ გაგვიჩერა მანქანამ და ამ მანქანიდან გადმოვიდა სავარაუდოდ, ხუთი კაცი, შეიძლება, ოთხიც. ზუსტად არ დამინახავს. ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ დაერტყათ, ყველა რომ ვეცემეთ. ეგონათ, რომ ჩვენ ისინი ვიყავით, ვინც იქ იყვნენ. არადა საერთოდ სხვა სასტავი ვიყავით, არაფერ შუაში ვიყავით. მოკლედ ყველა გავიქეცით, სამი კაცი გაიქცა ხიდისკენ. ერთი ბიჭი იქვე ბუჩქებში დაიმალა, როგორც მერე გავიგე. მე კამერა ხელში მეჭირა, მანამდე არაფერს ვიღებდი. ღობეზე გადავხტი, იქ იყომიტოვებული მშენებარე შენობა მეორე სართულზე ავედი და რომ ავედი, დავრეკე პოლიციაში", - განაცხადა ფოტოგრაფმა.

კითხვაზე, რა მიმართულებით გაიქცა გიორგი შაქარაშვილი, მოწმე პასუხობს, რომ არ დაუნახავს. მისივე თქმით, არ იცის, დაედევნა თუ არა ვინმე გიორგი შაქარაშვილს.

"ჩემი აზრით, გიორგი ჩავიდა და უნდოდა, რომ გადასულიყო მდინარის იქით, ეგონა, რომ იყო დაბალი წყალი და გადავიდოდა, ჩანთა დატოვა, რომ არ დასველებულიყო", - აცხადებს ფოტოგრაფი.

შეგახსენებთ, რომ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 22 ივნისს იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

იხილეთ ვიდეო:"ზუსტად მახსოვს ყველაფერი..." - ექსკლუზიური ინტერვიუ ფოტოგრაფთან, რომელმაც შაქარაშვილი ბოლოს ცოცხალი ნახა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა