ადვოკატის განცხადებით, ვახო ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია და ორივე ნაწილში ის ამბობს, რომ მას საცემად მისდევდნენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაზარალებული ვახო ახვლედიანის ადვოკატის, მზია ქასრაშვილის განცხადებით, ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია და ორივე ნაწილში ის ამბობს, რომ მას საცემად მისდევდნენ.

მისი თქმით, ახვლედიანს, ისევე როგორც შაქარაშვილს, ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღიათ და ისინი კონფლიქტში მონაწილე პირების გაშველებას ცდილობდნენ.

„ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია. მეორე ჩვენება ეს არის გაგრძელება მისი, პირველი ჩვენება არის თხრობა, მეორე ჩვენება არის კითხვა-პასუხი, ანუ ეს არის ჩვენების დაზუსტება და არა ჩვენების შეცვლა. ყველა ჩვენებაში ამბობს, რომ მას მისდევდნენ საცემად. კითხვა აქვს გამომძიებელს დასმული, თქვენ მიმართ თუ იყო ფიზიკური ზიანის მიყენების ან რაიმე უბედურების მომტანი, ან ცემა, წამება, განადგურების მუქარა, ასეთი მუქარა არ ყოფილა, მაგრამ მათი მოქმედებით ყველაფერი აიხსნებოდა, ანუ ისინი მოგვდევდნენ საცემადო. პირველ ჩვენებაშიც ამას ამბობს, მეორეშიც და ყოველთვის ამას გაიმეორებს - ისინი მოგვდევნდნე საცემად. მეორე ჩვენებაშიც არის სიტყვა საცემად.

პირველი ინდიციდენტის დროს, როდესაც ჩხუბი მოხდა ახალგაზრდებს შორის, ამ დროს ახვლედიანი პირველ წამებში იყოო იქ, არ არის ეს სწორი ინფორმაცია, პირველ წამებში ის იქ არ იყო. შემდეგ გამოჩნდა ახვლედიანი, როდესაც ყველაფერი დაწყნარდა და ის აწყნარებს და აშოშმინებს ხალხს. ასე ამბობს - დასაშოშმინებლად მივედი როგორც მე, ასევე შაქარაშვილიც გამოვიდა და ისინიც აწყნარებდნენ ხალხს. ამისთვის წავედითო იქ, თორემ ჩხუბისთვის არ მისულა”, - განაცხადა ადვოკატმა.

ჟურნალისტის კითხვას, რატომ ჰქონდა ახვლედიანს პერანგი სისხლიანი და რატომ არ დევს ეს პერანგი საქმეში, ადვოკატი პასუხობს, რომ ახვლედიანმა დაზიანება გაშველების დროს მიიღო, სახლში მისვლის შემდეგ კი, იმის გამო, რომ მშობლებს არ შეშინებოდათ, სისხლიანი პერანგი ნაგავში გადააგდო.

„საქმეში არ დევს სისხლიანი პერანგი. კი ბატონო, როდესაც მოვიდა სახლში, სანაგვეში ჩააგდო პერანგი იმიტომ, რომ ეს პერანგი იყო დახეული, დასისხლიანებული... რატომ იყო სისხლიანი და როდესაც ვაშოშმინებდიო, იქ ბევრი ხალხი იყო და ხელი არის გასმული, თვითონაც არ იცოდა და კარგად ჩანს ფირში, რომ ხედავს, თვითონაც ამბობს, ეს რა არისო. ეტყობა ჩხუბში მოხვდა ხელი, გაშველების დროს შეიძლება მოხვდა ხელი. ჩხუბში მონაწილეობა მას არ მიუღია. როდესაც ის ჩადის ხიდზე, უხვევს და ჩადის ბუჩქებში, 4 მეტრით ციცაბოზე ჩადის, იქ არის ეკალ-ბარდები, ვეჭიდებოდი ბალახებსო, ვეჭიდებოდი ეკლებსო, ასე ჩავდიოდიო და იქ გაეხა და გაჭუჭყიანდა პერანგი, თვითონაც ეკალ-ბარდებით არის დაჩხაპნილი და იმ დროს გაეხა პერანგი. სახლში რომ არ შეშინებოდათ, გავიხადე ეს გახეული პერანგი და ჩავაგდე ნაგვის ყუთშიო”, - აცხადებს ადვოკატი.

ჟურნალისტის კითხვას, სრულწლოვანმა ადამიანმა რატომ ვერ გაიაზრა, რომ ის შესაძლოა, ნივთმტკიცებას ანადგურებდა, ადვოკატი პასუხობს: „თქვენ როგორ გგონიათ, იმ მდგომარეობში მყოფი ადამიანი - განადგურებული, შეშინებული, დასტრესილი, დღესაც არ არის სტრესიდან გამოსული, ის ამას ფიქრობდა?“

„ის ფიქრობდა იმას მხოლოდ, რომ მშობლებს შეეშინებოდა და ამიტომ გადააგდო, იმიტომ არ გადაუგდია, რომ ის ნივთმტკიცება არ ყოფილიყო”, - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება საკითხს, რატომ დაურეკა მეგობარს და არა პოლიციას, ადვოკატი ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ პოლიციაში დარეკვას ვერავის აიძულებ.

„ვერ მოიფიქრა პოლიციაში დარეკვა. ვაიძულოთ ადამიანს, რომ პოლიციაში დარეკოს? ეს ნებისმიერი ადამიანის ვალია, მე მაგალითად დავრეკავდი, თქვენ დარეკავდით, მაგრამ ყველა ვერ დარეკავდა... პირველი ინციდენტის დროს მას არავისთან დაურეკავს, მეორე ინციდენტის დროს ის თავის მეგობრებს ურეკავს - მიშველეთ, აქ ვარ, ვიმალები და წამიყვანეთო. გამოძიებასთან თანამშრომლობს და არ ვიცი, იგეგმება თუ არა ხელახლა დაკითხვა. თუ გამოგვიძახებენ, აუცილებლად მივალთ.

გზატკეცილის ტერიტორია დაახლოებით ღამის ორი საათისთვის დატოვა, დასტრესილ ადამიანს ვერ მოვთხოვთ წუთებზე და წამებზე საუბარს, მაშინ ადამიანი ვერ გრძნობს დროს. სახლში 3-ის ნახევრისკენ მივიდა. ლუკა ბეჟანიშვილმა გააგზავნა მასთან ტაქსი სამეზობლოდან, ტაქსი ჩავიდა და წამოიყვანა. მან ლუკას უთხრა, რომ 3 სიგნალი მომცეს ტაქსმა, რომ მივხვდე - ის არისო. შიში ჰქონდა, იქნებ ისინი იყვნენო, რომ გამოსულიყო და ისინი ყოფილიყვნენ, იგივე ცემა მოხდებოდა, შეიძლება იგივე მკვლელობა მომხდარიყო, ღმერთმა დაიფაროს და ესეც უნდა მომკვდარიყო? ან კიდევ უნდა მომკვდარიყო ვინმე? არ გვყოფნის ის, რაც მოხდა?“ - აღნიშნავს ადვოკატი.

რაც შეეხება თავდამსხმელების ამოცნობას, მისი თქმით, „ახვლედიანს სილუეტების ამოცნობა შეუძლია, მაგრამ დეტალური ამოცნობა - ვერ, ვინაიდან სიბნელე იყო“.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ნიუ ჰაუსი“ მომხმარებელს 27-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს - იცხოვრე კომფორტულ გარემოში