პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით (94 მომხრე, ერთი წინააღმდეგი ) დაამტკიცა. პროექტი საარჩევნო კამპანიასთან და არჩევნების ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს.

ცვლილებების თანახმად, კენჭისყრის დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება, საარჩევნო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსშიც აკრძალული ხდება. აკრძალული ხდება კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხებაც. ეს აკრძალვა არ შეეხება ეგზიტპოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას.

რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციისთვის გატარებულ ცვლილებებს, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა ეკრძალებათ. პროექტის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ საჯარო სკოლების პედაგოგებს, სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას, ასევე სსიპ-ებისა და სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლებს. ამასთან, საარჩევნო კოდექსს ემატება ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე 2 თვით ადრე სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შეუზღუდავს განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლების განთავსებას.

ცვლილებების პროექტის თანახმად, არჩევნების მეორე ტური გაიმართება არჩევნებიდან მე-3 შაბათს და მას განკარგულებით ნიშნავს ცესკო. თუ მეორე ტურში მონაწილე ერთ-ერთმა საარჩევნო სუბიექტმა დაკარგა პასიური საარჩევნო უფლება, ასეთ შემთხვევაში მეორე ტური არ გაიმართება და ცესკოს მიერ გამარჯვებულად ცხადდება მეორე საარჩევნო სუბიექტი.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მედია-კამპანიისა და პოლიტიკური სუბიექტებისთვის დათმობილი საეთერო დროის მიმართულებით მთელ რიგ ცვლილებებს. პროექტის თანახმად, ტელე-ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს.

მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილ საფასურზე მეტი დროის დათმობა შესაბამისი (რეკლამის დამკვეთი) სუბიექტისათვის, ან უფასო რეკლამის განთავსებისას საარჩევნო სუბიექტისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ დროზე მეტის დათმობა, ჩაითვლება უკანონო შემოწირულობად. აკრძალულ შემოწირულობად იქნება მიჩნეული დაუსაბუთებელი შემოსავლით გაკეთებული შემოწირულობაც.

წარმოდგენილი ცვლილებებით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები ვეღარ შეძლებენ, მედიაში ერთმანეთზე პოზიტიური საარჩევნო რეკლამის განთავსებას. უფრო კონკრეტულად, დაუშვებელი იქნება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მედია საშუალებას საარჩევნო უბანში ნაცვლად 3 - ისა, 2 წარმომადგენლის ყოლის უფლება ექნება.

ტელე და რადიო მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი აზრის გმოკითხვის შედეგების კანონით დადგენილ ვადაზე ადრე გამოქვეყნებაზე ჯარიმა იზრდება. კერძოდ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა გამოიწვევს მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარით. სხვა მედიიის საშუალებებისთვის ჯარიმის ოდენობა კვლავ 1 500 ლარი იქნება.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციური პარტიების გარდა, დებატებში მიიწვიოს არჩევნებში მონაწილე არაკვალიფიციური სუბიექტებიც.

კანონში აღარ იქნება ასახული ნორმა, რომლის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ენიჭება ფართო დისკრეციული უფლებამოსილება მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის კუთხით. შესაბამისად, პროექტში აღარც სანქციაა გათვალისწინებული.

ცვლილებების თანახმად, ზუსტდება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურები. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიებში არაპარტიული ნიშნით წევრთა არჩევა მოხდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის არაპარტიული ნიშნით არჩეულ წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით. ამასთან, საუბნო კომისიებთან მიმართებით ფართოვდება ჩანაწერი ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვაზე. უფრო კონკრეტულად, თუკი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრია, მას არჩევის პროცედურაში მონაწილეობის უფლება ეკრძალება. კანონპროექტის თანახმად, ოჯახის წევრად მიჩნეულია: მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი. ასევე, დაუშვებელი ხდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული იყო პოლიტიკური პარტიის მიერ.

ცვლილებები ეხება გენდერული კვოტირების საკითხებსაც. კერძოდ, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ხოლო 2028 წლიდან 2032 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტია ვალდებული იქნება, ცესკოსთვის წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც იყოს განსხვავებული სქესის.

აღსანიშნავია, რომ პარტია, რომელიც 2028 წლამდე ჩატარებული პარლამენტის არჩევნების საფუძველზე იღებს დაფინანსებას, მიიღებს ასევე დანამატს მისაღები დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ მის მიერ პარლამენტის ბოლო არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში, ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც განსხვავებული სქესისაა. დანამატი პარტიის ქალთა ორგანიზაციის საქმიანობისთვის უნდა იყოს გამოყენებული.

ცვლილებების თანახმად, ბლოკში შემავალი პარტიების სახელმწიფო დაფინანსების განაწილების წესი ბლოკის წესდებით შეიძლება განისაზღვროს.

საარჩევნო კოდექსის პროექტით გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა მონაწილეობის დროებითი წესის განსაზღვრა. აღნიშნულის თანახმად, საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მოხდება შშმ პირთათვის უბნების ადაპტირება - თითოეულ ოლქში არანაკლებ 4-4 უბანი ეტლით მოსარგებლეთათვის.

ზემოაღნიშნული ცვლილებების გარდა, საარჩევნო კოდექსი შესაბამისობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. კერძოდ, კოდექსში მოხდება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ასახვა, რაც გულისხმობს: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარებას; ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმს; გაუნაწილებელი მანდატების განაწილებას უდიდესი ნაშთს მქონე პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ნიუ ჰაუსი“ მომხმარებელს 27-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს - იცხოვრე კომფორტულ გარემოში