ლევან ნატროშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, ისინი ბოლომდე ვერ პასუხობს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ექსპერტს, ლევან ნატროშვილს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. რადგან ამ პროცესში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია, ასე ვიკითხავ - მმართველმა გუნდმა რა ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსში?

- პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ მივესალმებით ამ ცვლილებების მიღებას იმიტომ, რომ საარჩევნო კოდექსში მართლაც ბევრი დადებითი ცვლილება შედის. კანონში ამ ცვლილებებით ბევრი რამ რეგულირდება. ეს კანონებია - კანონი „საარჩევნო კოდექსის“ შესახებ, ასევე კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, ასევე ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ კოდექსში. ამ კანონებში ცვლილებების მიღება გამოიწვია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებმა.

ძირითადი ცვლილებები შედის „საარჩევნო კოდექსში“ და კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, ჩემი აზრით, ისინი ბოლომდე ვერ პასუხობენ მათ შორის ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს

ამჯერადაც ვერ ხერხდება საარჩევნო კომისიების უფრო სამართლიანი წესით დაკომპლექტება. ასევე ის, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების პროცესი კვლავ პრობლემური იქნება.

- საარჩევნო კოდექსის არასრულყოფილების საკითხებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ რადგანაც ბრძანეთ, რომ ცვლილებების შედეგად ბევრი დადებითი რამ ხდება, ჯერ ამ თემებს შევეხოთ...

- დადებითი გახლავთ ის, რომ შეიცვლება პარტიების დაფინანსების ფორმულა. საუბარია სახელმწიფოს მხრიდან პარტიების დაფინანსების წესზე. უნდა ითქვას, რომ ეს წესი მარტივდება და იგი აშკარად უფრო სამართლიანი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ადვილად აღსაქმელი რომ იყოს, ასე ვიტყვი - პარტიები სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიღებული ხმების შესაბამისად მიიღებენ.

პარტიები თითოეულ მიღებულ ხმაზე მიიღებენ 15 ლარს. ასეთ მაგალითს მოვიყვან - თუ პარტიამ არჩევნებში მიიღო 70 ათასი ხმა, პირველი 50 ათასი ხმისთვის ეს პარტია თითო ხმისთვის 15 ლარს მიიღებს, ანუ 750 ათას ლარს. 50 ათასი ხმის ზემოთ რამდენიც ექნება მიღებული, ამ შემთხვევაში 20 ათასით მეტი, მაშინ იგივე პარტია კიდევ მიიღებს 100 ათას ლარს, ანუ თითო ხმაზე 5 ლარს. პარტიების დაფინანსების ამ მოდელს რეგრესული მოდელი ჰქვია და მისი მიზანია პარტიების ფინანსებს შორის სხვაობის შემცირება.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ცვლილებები შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის საკითხებს. სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს სამუშაო საათებში აეკრძალებათ პოლიტიკური აგიტაციის წარმოება. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ეს პრობლემა იყო. ამ თვალსაზრისით, ეს მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებები არჩევნებამდე 60 დღით ადრე ვერ დააფინანსებენ თავისი საქმიანობის შესახებ რეკლამებს. წარსულში ზოგიერთ არჩევნებზე ამგვარი პრობლემები აშკარად იყო.

ასევე, ზუსტდება გარკვეული რეგულაციები უკანონო შემოწირულებებთან დაკავშირებით. ეს ეხება ასევე ისეთ საკითხებს როგორიცაა, მაგალითად, ერთი პარტიის მიერ მეორე პარტიისთვის ტელევიზიაში საკუთარი სარეკლამო დროის დათმობა.

გარდა ამისა, შემოდის გენდერული კვოტები. 2020 წლიდან საპარლამენტო და ადგილობრივი დონის არჩევნებში პარტიულ სიებში ყოველი მეოთხე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ეს იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სისტემით არჩეული 120 დეპუტატიდან 30 დეპუტატი იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

2024 წლიდან, როცა მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავალთ, მაშინ პარტიულ სიებში განსხვავებული სქესის წარმომადგენლობა გაიზრდება, ვინაიდან არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია ვალდებული იქნება ყოველ სამ კანდიდატში ერთი ქალი და განსხვავებული სქესის წარმომადგენელი ჰყავდეს.

- თუ ცვლილებების დადებით ასპექტებზე საუბარი ამოწურეთ, ახლა დროა ამავე ცვლილებების უარყოფით დეტალებზეც ისაუბროთ...

- ერთ-ერთი ასეთი გახლავთ არჩევნებში მედიარეგულაციასთან დაკავშირებული თემები. ეს თემა რამდენიმე საკითხს მოიცავს. ჩვენ ძალიან ვეცადეთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მუშაობისას ამ პროცესში ჩართული ყოფილიყვნენ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, მაგრამ ეს არ მოხერხდა. ახლა მათი აზრი იმ ცვლილებებზე რაც განხორციელდება, არ ვიცით. არადა, რამდენიმე რეგულაცია სწორედ მედიას ეხება.

- თუ შეიძლება დააზუსტეთ რაზეა საუბარი?

- მაგალითად, ფასიანი რეკლამის ტარიფების ცვლილება საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ანუ საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ 60 დღის განმავლობაში მედიაორგანიზაციამ შეიძლება მხოლოდ ერთხელ შეცვალოს. რაც, ჩემი აზრით, პრობლემაა.

გარდა ამისა, შემოდის რეგულაცია თუ როგორი უნდა იყოს რეკლამა. საარჩევნო სუბიექტმა ბოლო 1 წამი აუცილებლად უნდა დაუთმოს პარტიის საარჩევნო ნომრის გამოსახვას და ასე შემდეგ.

ამ ცვლილებების შესრულება მნიშვნელოვანია, მაგრამ მედიას დასჭირდება გარკვეული რესურსი, რომ გადაამოწმოს თუ რამდენად შეესაბამება პარტიის მიერ მათთან მიტანილი რეკლამა კანონს.

თუ რეკლამა კანონს არ შეესაბამება, შეიძლება მედიაორგანიზაცია ამისთვის დაჯარიმდეს. სანქციები იწყება 1500 ლარიდან. ზოგიერთი ჯარიმის ოდენობა იზრდება. მედიას სანქციები შეიძლება იმ შემთხვევაშიც დაუწესდეს, თუ იგი საარჩევნო სუბიექტს იმაზე მეტ დროს დაუთმობს, ვიდრე მას ეკუთვნის.

ასევე საინტერესოა ცვლილებები, რაც ეხება საზოგადოებრივი აზრის სოციოლოგიურ კვლევებს. უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით საკმაოდ მკაცრია რეგულაციები სოციოლოგიური კვლევის დამკვეთების, მათ შორის იმათ მიმართ, თუ დამკვეთი მედიაორგანიზაციაა.

კვლევის სანდოობისთვის მარეგულირებელ კომისიას შეუძლია გამოითხოვოს მედიის დაკვეთით მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა და გადაამოწმოს თუ რამდენად სანდოა იგი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარეგულირებელ კომისიას შესაძლოა ისეთ მასალებზე მიუწვდებოდეს ხელი, რომელიც შესაძლოა იყოს კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციის კომერციული საიდუმლოება. გარდა ამისა, მარეგულირებელი კომისიის მიერ კვლევის შედეგების სანდოობის შესწავლისას კვლევის ჩამტარებელი იძულებული იქნება დაასახელოს ის ადამიანები, ვინც გამოკითხა. ასეთ ვითარებაში, რესპონდენტებს შეიძლება არ მოუნდეთ კვლევის კითხვებზე გულწრფელი პასუხების დაფიქსირება.

- საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ არც ამჯერად გახდა შესაძლებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება.

30 წელია ვერა და ვერ ხერხდება საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალებით დაკომპლექტება. როგორც ჩანს, ახლაც ასეთი რეალობაა?

- დიახ, ახლაც ასეა. პოლიტიკური პარტიები არ არიან თანახმა საარჩევნო ადმინისტრაცია პროფესიული კადრებით დაკომპლექტდეს. ჩვენც ვფიქრობთ, რომ ჯერჯერობით საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიული ნიშნით შერჩეული ადამიანების პროფესიული ნიშნით კადრებით სრული ჩანაცვლება და დანიშვნა ნაადრევია.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ საარჩევნო კომისიებში პროფესიული ნიშნით კადრების შერჩევას ის ზემდგომი საარჩევნო კომისიები განახორციელებენ, რომლებზეც მმართველი პარტიის გავლენა დიდია. ასეთ ვითარებაში საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ საარჩევნო კომისიები ძირითადად მმართველი ძალის მხარდამჭერებით დაკომპლექტდეს.

არ შესრულდა ჩვენი რეკომენდაციის მეორე კომპონენტი - ყველა საარჩევნო კომისიაში არის 12-12 წევრი, ამ 12-დან 6-ს ნიშნავენ პოლიტიკური პარტიები და მეორე 6-ს ირჩევენ კონკურსის წესით პროფესიული ნიშნით.

აქ არის ორი პრობლემა - პოლიტიკური კომპონენტის პრობლემაა ის, რომ არ ყოფილიყო რომელიმე პარტიის დომინაცია. პარტიების მიერ დანიშნული 6 წევრიდან 3 წევრს ნიშნავს „ქართული ოცნება“, თითო-თითო წევრს ნიშნავენ „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“. ამ მხრივ აშკარა უპირატესობა აქვს მმართველ პარტიას.

გვინდოდა ეს გასწორებულიყო ისე, რომ თითო პარტიას თითო წევრი დაენიშნა. რაც შეეხება პროფესიული ნიშნით შერჩეულ კადრებს, მათი შერჩევა ყოფილიყო უფრო დახვეწილი. შერჩეულ ადამიანებს მხოლოდ „სივებით“ ირჩევენ და, როგორც წესი, ისინი პარტიული აქტივისტები არიან და გამოდის, რომ ისინიც პარტიული ნიშნით არიან შერჩეული.

ჩვენ გვინდოდა, დახვეწილიყო საარჩევნო კომისიებში პროფესიული კადრების შერჩევის წესი, შერჩევამდე მათთან ჩატარებულიყო ინტერვიუები, რომ შემდგომ გამოგვერიცხა მათზე პოლიტიკური პარტიების გავლენა. სამწუხაროდ, ეს პრობლემები ისევ პრობლემებად რჩება.

- მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილების მიღებისას მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.

თქვენი აზრით, ამ ცვლილებებზე მუშაობისას მმართველმა ძალამ ეუთო/ოდირის რომელი რეკომენდაციები არ გაითვალისწინა?

- მმართველმა პარტიამ არ გათვალისწინებული ეუთო/ოდირის რეკომენდაცია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ თვალსაზრისით არსებითად ბევრი არაფერი შეცვლილა.

მან, ასევე, არ გაითვალისწინა სიძულვილის ენასთან დაკავშირებული ეუთო/ოდირის რეკომენდაცია. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ კარგი ქნა, რომ ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, რადგან ჩვენთვის არ იყო მისაღები სიტყვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ყველაზე ლიბერალური - ამერიკული სტანდარტია დამკვიდრებული.

დანარჩენი რეკომენდაციები შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი იქნა გათვალიწინებული, ზოგიერთი სანახევროდ. ჩვენ რეკომენდაციებს მნიშვნელობის მიხედვითაც უნდა შევხედოთ.

შეიძლება ითქვას, მთლიანობაში ეუთო/ოდირის რეკომენდაციებიდან ბევრი იქნა გათვალისწინებული. რაც მნიშვნელოვანი იყო და რაც არ იყო გათვალისწინებული, იმაზე უკვე ვისაუბრე - ვგულისხმობ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის შესახებ რეკომენდაციას.

- ამ თემაზე კიდევ ხომ არ დაგრჩათ სათქმელი?

- ერთია, თუ რა წერია კანონში და მეორეა მისი პრაქტიკაში განხორციელება. ახლა მნიშვნელოვანია ბევრი ის საკითხი, რომელთა ცვლილებებიც ახლა ხდება საარჩევნო კოდექსში, როგორ განხორციელდება რეალურ ცხოვრებაში.

მაგალითად, პრობლემურ საკითხად რჩება ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული თემები. ეს საკითხი კანონში კარგად კი გვაქვს გაწერილი, მაგრამ პრაქტიკაშია პრობლემები. თავის დროზე პროკურატურას საერთოდ არ დაუწყია 600 ათასი ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის საქმის გამოძიება.

კანონში გაწერილია, რომ არ შეიძლება საჯარო მოხელეებზე არჩევნებისას ზეწოლის განხორციელება პოლიტიკური ნიშნით. ასევე მათი ჩართვა საარჩევნო კამპანიაში, მათი ნების საწინააღმდეგოდ. არადა, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა არჩევნებზე ეს საკითხები პრობლემატურია.

- სხვათა შორის, ამ თემებზე პარლამენტში მსჯელობისას კოორდინატორებზე კამათი გამახსენდა. კოორდინატორებთან დაკავშირებით საბოლოოდ რა წერია ცვლილებაშეტანილ საარჩევნო კანონმდებლობაში?

- ეს ისეთი თემაა, რომელსაც ხშირად აღნიშნავენ უცხოელი და ადგილობრივი დამკვირვებლები. პარტიებიც პრობლემას ხედავენ იმაში, რომ საარჩევნო უბნებთან ახლოს მდგომი ხალხი გავლენას ახდენენ ამომრჩეველზე.

მართლაც უსიამოვნოა, რომ გარკვეული ძალები გავლენას ახდენენ ამომრჩევლებზე. თუმცა, მისი გადაწყვეტა რთულია.

საარჩევნო უბნებიდან 25-მეტრიან რადიუსში რომ აკრძალული იქნება ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება, რაზეც ცვლილებებშია საუბარი, ამ პრობლემის გადასაჭრელად ვერ გამოდგება. ფაქტია, რომ კანონში ეს ჩანაწერი მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება.

- ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებისაგან მოითხოვდნენ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან არ იყვნენ კრიმინალური ელემენტები. არ ვიცი ეს კანონში როგორ უნდა ასახულიყო, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე წესრიგის დაცვა პოლიციას ისედაც ევალება...

- ცხადია, კანონში ვერც ე.წ. „ძველი ბიჭებზე“ და ვერც კრიმინალურ ელემენტებზეც ჩანაწერი ვერ მოხვდებოდა. გარდა ამისა, პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში არჩევნების დღეს დაახლოებით 3 700 უბანია და წარმოუდგენელია პოლიციამ ყველა მათგანზე ამის გაკონტროლება შეძლოს.

ამას ისიც გაართულებს, რომ კანონი ვერ აუკრძალავს მოქალაქეებს საარჩევნო უბნებთან ანდა შორიახლოს დგომას.

რადგან საუბარს ვასრულებთ გავიმეორებ - საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით ჩვენი კანონმდებლობა მთლიანობაში დადებითისკენ შეიცვლება, მაგრამ ასევე გავიმეორებ იმას, რომ რა ცვლილებებიც არ უნდა განხორციელდეს საარჩევნო კანონმდებლობაში, ჩვენში კვლავ პრობლემური იქნება მათი აღსრულება, რადგან ამ კანონების აღმასრულებელი ორგანოები, როგორც წესი, პოლიტიზებული არიან და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე არ რეაგირებენ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო