ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2020

რამაზ საყვარელიძე - “ალბათ, გერმანიის ელჩი არ იჩივლებს სასამართლოში, მაგრამ...”

ელისაშვილი-“ევროპული საქართველოს” დაპირისპირება - ვის რეიტინგზე როგორ აისახა ეს კონფლიქტი

ზაზა ფირალიშვილი - “პუტინი ახლა იმპერიული რევანშის ტალღაზეა და შედეგებზე არ ფიქრობს”

ფოფხაძე ტიკარაძის წინააღმდეგ - “მას წარმოდგენა არ აქვს რისი მინისტრია”

ვახტანგ ძაბირაძე - “არ გამოვრიცხავ, კოალიცია “ნაცმოძრაობამ” და “ოცნებამ” შექმნან”

* * *

რამაზ საყვარელიძე - “ალბათ, გერმანიის ელჩი არ იჩივლებს სასამართლოში, მაგრამ...”

“დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს მოხერხდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და საარჩევნო სისტემის შეცვლა. კარგად გვახსოვს, როგორ ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი პროექტი, ახლა კი გამოვიდა, რომ “ქართული ოცნება” იღებს ცვლილებებს, ანუ როცა მოინდომეს, მშვენივრად მოახერხეს მაჟორიტარების დათანხმება. გამოჩნდა, რომ თავის დროზე პროცესის ჩაშლის მათთვის გადაბრალება სიმართლე არ ყოფილა, ეს აჩვენებს, რომ თავის დროზე, როცა ამტკიცებდნენ, საკონსტიტუციო ცვლილებები მაჟორიტარების აჯანყებამ ჩააგდოო, ტყუოდნენ”, - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ალბათ, გერმანიის ელჩი არ იჩივლებს სასამართლოში, მაგრამ...”/ “თუ “ოცნებას” არ გაუჭირდა, ანუ თუ მისმა რეიტინგმა მკვეთრად არ იკლო, ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში გააქტიურებას არ ველი” / “დღეს ფეიკნიუსთან გამოცხადებული ბრძოლა იმ ძალისგან, რომელიც თვითონ არის შემჩნეული ტროლ-ბოტების მომრავლებასა და ოპონენტებთან ფეიკნიუსით ბრძოლაში, ცოტა არასერიოზული ჩანს”.

“რჩება შთაბეჭდილება, რომ როცა საქმე საქმეზე მიდგა, ოპოზიციას აღარ მოუნდა ამ ცვლილების მიღება. საკუთარი ბოიკოტის მიზეზი ისე დამაჯერებლად ვერ დაასაბუთეს, რომ ამგვარი შთაბეჭდილება არ გაჩენილიყო. მთელი წელი ლაპარაკობდნენ ამ ცვლილებების აუცილებლობაზე და მხოლოდ რურუას მომიზეზება დამაჯერებელი არ ჩანს... ოპოზიცია კარგად ვერ ჩამოყალიბდა, რა ურჩევნია. მაჟორიტარები არ გვინდაო, ამტკიცებდნენ, თან ენერგიულად ჩააფრინდნენ ამ 30 ადგილს. ამიტომ გაჩნდა ეჭვი - ხომ არ ურჩევნიათ ძველი სისტემა, სადაც მეტი მაჟორიტარული ოლქია? “ნაციონალური მოძრაობის” შემთხვევაში ამგვარი ეჭვის ერთ-ერთი საფუძველი ისიც არის, რომ შეიძლება პარტიაში აშფოთებთ საკითხი - ახალი საარჩევნო სისტემით ხომ არ დაკარგავენ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს. გვახსოვს, ბოლო თვეების განმავლობაში ამბობდნენ, პარლამენტში რაც შეიძლება მეტი პარტია უნდა შევიდეს და ივანიშვილს ძალაუფლება წავართვათო, მაგრამ ამ ბევრი პარტიის ერთობლივი რეიტინგი შეიძლება მიუახლოვდეს და გადაასწროს კიდეც “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგს, არადა, პირველი ოპოზიციური ძალის სტატუსის ინტერესი, მოგეხსენებათ, უპირველესად დაფინანსებაა...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“პანდემიასთან წარმატებულმა ბრძოლამ მოსახლეობას დაანახა, რომ ხელისუფლება ეფექტიანია, რაც მთავარია, ის ზრუნავს მოსახლეობაზე. ამ ბრძოლის ცენტრალურ ფიგურად გიორგი გახარია იქცა. ის იყო მთავარი ძალა პანდემიასთან გამკლავებისას და ამ გუნდის პოლიტიკურ ბრძოლაშიც მთავარ მებრძოლად რჩება... გახარია უნიკალური მოვლენაა “ქართული ოცნებისთვის”. ადრე ასეთი ფიგურა იყო ივანიშვილი. ახლა ვხედავთ, რომ ივანიშვილი საერთოდ განზე დგას, პროცესებში არ ერევა და ცდილობს, გუნდი არჩევნებამდე მისი დახმარების გარეშე მივიდეს. აქამდე საარჩევნოდ ივანიშვილის სახელი ყოველთვის მაშველი რგოლი იყო, დღეს კი მთავარი ფიგურა არის გახარია. დამეთანხმებით, “ქართული ოცნებისთვის” არატიპური ვითარებაა შექმნილი... ამასთანავე, ივანიშვილი რეალურად არსად წასულა. ის რჩება “ქართული ოცნების” დიდ რესურსად და ამას ემატება ადმინისტრაციული რესურსი, რაც სახელისუფლებო პარტიას ყოველთვის აქვს. არჩევნებამდე ჯერ დროა, თუმცა საზოგადოებრივი აზრის დღევანდელი კვლევები “ქართული ოცნების” მაღალ რეიტინგს აჩვენებს და ვფიქრობ, არჩევნებამდე ამ რეიტინგის მნიშვნელოვანი ნაწილით მისვლას მოახერხებენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუ “ოცნებას” არ გაუჭირდა, ანუ თუ მისმა რეიტინგმა მკვეთრად არ იკლო, ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში გააქტიურებას არ ველი. ის, რა თქმა უნდა, იქნება კულუარებში, მიიღებს მონაწილეობას სიის დაკომპლექტებასა და მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევაში, თუმცა საჯარო სივრცეში, ალბათ, არ გამოჩნდება... ივანიშვილს გახარიას ავტორიტეტი რომ ნერვებს უშლიდეს, ეს უსათუოდ გამოჩნდებოდა კორონავირუსის საფრთხესთან ბრძოლის პროცესში. ბოლოს და ბოლოს, ჩაერეოდა, ოპოზიციასავით არ დაიშურებდა რეკომენდაციებს, საზოგადოების ყურადღებას მიიქცევდა და გახარიას ავტორიტეტს არ გაუყოფდა. ბრძოლის პროცესში გახარია თავს ასე მყარად ვერ იგრძნობდა. ანუ საკუთარი აქტიურობით ივანიშვილი არ დაუშვებდა, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ეფიქრა, რომ კოვიდინფექციასთან ბრძოლა გახარიას მოგებულია. ამიტომ ვერსია, რომ ივანიშვილი ებრძვის გახარიას მზარდ ავტორიტეტს, წინა პრემიერების შეცვლის პირობებისა და ახლანდელი პრემიერის საქმიანობაში ჩაურევლობის ფონზე, დამაჯერებლად არ მეჩვენება”, - თვლის ექსპერტი.

“სამართლიანად აღნიშნეთ, რომ დღეს ფეიკნიუსთან გამოცხადებული ბრძოლა იმ ძალისგან, რომელიც თვითონ არის შემჩნეული ტროლ-ბოტების მომრავლებასა და ოპონენტებთან ფეიკნიუსით ბრძოლაში, ცოტა არასერიოზული ჩანს, თანაც ვფიქრობ, ქვეყნის უსაფრთხოება უფრო დიდი გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ყოველი დეზინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად მაინცდამაინც სუს-ი იზრუნებს. ამასთანავე, ჩვენნაირ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ჯერ კიდევ არ არის მყარი, ფეიკნიუსთან სამართლიანი ბრძოლისასაც კი შეიძლება ვინმეს ხელი წაუცდეს და ეს განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენოს. ამიტომაც დიდი სიფრთხილე მართებს საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც. მივესალმები იმას, რომ ნებისმიერი მხარის გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოვუცხადოთ ბრძოლა. ეს იქნება მთელი საზოგადოების დაცვა, მაგრამ საჭიროა სიფრთხილე!”, - ამბობს რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - “გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რურუა 8 მარტის შეთანხმებაში არ არის მოხსენიებული და ეს ყველას შეუძლია წაიკითხოსო...” - პასუხობს:

“პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართველ პოლიტიკოსებს ჩვენი უცხოელი დიპლომატების შეფასებები არ მოსწონთ და მწვავე, მეტიც, არაკორექტულ განცხადებებს აკეთებენ. უარგუმენტო, ცრუბრალდებისთვის ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში განმცხადებელს სამართლებრივ პასუხს სთხოვენ, ჩვენთან კი არავინ ისჯება. სანამ საქართველოშიც სამართლებრივი მოთხოვნები არ დადგება დღის წესრიგში, ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. ალბათ, გერმანიის ელჩი არ იჩივლებს სასამართლოში, მაგრამ კარგია, რომ მმართველმა პარტიამ მაინც აიღო პასუხისმგებლობა და ბოდიში მოიხადა...”

“ამას წინათ დაახლოებით ანალოგიურ შემთხვევაში გუბაზ სანიკიძის ბრალდებებს თვითონ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გასცა მკვეთრი პასუხი, შესაბამისად, სანიკიძეს უკან დახევამ მოუწია. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ასეთივე განცხადებები გვესმის მმართველი პარტიის წევრებისგანაც. კიდევ უფრო მძიმეა, როდესაც ხელისუფლებისგან ვისმენთ ბრალდებებს, რომ ზოგიერთი ამერიკელი კონგრესმენი თუ ევროპარლამენტარი “ნაციონალურ მოძრაობაზე” მუშაობს და შესაძლოა გახვეული არიან კორუფციაში. ხელისუფლებას უფრო მეტად მოეთხოვება წარმოადგინოს ამგვარი შეფასების დამაჯერებელი არგუმენტები ან უარი თქვას ამგვარ ბრალდებებზე”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.

ელისაშვილი-“ევროპული საქართველოს” დაპირისპირება - ვის რეიტინგზე როგორ აისახა ეს კონფლიქტი

“ოპოზიციაში შესაძლოა ახალი დაპირისპირების ფრონტი გაიხსნას. “მოქალაქეების” დამფუძნებელ ალეკო ელისაშვილსა და “ევროპული საქართველოს” ლიდერ გიგა ბოკერიას შორის კონფლიქტი ურთიერთბრალდებებსა და მწვავე კრიტიკაში გადაიზარდა. ამიტომაც გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა ოპოზიციის ილუზორული ერთიანობა საბოოლოო ჯამში კიდევ გასკდეს და განხეთქილების ახალი კერები გაჩნდეს. “ევროპული საქართველოს” მტკიცებით, დაპირისპირების მიზეზი თბილისის ორი ოლქი გახდა, სადაც ალეკო ელისაშვილი, ოპოზიციის ლიდერების ინფორმაციით, თავისი მაჟორიტარობის კანდიდატების დაყენებას მოითხოვდა, მათ შორის მთაწმინდაზე შალვა შავგულიძის ნაცვლად ლევან იოსელიანის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას ნიშნავს ელისაშვილი-“ევროპული საქართველოს” დაპირისპირება და ვის რეიტინგზე როგორ აისახა ეს კონფლიქტი.

“პირველი, ვისაც ელისაშვილი “გაერთიანებული ოპოზიციიდან” ღიად დაუპირისპირდა, “ევროპული საქართველო” აღმოჩნდა - უგულავა კორუფციაში დაადანაშაულა, გიგა ბოკერია კი მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროებისთვის გააკრიტიკა. კონფლიქტი ამით არ დასრულებულა - ელისაშვილმა ბოლო ორი დღის განმავლობაში ყველას ის ოპოზიციური პარტია გააკრიტიკა, ვინც უკვე შვიდი თვეა ლეიბორისტების ოფისში იკრიბებიან. ამ კონსულტაციებში აქტიურად მონაწილეობდა თავად ალეკო ელისაშვილიც. “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილი არის არა მხოლოდ პოპულისტი, არამედ “ჩვეულებრივი აფერისტი და უსინდისო პოლიტიკოსი”. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ოპოზიციაში არანაირი დაპირისპირება არ არის, ხოლო ელისაშვილის და ბოკერიას კონფლიქტი მხოლოდ პირადულია. ეს არის ორ კერძო პოლიტიკურ სუბიექტს შორის უთანხმოება და აქ “გაერთიანებული ოპოზიციის” საკითხი არ დგას. მისი აზრით, ელისაშვილი პარლამენტში მოხვედრის შემდეგ მაინც არ იქნება „ოცნების“ მხარეს და თუკი დღევანდელ მმართველ პარტიას კოალიციური მთავრობის შექმნა დასჭირდება, მათ გვერდით არ დაუდგება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ახლა რომ იყო მოლაპარაკებები თბილისში საერთო კანდიდატებზე, სიმართლე გითხრათ, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ოპოზიციური შეთანხმება მიღწეულიყო. მოლაპარაკების მაგიდასთან ორი ადგილი მოითხოვა. ერთს თავისთვის ითხოვდა, მეორეს კი - იოსელიანისთვის. მის მანდატს ყველა დასთანხმდა. მეორეზე კი ვუთხარით, რომ უფრო წონიანი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი მოეთხოვა. იოსელიანისთვის მეორე ადგილი რომ ვერ გამოივაჭრა, თავს დაგვესხა და ტალახის სროლა დაიწყო. ესაა მთელი ამ ისტორიის ამბავი. მისი საქციელი პირდაპირ ივანიშვილის თამაშია. ამიტომაც საზოგადოება რელურად უნდა იცნობდეს ეს ადამიანი ვინ არის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ოთარ კახიძე.

“ეს არის ორი პოლიტიკური სუბიექტის უთანხმოება. ამიტომაც არ მიმაჩნია, რომ ეს ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებად და უთანხმოებად უნდა აღვიქვათ. პოლიტიკაში მსგავსი რამ მუდმივად ხდება. ამიტომაც გასაკვირი არაფერია. ახლა ოპოზიცია გაერთიანებულია ერთი მიზნისთვის, რომ მოხდეს საარჩევნო სისტემის და ხელისუფლების შეცვლა. ამ იდეის გარშემო შევიკრიბეთ და არსებითად არ ვფიქრობ, რომ რამე შეიცვლება. ასევე მაჟორიტარულ ოლქებთან მომხდარი შეთანხმება იმის მტკიცებულებაა, რომ ოპოზიციის გაერთიანება მყარია და მას წინასაარჩევნოდ საფრთხე არ ემქურება. არ ყოფილა ჩვენს ისტორიაში მსგავსი არჩევნები, რომ ოპოზიციას ერთმანეთისთვის მაჟორიტარული ოლქები დაეთმოს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რომან გოცირიძე.

რომან გოცირიძის თქმით, ახლა “გაერთიანებული ოპოზიციის” მთავარი მიზანია, რომ “ოცნების” სატელიტებმა კოალიციური მთავრობა არ შექმნან. გოცირიძე ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს ოპოზიცია ხელს მაქსიმალურად შეუშლის. მისი თქმით, ოპოზიცია “პატრიოტთა ალიანსსა” და ზვიად ძიძიგურის პარტიას ხელისუფლებისთვის კოალიციური მთავრობის შექმნის საშუალებას არ მისცემს. ანალიტკოსი გია ხუხაშვილი “რეზონანსთან” ამბობს, რომ გასაგებია, რომ ოპოზიციას სხვადასხვა განვითარება, მსოფმხედველობა და წარსული აქვს, მაგრამ “ევროპული საქართველო” და ალეკო ელისაშვილი ერთმანეთის კონკურენტები არ არიან, ორივე მათგანს სხავდასხვა ამომრჩეველი ჰყავს და ერთმანეთს ხმებს არ ართმევენ. ამიტომაც რა აქვთ საჩხუბარი, მისთვის გაუგებარია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ერთადერთი პოლიტიკური ლოგიკა შესაძლოა იქიდან გამომდინარეობდეს, რომ ელისაშვილი ცდილობს ამომრჩეველს გააგებინოს, რომ ამ ხალხთან საერთო არაფერი აქვს. მისივე თქმით, ოპოზიციას ახლა ეს ილუზორული ერთიანობა იმდენად სჭირდება, რომ არ ელის ახალი დაპირისპირების გაღრმავებას. მისი აზრით, მაქსიმალურად ეცდებიან რომ ერთად იყვნენ და მოთმენის ფონზე არჩევნებამდე თავი როგორღაც მიიტანონ”, - დასძენს გამოცემა.

“კი, ბატონო, გავიგეთ, რომ ელისაშვილს ბოკერიასთან და “ნაციონალებთან” საერთო არაფერი აქვს. ამაში ახალი არაფერია. ელისაშვილი “ნაციოანალების” და “ევროპელების” ლანძღვაში “ოცნებას” ვერ აჯობებს, ამიტომაც ეს ვერაფერი სიახლეა. ამით ელისაშვილს არაფერი ემატება. ერთადერთი მან ამომრჩევლი შესაძლოა “ოცნებას” წაართვას, ან ის ხალხი მიიზიდოს, ვინც მმართველ პარტიას განუდგა. მაგრამ ეს განდგომილი ხალხი ხმას “ნაციონალებს” და “ევროპელებს” მაინც არ მისცემს და ამ ლანძღვით და პათეტიკით ელისაშვილი რას იგებს, მართალი გითხრათ, ვერ გავიგე. ელისაშვილს ვურჩევ, რომ ამომრჩეველს რამე ისეთი შესთავაზოს, რაც დააინტერესებს. რამე ახალი უნდა თქვას. ბოკერია, რომ ცუდია, 8 წელი ამის მეტი ხელისუფლებას არაფერი უძახია. ბოკერიას მაინც თავისი ამომრჩეველი ჰყავს და ელისაშვილის ნათქვამზე ახლა “ევროპელების” ამომრჩეველი არ გაიქცევა. ამიტომ აქ წმინდა პოლიტკური თვალსაზრისით, სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი - “პუტინი ახლა იმპერიული რევანშის ტალღაზეა და შედეგებზე არ ფიქრობს”

“პუტინს ჯერ კიდევ თავისი მმართველობის დასაწყისში ჰქონდა ილუზია, რომ შეძლებდა ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტენსიური განვითარების გზაზე დაყენებას. ეს ის დროა, როდესაც ის ნატოში გაწევრებაზეც მზადყოფნას გამოთქვამდა. დღეს იშვიათად თუ იხსენებენ ამ ფაქტს. შემდეგ ცხადი შეიქნა ის, რაც ისედაც აშკარა იყო. ამ დედამიწის მერვედზე გაშლილ პოლიტიკური სხეულის სიცოცხლეს მხოლოდ ექსტენსიური განვითარება და ახალ-ახალი ტერიტორიული ექსპანსია თუ უზრუნველყოფს. რუსულმა იმპერიამ მხოლოდ ტერიტორიული ექსპანსიის პროცესში შეიძლება იარსებოს. იმპერიის მოქალაქე მშვიდად და დაჯერებულად მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს, როდესაც მისი ქვეყანა სადღაც ვიღაცას ებრძვის...”, - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ზაზა ფირალიშვილი: “პუტინი ახლა იმპერიული რევანშის ტალღაზეა და შედეგებზე არ ფიქრობს”.

“ამიტომაც არის, რომ რუსეთისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ერთი ციდა ჩეჩნეთის დათრგუნვა, 2008 წლის აგვისტოს ომი, უკრაინაში გაჩაღებული ომი და ყირიმის მიტაცება, ასევე, სირიასა და ლიბიაში სრულიად უაზრო სისხლის ღვრა, ვიდრე საუკუნის დასაწყისში ეკონომიკის სწრაფი განვითარება. უფრო მეტიც, თავად ეკონომიკური ცხოვრებაც მთლიანად იმპერიული ექსპანსიის რეჟიმის ნაწილად არის აღქმული და მისი არსებობის არსი მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ მძევლობაში მოქცევის ცდაა. ასე რომ, პუტინს გულითაც რომ უნდოდეს, თავისი მმართველობის პერიოდში ამ პროცესს ვეღარ შეაჩერებს, მაშინ მოუწევს თავის პოსტს დაემშვიდობოს. რაც შეეხება თეზისს რუსეთის დაკარგული ტერიტორიების შესახებ, რომლებიც­ თურმე საბჭოთა კავშირიდან გამოყოფილმა რესპუბლიკებმა გაიყოლიეს, ეს სხვა არაფერია, თუ არა იმპერიალისტური ლოგიკის ტიპური ნაყოფი. იმპერიალისტის მოსაზრებით, ნებისმიერი ტერიტორია, სადაც რუს ჯარისკაცს უბრძოლია, მისია. ამგვარი ბარბაროსული ლოგიკის დაძლევა ისტორიული ან სამართლებრივი კატეგორიებით შეუძლებელია, რადგან რაც დრო გადის, ყველანაირი ფანტასტიკის სფეროს სცდებიან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.

“შესაძლოა დაუჯერებელია, მაგრამ დღევანდელი რუსი იმპერიალისტი იდეოლოგები “გონების რაღაც მანქანებით” სირიასაც რუსული სამყაროს ნაწილად აცხადებენ. აუხსნელია, მაგრამ ფაქტია, რომ კრემლში შემუშავებულ ამ წარმოუდგენელ ნარატივს ვიღაცებს აჯერებენ. ეს რუსი სტრატეგოსები იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომელიც რუსეთის ძველი გეოპოლიტიკური როლისა და მნიშვნელობის აღდგენაზე ოცნებობდა და რადგან ეს მათი სუსტი ეკონომიკის გამო შეუძლებელია, ცდილობენ ჩინეთთან გამონახონ საერთო ენა და, ბუნებრივია, ამ ტანდემში მთავარი ჩინეთი იქნება და არა რუსეთი. თანხმობის მისაღწევად უკვე წლებია თვალს ხუჭავენ, თუ რა თანამიმდევრულად ითვისებს ჩინეთი­ მოსაზღვრე ტერიტორიებს, რომ რუსეთის აღმოსავლეთი რეგიონები ეკონომიკურად უფრო ჩინეთთან არიან მიბმული, ვიდრე ცენტრთან. ამით იმის თქმაც მინდა, რომ რუსული პოლიტიკა გაცილებით ალოგიკური და არათანამიმდევრულია, ვიდრე ვინმეს წარმოდგენა შეუძლია. რაც შეეხება პუტინის განცხადების შემდეგ კრემლისგან მომავალ საშიშროებას, რა თქმა უნდა, საფრთხე რეალურია, მაგრამ არც ისე დიდი, როგორც მავან შეშინებულს ან პუტინიზმის აშკარა თუ ფარულ პროპაგანდისტს შეიძლება წარმოუდგეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თუ საქართველოსთან ომის შემთხვევაში დასავლელი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ პრობლემას მოლაპარაკებითა და თანხმობით გადაწყვეტდნენ, უკრაინის მაგალითმა დაარწმუნა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან სამართლებრივ ენაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს. ამიტომაც მიმართეს სანქციებს, რომლებსაც რუსული ეკონომიკისთვის გაცილებით მძიმე შედეგები აღმოაჩნდა, ვიდრე პრორუსი პროპაგანდისტები გვარწმუნებდნენ, არაფერი შეეტყობაო. ასე რომ არ იყოს, პანდემიის დაწყებისთანავე რუსეთი გაეროს ტრიბუნიდან არ მოითხოვდა სანქციების შეჩერებას. ერთი სიტყვით, პუტინი უპირობოდ იქცა უარყოფითი პერსონის სიმბოლოდ. მასში სტალინისა და ჰიტლერის ნიშნები ამოიცნეს - იმ ორი ისტორიული ფიგურისა, რომლებსაც ლამის დაუფარავად ბაძავს - უცხოეთში გაქცეულ პირად მტრებს ჯაშუშების მეშვეობით უსწორდება, იალტის მსგავსი ახალი კონფერენციის საჭიროებაზე მიანიშნებს, ძალიან მოწადინებულია, როგორმე მიუნხენის ხელშეკრულების მსგავსი დოკუმენტი გაფორმდეს საქართველოსა და უკრაინის საკითხზე და სხვა. ის უკვე გადასცდა იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობების მოგვარება შეუძლებელია”, - დაასკვნის ფილოსოფოსი.

“ერთადერთი, რაც დარჩა, მუდმივი დაძაბულობაა. მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ დასავლეთში ჯერ არ ჩანს ძლიერი ლიდერი თუ ლიდერები, ვინც პუტინის პოლიტიკურ აღვირახსნილობას ღირსეული პასუხით ალაგმავს. ეს დროის ამბავია. პუტინი ვეღარ გაჩერდება და რაც მეტად გაიზრდება მისი აგრესიულობა, ასეთი ლიდერების გაჩენის ალბათობა მით მეტია. თუ დავფიქრდებით, ამ განცხადებებით რას მიაღწია პუტინმა? არაფერს, გარდა იმისა, რომ ამით მავანმა შოვინისტებმა გული მოიფხანეს. ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ადგილი კარგ, პროგრესირებად საზოგადოებაში არ არის. ის, როგორც პოლიტიკური ბანდიტი, უნდა განიდევნოს. სურდა თუ არა, ახლანდელი და მომავალი სანქციები გაამართლა, ანუ ყველა პროცესი ცხადყოფს, რომ კრემლი და მისი ბელადი ამას იმსახურებდნენ. შესაბამისად, ის ახლა იმპერიული რევანშის ტალღაზეა და შედეგებზე არ ფიქრობს”, - ამბობს ზაზა ფირალიშვილი.

“საქართველოში აშკარა პრორუსული ძალების რაოდენობა არ იზრდება, მათი ხვედრითი წილი და გავლენა შევარდნაძის ზეობის ბოლო წლებში გაცილებით დიდი იყო. დასავლეთის ქვეყნებში შრომითი მიგრაცია, ასპარეზზე ახალგაზრდა თაობის გამოსვლა და სხვა პროცესები, საბედნიეროდ, ასუსტებს და აქრობს რუსეთთან ფსიქოლოგიურ ბმას. დღეს ამ თვალსაზრისით ე.წ. ზომიერებსაც კი კარგად ესმით, რა უპერსპექტივოა ეს ვექტორი, თანაც, აშკარა პრორუსული ძალების მართლმადიდებელი სოლიდარობის მიღმა დიდი ხანია ნათლად ჩანს ბანალური იმპერიალიზმი და ჩვენი ფიზიკური განადგურების საფრთხე. მოკლედ, საკმარისია, ჟირინოვსკი და მისთანები ერთხელ გამოჩნდნენ ტელეეთერში თავიანთი “ყოჩაღი” განცხადებებით, რომ პუტინისტური ძალების მთელი შრომა წყალში გადაიყაროს. ეს კარგად იციან რუსებმა, კარგად ესმით, რომ პრორუსულ ძალებს მოსახლეობის მხოლოდ მცირე სეგმენტის გადაფარვა შეუძლიათ და ამიტომ აკეთებენ აქცენტს ძალადობრივ მეთოდებზე: ადმინისტრაციული საზღვრების ჩაკეტვაზე, მცოცავ ოკუპაციაზე, საერთაშორისო პროექტების ჩაგდებაზე და ა.შ. მათთვის მთავარია, ჩვენში როგორმე შეინარჩუნონ მუდმივი არასტაბილურობა. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ტემპერამენტით ხშირად “ვშველით” ამაში. მათ იციან, რომ პრორუსული სენტიმენტების გაძლიერება შეუძლებელია და აქცენტს მაშინვე კაპიტულანტური განწყობის გაძლიერებაზე აკეთებენ”, - განმარტავს რესპონდენტი.

“რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ პროცესებს, პანდემიის დროს მშვიდმა და თავდაჯერებულმა მოქმედებამ ხელისუფლებას დიდი კაპიტალი შესძინა. ოპოზიცია აცნობიერებს, რომ კრიზისის დროს მოსახლეობაში სტაბილურობისა და დაცულობის შეგრძნების გაჩენა ძალიან მნიშვნელოვანი კაპიტალია. არადა, პანდემიამდე ხელისუფლების რეიტინგი თვალდათვალ ეცემოდა და არჩევნებში მისი მარცხი თითქმის გარდაუვალიც ჩანდა. თუმცა დღეს ხელისუფლების ყველაზე ოდიოზური წევრებიც კი საზოგადოების უფრო გულგრილ დამოკიდებულებას იწვევენ, ვიდრე გაღიზიანებას ან აღშფოთებას. სამწუხაროა, მაგრამ ვერა და ვერ გაჩნდა ისეთი ოპოზიციური კონფიგურაცია, რომელიც პანდემიამდელი სიტუაციით ისარგებლებდა და რეალურ ალტერნატიულ მოთამაშედ იქცეოდა. ჯერჯერობით ძველი ინერციით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ისევ და ისევ “ნაციონალებისა” და “ოცნების” დაპირისპირების ჭრილში აღიქვამს, ეს კი ხელისუფლებასაც ხელს აძლევს. ამაში დამნაშავე მხოლოდ სახელისუფლებო პროპაგანდა არ არის. ოპოზიციურმა ფლანგმაც ვერ შექმნა განახლების შთაბეჭდილება. ჯერჯერობით გვაქვს პოლიტიკური კალეიდოსკოპი, რომელშიც ერთი და იგივე ფიგურები ქმნიან კონფიგურაციებს. იშვიათად თუ გამოჩნდება ვიღაც ახალი, რომელიც სულ მალე ძველებს ემსგავსება. შესაბამისია საზოგადოების რეაქციაც - ის იმედგაცრუებული რჩება”, - დასძენს ფირალიშვილი და შეკითხვაზე - “ოპოზიციის ნაწილი თბილისში მაჟორიტარულ ოლქებში წარსადგენ კანდიდატებზე შეთანხმდა. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ წარმოდგენილმა სიამ?” - პასუხობს:

“ვფიქრობ, ვინც უნდა იყოს სიებში, ამ არჩევნებზე ბევრი არაფერი შეიცვლება. მოცემულ ვითარებაში ხელისუფლებისთვის ყველაზე ცუდი სცენარი ის ჩანს, კოალიციურ მთავრობაზე მოუწიოს დათანხმებამ. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში მოულოდნელად ბევრჯერ შეტრიალებულა სიტუაცია. სამწუხაროდ, საქართველო ჯერჯერობით არ არის ისეთი სტაბილური სახელმწიფო, “მგრძნობიარე ნერვი” არ გაგვაჩნდეს, ცივი, პრაგმატული გონებით ვიცხოვროთ და ეს პოლიტიკაშიც გადავიტანოთ. მთავარია შემსრულებელი, დიდი ენერგიისა და იდეის მატარებელი “პოლიტიკური მამრი”. ჯერჯერობით სწორედ ეს უკანასკნელი არ ჩანს”...

ფოფხაძე ტიკარაძის წინააღმდეგ - “მას წარმოდგენა არ აქვს რისი მინისტრია”

“პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ადამიანი თავისი თავის მხილებას გაურბის და ცდილობს ქვეყანას არ დაანახოს, რომ წარმოდგენა არ აქვს რას ხელმძღვანელობს და რისი მინისტრია”, - ასე აფასებს ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი გედევან ფოფხაძე ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის უარს პარლამეტში მისვლაზე. “დამოუკიდებელმა დეპუტატებმა” ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში ივნისის დასაწყისში დაიბარეს, თუმცა მან ვიზიტის ივნისის ბოლო კვირამდე გადადება ითხოვა. ივნისი უკვე იწურება, თუმცა ტიკარაძე პარლამენტში მისვლას ისევ არ აპირებს. ფოფხაძე ამბობს, რომ მათ ფრაქციას ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედის იმედი აღარ აქვს. მისი შეფასებით, მინისტრის მიერ ვიზიტისთვის თავის არიდება იმის ნიშანია, რომ იგი სიტუაციას ვერ ფლობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ფოფხაძე ტიკარაძის წინააღმდეგ - “მას წარმოდგენა არ აქვს რას ხელმძღვანელობს და რისი მინისტრია”.

“ჩვენ ამ შეხვედრის ვერანაირ პერსპექტივას ვეღარ ვხედავთ იმიტომ, რომ ისედაც არ იგრძნობოდა, რომ ქალბატონი ტიკარაძე თვითონ ფლობს სიტუაციას. იგი, როგორც წესი, ყველა კითხვაზე მოადგილეების და თანაშემწეების მეშვეობით პასუხობს და როცა შეხვედრას ასე აჭიანურებს, შემდეგ შეხვედრაც აზრს კარგავს. ამ შემთხვევაში მხოლოდ საკითხებს კი არა, დროსაც აქვს მნიშვნელობა. მიმაჩნია, რომ ტიკარაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკას არ ცნობს. ჩვენ, სიმართლე გითხრათ, ტიკარაძისგან არაფერს ღირებულს და კონკრეტულს აღარ ველოდებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ მოვალეები ვართ ის საკითხები, რაზეც მსჯელობას ვაპირებდით, დაწყებული ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებიდან და სამედიცინო მუშაკების მიმართ დამოკიდებულებიდან, დამთავრებული სოციალური მუშაკებით და სოციალური სფეროთი, ეს საკითხები უნდა განვიხილოთ”, - აცხადებს გედევან ფოფხაძე, რომლის აზრით, “ეს სწორი მიდგომა არაა, რომ რამდენიმე ეპიდემიოლოგის მეშვეობით სახელმწიფო თავის ჯანდაცვის სისტემას საზოგადოებას პოზიტივში სთავაზობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მაშინ, როცა ეპიდემია ქვეყანაში რეალურად რომ დაწყებულიყო, ჯანდაცვის სისტემას რესურსი არ ჰქონდა, რომ ამ ეპიდემიისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ამიტომაც საყოველთაო აკრძალვებზე წავედით და სახელმწიფო ჩავკეტეთ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდით, რომ თუ ავადმყოფთა რაოდენობა პირობითად 2 ათასს აცდებოდა, სახელმწიფო ამ ხალხის მკურნალობას უკვე ვეღარ შეძლებდა და იმ რეალობის წინაშე დავდგებოდით, რომ იმის გამო, რომ ხალხს ჯანდაცვის სისტემა ვერ მიხედავდა, მასობრივად გარდაცვალება დაიწყებოდა. ასეთ ვითარებაში კი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ როგორია პოლიტიკა სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში და ეს მიმართულება რამდენად სწორად და თანმიმდევრულად ვითარდება”, - ამბობს ფოფხაძე. მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრის პარლამენტში ვიზიტის გადადების ლეგიტიმური მიზეზი არ არსებობს”, - განაგრძობს გამოცემა.

“მე მიმაჩნია, რომ ტიკარაძის არმოსვლის ერთადერთი მიზეზი ისა, რომ ჯანდაცვის მინისტრს კომუნიკაციის და ასეთი ურთიერთობის რესურსი არ აქვს. ესაა ოჯახის მინისტრი, რომელიც აბსოლუტურად ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ავტორიტეტზეა მიბმული, მას არანაირი ინსტიტუციონალური მხარდაჭერა არ ჰქონია, მისთვის პარლამენტი რაღაცა აბსტრაქციაა იმიტომ, რომ მას არ მიაჩნია, რომ მანდატი პარლამენტიდან მიიღო, მიიღო ოჯახიდან და შესაბამისად, ის არანაირად ამ პარლამენტის საკონტროლო ფუნქციის რეალიზაციაში თანამონაწილე არ გახდება და არც აქვს ამის რესურსი. იგრძნობა, რომ ეს ადამიანი არაა იმდენად კვალიფიციური, რომ პარლამენტთან კომუნიკაციაში შემოვიდეს და ჩვენთან ერთად იმ საკითხებზე იმსჯელოს, რაც ჯანდაცვის, დევნილებისა და დასაქმების სფეროში არსებობს. პოლიტიკაზე როცა ლაპარაკობ, ხედვა უნდა გქონდეს და ხედვა ამ ადამიანს არ აქვს. რომ შეგვხდეს, შესაძლოა ამისი ილუსტრაცია მოხდეს. პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ადამიანი თავისი თავის მხილებას გაურბის და ცდილობს ქვეყანას არ დაანახოს, რომ წარმოდგენა არ აქვს რას ხელმძღვანელობს და რისი მინისტრია”, - დაასკვნის ფოფხაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ “პარლამენტში მისი ვიზიტის გადადების მიზეზად იგონებენ რაღაც მოუცლელობას და რომ ამ მომენტში არ სცალია და ცოტა ხანი კიდევ დრო სჭირდება. თუმცა, გადადების არანაირი ლეგიტიმური მიზეზი არ არსებობს”, - დასძენს გამოცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - “არ გამოვრიცხავ, კოალიცია “ნაცმოძრაობამ” და “ოცნებამ” შექმნან”

“ოპოზიციონერ ლიდერებს ჰგონიათ, არჩევნებს აუცილებლად მოიგებენ. მე ასე მარტივად არა მგონია საქმე. ოპოზიციური სპექტრი ძალიან ბევრ საკითხზე უნდა შეთანხმდეს. მაჟორიტარი კანდიდატების საკითხზე ოპოზიციამ ძალიან იჩქარა. რა საჭირო იყო კანდიდატების ორი თვით ადრე დასახელება, როდესაც ექვსივე მათგანს ისედაც კარგად იცნობს საზოგადოება? თანდათანობით უნდა მიჰყოლოდნენ პროცესებს. ორი თვით ადრე რომ წარადგენ კანდიდატებს, პიკში რას სთავაზობ ამომრჩეველს, რით ინარჩუნებ მუხტს?! მგონი, ხელისუფლება არ იჩქარებს და თავის კანდიდატებს ბოლო მომენტში დაასახელებს. ეს ბევრად მომგებიანი იქნება”, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არ გამოვრიცხავ, კოალიცია “ნაცმოძრაობამ” და “ოცნებამ” შექმნან”.

“პარტიებიდან ერთი პროცენტის აღების შანსი ყველას აქვს. თუმცა კარგი იქნება, თუ კოორდინირებულად იმოქმედებენ - ეს არჩევნების შემდეგაც კარგ შედეგს მოიტანს. თუ საერთო ჩრდილოვან კაბინეტსაც შექმნიან, ძალიან კარგი იქნება... მარგველაშვილს არა აქვს პრემიერმინისტრობის შესაბამისი პოლიტიკური კაპიტალი - საზოგადოებას აღმასრულებელ ხელისუფალთან ცოტა სხვა ტიპის მოთხოვნები აქვს: მარგველაშვილი კარგი იქნება საარჩევნო სიაში, საპარლამენტო ბატალიებში, მაგრამ არა პრემიერის პოსტზე... გიორგი ვაშაძის კანდიდატურა მიუღებელი აღმოჩნდა როგორც “ნაციონალებისთვის”, ასევე “ევროპული საქართველოსთვის”... ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში პრემიერის კანდიდატურას ყველაზე ძლიერი პარტია აყენებს, ჩვენ კი არაორდინარული ვითარება გვაქვს და შესაძლოა გადახრებიც იყოს, თუმცა ეჭვი მეპარება, პრემიერობის კანდიდატის პოსტი “ნაციონალებმა” სხვას დაუთმონ - თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, პრემიერი თავდაპირველად ვინმე გარდამავალი ფიგურა იქნება “ნაციონალური მოძრაობიდან”, ერთ წელიწადში კი მას ჩაანაცვლებს მიხეილ სააკაშვილი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ვინაიდან ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ გადანაწილდება ოპოზიციური სპექტრი, ვინ ვისთან შექმნის ბლოკს და რამდენი სუბიექტი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ძნელია ვივარაუდოთ, ვისთან ერთად შექმნის “ქართული ოცნება” კოალიციურ მთავრობას. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოოდ კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნან და კიდევ აქეთ დაგვამადლონ, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეიქმნეს დისკომფორტი. ეს არ არის ტრაგედია. საპარლამენტო მმართველობა სწორედ იმით არის კარგი, რომ განსხვავებული პოზიციის მქონე პოლიტიკური ძალები იძულებელი არიან ერთმანეთს დაელაპარაკონ. იქნებ ამან მაინც დაასრულოს 30-წლიანი დაპირისპირება და ფეიკნიუსების კასკადი... თუ ყველა დასავლური “შუაშისტური” ძალა კოორდინირებულად იმუშავებს, შეძლებს იმდენივე ხმის მიღებას, რამდენსაც “ქართული ოცნება” და “ნაციონალები”. ამომრჩეველთა ხმები სამ ნაწილად გაიყოფა: ერთი მესამედი “ოცნებას”, ერთი მესამედი “ნაციონალებს” და ერთი მესამედიც “შუაშისტურ” პროდასავლურ ძალებს. ასე რომ, `ლელო~ და თავისუფალი დეპუტატები კარგად უნდა დაფიქრდნენ...”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ასეთი კოალიციური მთავრობის ერთობლივი მუშაობა როგორ წარმოგიდგენიათ?” - პასუხობს:

“ჩვენ დღემდე ერთპიროვნული მმართველობის სავალალო შედეგებს ვიმკით. ერთ პირზე ჩამოკიდებული სახელისუფლებო ვერტიკალი დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებას ხელს უშლის. სწორედ კოალიციურმა მთავრობამ უნდა დაამსხვრიოს ეს მავნე სისტემა. ივანიშვილი იძულებული იქნება, კოალიციაში შემავალ პარტიებს ანგარიში გაუწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ან ახალი კოალიცია შეიქმნება, ან ხელახალი არჩევნები დაინიშნება... იტალიაში 1945-დან 1985 წლამდე ორმოცჯერ შეიცვალა მთავრობა. თითქმის ყოველ წელს არჩევნები იყო და გაპარტახებული იტალიიდან შეიქმნა ქვეყანა, რომელიც დღეს შვიდეულის წევრია. იგივე შეიძლება ითქვას ისრაელზეც. არჩევანი ჩვენზეა - ან ერთი კაცის ხუშტურებზე გავაგრძელებთ ცხოვრებას და მუდმივად პრობლემებში ვიქნებით, ან ხშირად შევცვლით მთავრობებს და განვვითარდებით”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა