საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებს ქიმიაში ახალ პროექტს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის მოსწავლეებს სექტემბრიდან ახალ პროექტს სთავაზობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროექტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტში მომზადდა, სადაც უკვე სამი წელია ფუნქციონირებს ვირტუალური ლაბორატორიის კაბინეტი და ელექტრონული სწავლების ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო ცენტრი ქიმიაში. აღნიშნული პროექტის მიზანია თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების ქიმიით დაინტერესება და ამ საგნის შესწავლის პროცესში მათი მოტივაციის გაზრდა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი აცხადებს, ქიმიის ცოდნა, გარკვეულ დონეზე, ყველასთვის საჭიროა, რადგან ქიმიის გამოყენება აქტიურად ხდება ყოფა-ცხოვრებაში.

„საჯარო სკოლაში ქიმიის შესწავლა სიმბოლოების, ფორმულების, ამოცანებისა და დებულებების ფონზე საკმაოდ რთულია. მოსწავლეთა დაინტერესებას და მათი მოტივაციის გაზრდას მასწავლებლის მხრიდან დიდი ძალისხმევა სჭირდება. მოტივაციის გასაზრდელად საჭიროა, მოსწავლე მკაფიოდ ხედავდეს კავშირს ქიმიის საგანსა და მის საყოფაცხოვრებო გამოყენებას შორის. შესაბამისად, სწავლის პროცესში მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია ამ კავშირების აღმოჩენა, რისი მიღწევაც ისეთი ლაბორატორიული ცდებითაა შესაძლებელი, რომლის შესრულებასაც სკოლის მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ“, - აღნიშნავს ლევან კლიმიაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მიიჩნევს, რომ ასევე მნიშვნელოვანია, სწავლების პროცესში გამოიკვეთონ ის ახალგაზრდები, რომლებიც იმდენად დაინტერესდებიან ქიმიის არსში წვდომით, რომ სამომავლოდ სურვილი გაუჩნდებათ ეს მეცნიერება პროფესიულ დონეზე შეისწავლონ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორი ჟუჟუნა პეტრიაშვილი აღნიშნავს, მასალა, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ვირტუალური ლაბორატორიის კაბინეტი და ელექტრონული სწავლების ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო ცენტრი ქიმიაში სტუდენტებს სთავაზობს, კომპლექსურია, შესასრულებელი სამუშაო კი - მრავალფეროვანი.

„დიდი ხანია ვმუშაობ სტუდენტებთან და პრაქტიკამ მიჩვენა, რომ ლაბორატორიაში, ადგილზე ჩატარებული სამუშაოები არ არის საკმარისი. უკეთესია თუ ვირტუალური მასალაც გვექნება, სადაც ახალგაზრდა დამოუკიდებლად, უსაფრთხოდ შეძლებს ჩაატაროს ექსპერიმენტი. საჭიროების შემთხვევაში, მას შესაძლებლობა ექნება ცდები გაიმეოროს, გათვლები გააკეთოს, სასურველი შედეგი მიიღოს და დამოუკიდებლად იმუშაოს თავის თავზე“, - აცხადებს ჟუჟუნა პეტრიაშვილი.

სტუ-ის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორის ინფორმაციით, ვირტუალურ მასალაში შედის, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკულ-ლაბორატორული ნაწილი და თვითშეფასების ტესტები. ამის საფუძველზე, ქიმიის შესწავლის მსურველს დამოუკიდებლად შეუძლია გაიმეოროს თეორიული მასალა, ჩაატაროს ექსპერიმენტი, გაანგარიშება, შეადგინოს გრაფიკები და ცხრილები, ბოლოს კი, თვითშეფასების ტესტებით დარწმუნდეს, რამდენად კარგად აითვისა მასალა.

„მხოლოდ საგნის სირთულეში არ არის საქმე. როდესაც საგნის შესწავლაზე მოსწავლე უარს ამბობს, მთავარია, მოვიძიოთ საშუალება, რითაც მათ ინტერესს გავუჩენთ. ლაბორატორიული სამუშაო, რომელსაც ჩვენ ახალგაზრდებს ვთავაზობთ, სწორედ ამის გარანტიაა. თუ სტუდენტი რეალური ექსპერიმენტის დროს ვერ შეძლებს სიღრმისეულად ჩასწვდეს ქიმიური პროცესის არსს, ვირტუალური ექსპერიმენტის დროს მოლეკულურ დონეზე ხედავს, თუ რა შესაძლებლობები აქვს ქიმიას და მას პრაქტიკასთან აკავშირებს“, - აცხადებს ჟუჟუნა პეტრიაშვილი.

არის თუ არა შესაძლებელი ეს მეთოდი, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის დაინერგა, ხელმისაწვდომი და საინტერესო აღმოჩნდეს თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუ-ის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორი განამარტავს, რომ პროექტის პრეზენტაცია არაერთხელ შედგა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, რამაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

„მოსწავლეებმა თავისი ხელით ჩაატარეს ცდები და უფრო მასშტაბური სამუშაოების ჩატარების სურვილიც გამოთქვეს. მიმდინარე წლის სექტემბრიდან, საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩვენი ცენტრის საიტზე ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების განთავსებას ვგეგმავთ. საქართველოში საჯარო სკოლების უმეტესობა აღჭურვილია კომპიუტერებით, ინტერნეტით და თავისუფლად შეიძლება მასწავლებელიც და მოსწავლეც ჩაერთოს და ისარგებლოს ამ მეთოდით. მოსწავლეს საშუალება ექნება დამოუკიდებლად ჩაატაროს ცდები. პანდემიის პერიოდში დიდი გამოცდილება მივიღეთ - სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და ჩვენმა ვირტუალურმა ლაბორატორიამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია. გარდა ამისა, ფეისბუქში გახსნილია ქიმიკოს მასწავლებელთა ჯგუფი, სადაც განთავსებულია მასწავლებლების და მოსწავლეების სამუშაოები. გვერდს თუ დაათვალიერებთ, დარწმუნდებით, რომ სტუდენტებსა და მოსწავლეებს შორის ქიმიით დაინტერესება საგრძნობლად გაზრდილია, შესაბამისად, ამ საგანში განათლების დონეც ბევრად მაღალია, ვიდრე ეს იყო 5 წლის წინ“, - აღნიშნავს ჟუჟუნა პეტრიაშვილი.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის ვირტუალური ლაბორატორიის კაბინეტი და ქიმიაში ელექტრონული სწავლების ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო ცენტრი განხორციელებულ სამუშაოებს ყოველწლიურად წარადგენს სამეცნიერო ფესტივალზე, რომელიც საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში იმართება. წარმოდგენილი ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოებით მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაინტერესება ყოველწლიურად მზარდია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა