მნიშვნელოვანია, რომ ტექსტში 70 ადგილას არის ნახსენები ისეთი შეფასებები, როგორიც არის „მისასალმებელი“, „დადებითად და პოზიტიურად უნდა შეფასდეს“ და ეს მეტყველებს იმაზე, რომ გარკვეულწილად ჩვენ გვაქვს პროგრესი ძალიან ბევრი მიმართულებით. გვაქვს წარმატება და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საკმარისი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებებზე ვლაპარაკობთ არ უნდა იყოს. რადგან იმისთვის, რომ ამ სფეროში მუდმივად ვითარდებოდეს სტანდარტი და მუდმივად უფრო მყარი და ძლიერი იყოს გარანტიები, ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს და ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, იმიტომ, რომ თითოეული ადამიანის უფლებები არის მნიშვნელოვანი და ხშირად ერთი ადამიანის უფლება მთელი საზოგადოების უფლებას ნიშნავს , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
რატი იონათამიშვილმა დღეს პარლამენტში სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში წინა წლების ანგარიშებს შეადარა. მისი განცხადებით საკუთრების უფლების, მედია პლურალიზმის, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მგომარეობის და შრომის კოდექსის ნორმების მიმართულებებით განსხვავება და ხელისუფლების მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები აშკარაა.
ფრაქციის ლიდერი "ფეიკნიუსების" თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ საკითხი ყურადღების გამახვილებას მოითხოვს, რათა არავისთვის გახდეს დასაშვები სიცრუის ტირაჟირება.
„დღეს ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ასევე "ფეიკნიუსებზე" და ეს ცალსახად სწორია. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ აუცილებლად, იმიტომ, რომ "ფეიკნიუსების" გავლენა საზოგადოებაზე შეიძლება იყოს დამანგრეველი. ამას საუბრობენ არა მარტო პოლიტიკოსები, საუბრობენ სპეციალისტები და ეს მნიშვნელოვანი საფრთხეა თანამედროვე სამყაროსათვის, რომელიც წყვეტს ადამიანს რეალობას და რეალობის დაკარგვა არის ერთერთი ყველზე მტკივნეული, რაც შეიძლება ადამიანის ცნობიერებისთვის იყოს. ამიტომ ამაზე გამახვილებული ყურადღება გვჭირდება და უნდა ვიყოთ აქტიურები, რომ არ დავუშვათ და არავის მივცეთ მოტივაცია, რომ დაუშვან სიცრუის ტირაჟირება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, პარლამენტი სახალხო დამცველის რეკომენდაციების 91 პროცენტს იზიარებს და ახლა მნიშვნელოვანია, შესაბამისი უწყებების მიერ შესრულების მაჩვენებელიც ანალოგიურად რეკორდულად მაღალ ნიშნულზე იყოს.
„დღეს ჩვენი დადგენილების პროექტით ხდება 91 პროცენტის სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარება და ეს არის რეკორდული მაჩვენებელი და ამავდროულად იქნება ჩვენი ცხადია დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაციაც, რომ ამ ანგარიშების ასეთივე მაჩვენებელი დადასტურდეს, როდესაც ჩვენ გვექნება მოსმენა, თუ როგორ შეასრულეს შესაბამისმა უწყებებმა გაცემული რეკომენდაციები და იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს ეფექტური, ჩვენ ჩვენს საპარლამენტო უფლებას და მოვალეობას აუცილებლად გამოვიყენებთ და ეს იქნება ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტესტი იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიების გაუმჯობესება შესრულდება იმ სტანდარტით, რისი ვალდებულებაც თითოეულ ჩვენთაგანს გაგვაჩნია“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.