ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2020

ვახტანგ ძაბირაძე - “ვარსკვლავბიჭუნას” მოლოდინში, ანუ მანკიერი წრე ქართულ პოლიტიკაში

“პანდემიური ომები” დაიწყო - საიდან ელის საფრთხე საქართველოს

მამუკა ხაზარაძე - “ხელისუფლებას ყველა სერიოზული ბიზნესის ჩაჯიბვა სურს”

“ვაქცინის მაქსიმუმი 70%-იანი თავდაცვაა, ისიც თუ იქნა” - კორონავირუსი მსოფლიოს ამარცხებს

თეონა აქუბარდია - “ჩვენ უკვე ვართ ომში”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “ვარსკვლავბიჭუნას” მოლოდინში, ანუ მანკიერი წრე ქართულ პოლიტიკაში

“ხელისუფლების რეიტინგის შენარჩუნების ორ მიზეზს გამოვყოფდი: ხელისუფლების წარმატება პანდემიასთან ბრძოლაში და ოპოზიციის სისუსტე, ვითარებაში მისი სრული გაურკვევლობა და შეცდომები. ოპოზიცია ცდილობდა საზოგადოებაში დაენერგა აზრი, რომ ხელისუფლებას მხოლოდ რომელიმე პრობლემასთან გამკლავება კი არ უჭირდა, არამედ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. უეცრად კი პანდემიისას აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი გვაქვს და ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება თითქმის ნულის ტოლია. ოპოზიციის დამოკიდებულება კი ისევ ძველებური იყო _ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, საშინელი ტესტები ჩამოაქვს, სტატისტიკას აყალბებსო და ა.შ. არადა, რაც ხდებოდა, ყველა ხედავდა, მათ შორის იმ ტელეარხებიდან, რომლებიც ოპოზიციასთან ასოცირდებიან. შესაბამისად, საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვინ ტყუოდა, რამაც ოპოზიციის საწინააღმდეგოდ და ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავა”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვარსკვლავბიჭუნას” მოლოდინში, ანუ მანკიერი წრე ქართულ პოლიტიკაში.

“კიდევ ერთი ფაქტორი, რითაც ასევე ხელისუფლებამ იხეირა, ე.წ. 8 მარტის შეთანხმება და მას მერე განვითარებული პროცესებია. აუცილებელი იყო მიეღოთ მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრაში, ამის სანაცვლოდ მთლიანად გადაულოცეს ინიციატივა “ქართულ ოცნებას”... ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში უდიდესი როლი შეასრულა დასავლეთის ზეწოლამ და საქართველოში აკრედიტებული ელჩების თავდაუზოგავმა შრომამ - ისინიც მოუწოდებდნენ შეთანხმების ყველა მხარეს, მიეღოთ ცვლილებების მიღებაში მონაწილეობა. ოპოზიციამ არც მათ მოუსმინა და საბოლოოდ ხელისუფლებას გადააჭარბა იმითაც, რომ ლამის ლინჩის წესით გაასამართლეს გერმანიის ელჩი. რითი იყვნენ უკეთესები ამ დროს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ამტკიცებენ ხოლმე, ჩვენი დასავლელი კრიტიკოსები “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტები არიანო? ესაა ოპოზიციის ორი უმნიშვნელოვანესი შეცდომა და აღარ ჩამოვთვლი პატარ-პატარა და ლამის ყოველდღიურ მცდარ ნაბიჯებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ველოდი, რომ როცა საგანგებო მდგომარეობა დასრულდებოდა და შეზღუდვებიც მოიხსნებოდა, ხელისუფლების რეიტინგი დაეცემოდა. ჩემდა გასაკვირად, ხელისუფლებამ შეინარჩუნა რეიტინგი და ეს უპირველესად ოპოზიციის ხარჯზე მოახერხა. ოპოზიციონერი ლიდერები გაუთავებლად ლაპარაკობენ კატასტროფულ სოციალურ მდგომარეობაზე. კი ბატონო, ამას გრძნობს მოსახლეობაც, მაგრამ იმასაც ხედავს, რომ მსგავსი და უარესი ვითარებაა ყველგან. ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობაა წამყვან ქვეყნებშიც კი, მაგრამ ამას ემატება მძიმე პანდემიური ფონიც. ოპოზიციისგან განსხვავებით, საზოგადოება ამ შედარებით უპირატესობას ობიექტურად აფასებს. გარდა ამისა, რა ფინანსური რესურსების მოძიებაც შეეძლო, ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოიძია და უცნაურიც კი არის, რომ ძალიან მომჭირნედ ხარჯავს. არადა, წინასაარჩევნო ვითარების გათვალისწინებით, სხვა ხელისუფლებებს შესაძლოა სხვანაირად ემოქმედათ. რა თქმა უნდა, ეს დახმარებები, რაც გაიცა და კიდევ გაიცემა, ცოტაა. ამას ხელისუფლებაც აღიარებს, რესურსების მომჭირნედ ხარჯვას კი იმით ხსნის, რომ მოსალოდნელია მეორე ტალღა, რა დროსაც რა იქნება, არავინ იცის”, - განაგრძობს ექსპერტი.

“რაღა დაგიმალოთ და, მე გაცილებით უფრო რთულ ეკონომიკურ ვითარებას ველოდი. ეს იმ დროს, როდესაც ტურიზმი, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებს. მოკლედ, თუ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, მოახერხებს არჩევნებამდე რეიტინგის არა მარტო შენარჩუნებას, არამედ გაზრდასაც. ოპოზიციის ფლანგზე სრული გაურკვევლობაა. ისიც კი არ იცის მისმა ამომრჩეველმა, როგორ მოუწევს ხმის მიცემა - მოახერხებენ გაერთიანებას, თუ ისევ ყველა ცალ-ცალკე წავა არჩევნებზე. დროა, კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ. ისეთ საკითხებზე მაინც შეთანხმდნენ დროულად, რისი ცოდნაც სჭირდება მათივე ამომრჩეველს, ბოლოს და ბოლოს, პარტიულმა აქტივმა ხომ უნდა გაიგოს, ვინ რას აპირებს, თორემ როგორ იმუშავებენ ამომრჩეველთან? სუსტი ოპოზიცია უპირველესად ქვეყნისთვისაა ცუდი, რადგან ახლა როგორც ჰაერი, ისე გვჭირდება კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება. ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, “ოცნება” ისევ ერთპიროვნულად აიღებს ხელში ძალაუფლებას, რაც ძალიან სახიფათო იქნება. ოპოზიციამ იქნებ ის მაინც მოახერხოს, რომ ვერც ერთმა ძალამ ვერ შეძლოს დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირება”, - თვლის რესპონდენტი.

“საზოგადოებამ ვერ გამონახა ძალა და რესურსი იმისა, რომ მის წიაღში ახალი და საინტერესო ძალა დაბადებულიყო. როგორც ჩანს, გვაკლია დემოკრატიულ ვითარებაში ფუნქციონირების გამოცდილებაც. ამასთან, პრობლემაა ისიც, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ერთი და იგივე ფიგურები ტრიალებენ და არ აძლევენ სხვებს შემოსვლის საშუალებას. ასევე იქცევიან პოლიტიკური ძალებიც. ისედაც მწირია პოლიტიკური რესურსები და მისი გადანაწილება ახალ მოთამაშეებზე არ სურთ. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ, რომ ახალი ინიციატივა ჩანასახშივე ჩაკლან. ვფიქრობ, საჭიროა ისევ და ისევ საარჩევნო სისტემის რეფორმირება ისე, რომ ამან ქვეყანაში არა მარტო პარტიული, არამედ შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყოს ხელი. ძალა, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლისა და გრანტების მიღებისთვის კი არ იბრძოლებს, არამედ პრობლემების მოგვარებაზეც იქნება ორიენტირებული, ქვეყანაში არ არსებობს. ველოდებით ახალ “ვარსკვლავბიჭუნას”... თუ გამოჩნდება ქარიზმატული ლიდერი, უცებ შეიქმნება მის ირგვლივ ბლოკი თუ გაერთიანება, რომელიც ჩაანაცვლებს “ქართულ ოცნებას”, თუმცა მერე იგივე განმეორდება. მოკლედ, თუ ქვეყანაში ინსტიტუციური დემოკრატია არ ჩამოყალიბდა, მუდმივად ერთ წრეზე ვიტრიალებთ”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“თუ ივანიშვილი დაინახავს, რომ “ოცნებას” სერიოზული პრობლემები გაუჩნდა, ვფიქრობ, გააქტიურდება. ჯერჯერობით მისი ჩართვის აუცილებლობა არ ჩანს. მეორე მხრივ, ეფექტიან ლიდერად ჩამოყალიბდა გიორგი გახარია, მაგრამ მისი ლიდერობა მაინც ივანიშვილზეა დამოკიდებული. მეტიც, “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილია. როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და კვირიკაშვილი გაუშვა, დაახლოებით ასეთი რამ თქვა, რომ არ დავბრუნებულიყავი, კვირიკაშვილი პარტიას მართმევდაო. ეს ციტირება არ არის, მაგრამ შინაარსი ასეთი იყო - ანუ კვირიკაშვილმა აქ თავისი გუნდის ჩამოყალიბება დაიწყო, იქ აშშ-თან საქმეების დაწყობა, რაც ივანიშვილს ძალიან არ მოეწონა. გახარიას კი ამ ყველაფრისთვის არც საშუალება და არც დრო არ ჰქონია, მინისტრებიდანაც არავინ არის მისი შერჩეული. როგორც ამბობენ, საარჩევნო სიის შედგენაშიც დიდად არ მონაწილეობს და სწორედ ივანიშვილი აკომპლექტებს. მოკლედ, გახარიას დამოუკიდებელი თამაშის წამოსაწყებად თავისი გუნდი არა ჰყავს, არა აქვს საკმარისი რესურსი საიმისოდ, რომ ივანიშვილი ჩაანაცვლოს ან თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს. მოკლედ, მე ვერ დავეთანხმები იმ ექსპერტებს, რომლებიც ამბობენ, რომ გახარიას ლიდერობაში ივანიშვილი საფრთხეს ხედავს. ჯერჯერობით ეს გახარიასგან არ ემუქრება”, - განმარტავს ექსპერტი.

“1988 წელს, როდესაც ყარაბაღის კონფლიქტი დაიწყო, თბილისში ჩამოვიდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები - იქაური ეროვნული მოძრაობების წარმომადგენლები და თითოეული გვიმტკიცებდა საკუთარ სიმართლეს. მაშინ მთელი ჩვენი ეროვნული მოძრაობის სახელით ვრცელი წერილი დაიწერა და ყველამ ერთად ვთქვით, რომ საქართველო ამგვარ კონფლიქტებში ვერ ჩაერეოდა და ორივე მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდეთ. ჩვენმა წერილმა, სამწუხაროდ, ეს კონფლიქტი ვერ შეაჩერა და იმჟამადაც გაჩნდა კონფლიქტის საქართველოში გავრცელების საფრთხე - იყო ინციდენტებიც, თუმცა მცირე მასშტაბით. წლების მერე პროცესების გაანალიზების შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ იმჟამად საბჭოთა კაგებემ ჩათვალა, რომ თუ კონფლიქტი აქაც გადმოვიდოდა, რუსეთს მისი გაკონტროლება გაუჭირდებოდა და ამიტომაც შეაჩერეს საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონა... ვერ გამოვრიცხავთ, რომ ახლა რუსეთი უკვე რეგიონული კონფლიქტის გაჩაღებას მთელ კავკასიაში ცდილობდეს. როდესაც კონფლიქტი ყარაბაღს გასცდა და მაინცდამაინც საქართველოს საზღვარსა და იმ ენერგოხაზთან ახლოს დაიწყო, რომელიც აზერბაიჯან-საქართველოზე გადის და დასავლეთით მიემართება, ეჭვი უფრო გამიმძაფრდა. ვითარება ძალიან საყურადღებო და სახიფათოა. ჯერჯერობით თითქოს მიწყნარდა, მაგრამ თუ კრემლი შეეცდება კვლავაც გამწვავდეს ვითარება ამ ორ ქვეყანას შორის, ვფიქრობ, აუცილებლად შეეცდება იმასაც, რომ მეხუთე კოლონის საშუალებით საქართველოშიც გადმოიტანოს. გონიერება მართებთ უპირველესად სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს, რათა კრემლის დაგებულ მახეში არ გაებან”, - ამბობს რესპონდენტი.

“რა თქმა უნდა, კონფლიქტისადმი ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს აბსოლუტურად ნეიტრალური, მაგრამ ამასთან კარგად უნდა გაანალიზდეს, შეუძლია თუ არა რუსეთს ამ ეტაპზე კავკასიაში კრემლისგან კონტროლირებადი არასტაბილური მდგომარეობის ინსპირირება? გაიხსენეთ ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები. ახლახან ჩვენი მოქალაქე დააკავეს ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რომელმაც თურმე ღამურების დასაჭერად დაარღვია ვითომ საზღვარი. ესეც იმას ემსახურება, რომ რუსეთში როგორღაც შექმნან აზრი, რომ ამ ლაბორატორიაში ბიოლოგიურ-ბაქტერიოლოგიური იარაღი მზადდება. იბადება კითხვა: თუ რუსეთი მოახერხებს სამხრეთ კავკასიაში არასტაბილური ვითარების შექმნას, ხომ არ გამოიყენებს ამას იმისთვის, რომ ვითომ ლაბორატორიის მუშაობის გასანეიტრალებლად შემოიყვანოს სამხედრო ძალა? მოკლედ, დიდი სიფრთხილე გვმართებს. შესაბამისმა სამსახურებმა ფრთხილად და პერმანენტულად უნდა იმუშაონ იმ რეგიონებში, სადაც აზერბაიჯანელები და სომხები კომპაქტურად არიან დასახლებული. ასევე მაქსიმალურად უნდა მოუსპონ მოქმედების საშუალება რუსეთის მეხუთე კოლონას საქართველოში. ამ ყველაფერს სჭირდება სერიოზული ანალიზი და რუტინული მუშაობა, თანაც ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესის გარეშე. ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება ვინმემ შიდაპოლიტიკური მიზნით გამოიყენოს”- დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

“პანდემიური ომები” დაიწყო - საიდან ელის საფრთხე საქართველოს

“კარანტინის დროს ფსიქოლოგიური აფეთქების მუხტმა კონფლიქტების გაღვივება მოახდინა” - ასე აფასებენ ექსპერტები “რეზონანსთან” კორონავირუსის პერიოდში მსოფლიოში სამხედრო კონფლიქტების წარმოშობასა თუ გამწვავებას. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი კონფლიქტი, რომელიც კორონავირუსის ფონზე გამწვავდა, სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირებაა, რომელიც საქართველოს საზღვრიდან 55 კილომეტრში მიმდინარეობს - მხარეები არა მთიან ყარაბაღში, არამედ 300-მდე კილომეტრის დაშორებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ პანდემიამ ქვეყნებს შორის დაწყებული კონფლიქტები არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ მთელს მსოფლიოში რამდენიმე ახალი კონფლიქტიც კი წარმოშვა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “პანდემიური ომები” დაიწყო - საიდან ელის საფრთხე საქართველოს / ”კარანტინის დროს ფსიქოლოგიური აფეთქების მუხტმა კონფლიქტების გაღვივება მოახდინა”.

“პანდემიის ფონზე სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, კორონავირუსმა არათუ ესკალაციის მოყინა, არამედ მთელს მსოფლიოში რამდენიმე კონფლიქტიც წარმოშვა. მაგალითად, თურქეთსა და ეგვიპტეს შორის სავარაუდო ომის რეალური საფრთხეა, ასევე სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა სირიაშიც, რუსულ-თურქულ კონვოიზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა და იქ უკვე სერიოზული სამხედრო შეტაკებები ხდება. სიტუაციის ესკალაციაა დონბასის კონფლიქტის ზონაშიც, ადგილობრივ სეპარატისტებსა და უკრაინის შეიარარებულ ძალებს შორისაც ხორციელდება. საქართველოში ოკუპაციამაც ახალი სახე მიიღო, იმ კუთხით, რომ ჩვენი მოქალაქეების გატაცება ძალიან მაღალი ინტენსივობით ხორციელდება, რაც არანაკლებ ცუდი პროცესია, ვიდრე ტერიტორიების ოკუპაციის განხორციელება. ბოლოს კი ისეთ დონეზე მივიდნენ, რომ რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სპეცსამსახურებმა ამერიკელების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე ჰიბრიდული ომი გამართეს. როდესაც ჩვენი მოქალაქე დაიჭირეს და დააბრალეს, რომ ღამურების დაჭერა ამერიკის სპეცსამსახურებმა დაავალეს. ეს უკვე კომიკურიც აღარაა, ეს პიროვნება ღამურებს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ ნახავდა თუ რა? ამ დონეზე მივიდნენ, რომ რუსები და მათი ცხინვალის მარიონეტები უკვე ამერიკელების წინააღმდეგ წავიდნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“რაც შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს, ამას დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტის სპეციფიკა აქვს მინიჭებული. საერთო ჯამში, ამ ორ სახელმწიფოს შორის სრულმასშტაბიანი ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, ორივე სახელმწიფო ფსიქოლოგიურ, საინფორმაციო, კიბერ-ომის აბსოლუტურად ყველა საშუალებას და ელემენტს იყენებს, შეზღუდული სამხედრო შეტაკებებიც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. იმედია ჰიბრიდული ომი ფართომასშტაბიან კონვენციურ ომში არ გადავა ლოკაციურ ომის სახით და შემდგომში რეგიონალური ომის სახეს არ მიიღებს. ანალოგიური ტიპის ჰიბრიდული ომი პანდემიის ეპიცენტრის ინდოეთისა და ჩინეთს შორისაც მიმდინარეობს, სიტუაცია ავღანეთშიც დაიძაბა, მე ადრე აღვნიშნე, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ფსიქოლოგიური ტალღის ამოხეთქვა საკმაოდ ცუდ როლს ითამაშებს მეთქი და სამწუხაროდ, კარანტინის დროს ფსიქოლოგიური აფეთქების მუხტმა კონფლიქტების გაღვივება მოახდინა”, - დაასკვნის მაისაია.

“კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან”აცხადებს, რომ პანდემიის ფონზე საქართველოში კონფლიქტი არ გამწვავდება, რადგან ქართული მხარის მიერ ამ მხრივ არანაირი მობილიზაცია არ შეინიშნება. “თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ეს (კონფლიქტის გამწვავება) გამორიცხულია იმიტომ, რომ საქართველოში სიტუაციას კარგად ვფლობთ და ჩანს, რომ ქართული მხარე მობილიზაციურ მოქმედებებს არანაირად არ ახდენს, როგორიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს 2005,2006, 2007 წლებში ჩანდა. ახლა არც ბიუჯეტი, არც შეიარაღების შესყიდვები, არც არმიის გაზრდა-შემცირების არანაირი ფორმები, არანაირ ნიშანს იძლევა იმისას, რომ შესაძლოა საქათველოს ტერიტორიაზე რაღაც ფორმით, მეტ-ნაკლებად ფართომასშტაბიანი შეარაღებული დაპირისპირება განხორციელდეს”, - ამბობს ზაქარეიშვილი, რომლის აზრით, “თუმცა გარკვეული ინციდენტები სახეზეა, როცა სოფელ წნელისთან ინიცირებული იყო საგუშაგოების დადგმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მაშინ მხარეები ერთმანეთს აბრალებდნენ, სამწუხაროდ ეს ინიციატივები ერგნეთის შეხვედრებზე განხილული არ იყო, მას შემდეგ ეს დაძაბულობა არსებობს, ამან შემდეგ ახალგორის ჩაკეტვა გამოიწვია, შემდეგ პანდემია დაემატა, ადამიანები გამოიკეტნენ ვერ გადმოდიან და ამას რამდენიმე ადამიანის სიკვდილიც კი მოჰყვა, რომ მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევა დროზე ვერ მოხდა. მე არ მგონია, რომ ეს ტემპერატურა, რომელიც აწეულია და რომელიც კარგი არაა, უფრო მეტად აიწიოს. რაც შეეხება ყარაბაღს, ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს დაგეგმილი და წინასწარ განზრახული ინციდენტი არ იყო, ეს აშკარად სპონტანური იყო, მხარეები ცდილობენ, რომ ამ ინციდენტიდან ისე გამოვიდნენ, რომ თავიანთი სახე არ დაკარგონ, ანუ არც ერთმა მხარემ არ მოინდომა ესკალაცია გაეგრძელებინა და ფართომასშტაბიან შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაეყვანათ”, - განაგრძობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ეს სიტუაცია სპონტანურად დარჩა და ამ ეპიზოდმა ყველას საშუალება მისცა დაენახა, თუ რომელი გეოპოლიტიკური მოთამაშე როგორ მოქმედებს და სამწუხაროდ ვნახეთ, რომ აშშ და ევროკავშირი მხოლოდ სწორი და სამშვიდობო განცხადებებით შემოიფარგლნენ, მაშინ როცა თურქეთმა და რუსეთმა პოზიციები კიდევ უფრო მკაფიოდ გაიმყარეს. რუსეთი შეეცადა, რომ დამბალანსებელი ნეიტრალური ყოფილიყო, თურქეთი კი აზერბაიჯანს მკაფიოდ და ცალსახად ზურგში ამოუდგა იმ გათვლით, რომ რუსეთს ვალდებულებები აქვს, რომ სომხეთს დაეხმაროს და შესაბამისად სიტუაცია გაათანაბრა. მგონია, რომ თურქეთმა ამით სიტუაცია დააბალანსა და ამით სიტუაცია სიწყნარისკენ მიდის და მაქსიმუმ შესაძლოა ერთ კვირაშიც კი ჩვენ ვიხილავთ, რომ რუსეთი ამ ესკალაციის და ეპიზოდის ჩაქრობას მოახერხებს, ჩანს რომ სიტუაცია სიღრმისკენ არ მიდის, თუმცა ამან შესაძლოა გარკვეულწილად დაპირისპირება უკვე ყარაბაღის მიმართულებით გამოიწვიოს”, - მიიჩნევს კონფლიქტოლოგი.

“ჩემი აზრით პანდემიამ კონფლიქტების მოგვარებას ზოგადად ხელი ვერ შეუწყო, აფხაზეთში გარკვეული ცვლილებები მოხდა, დე ფაქტო ხელისუფლება შეიცვალა, მოსულმა ე.წ. ხელისუფლებამ საქართველოსთან ურთიერთობაზე გარკვეული მოლოდინები გააჩინა, ბჟანიამ არაერთხელ გააჟღერა, რომ ქართულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის წინააღმდეგი არაა. სამწუხაროდ ქართული მხარე ამაზე არანაირად არ რეაგირებს, ამას დაემთხვა ისიც, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებით მინისტრი არ გვყავს, ეს რა თქმა უნდა ძალიან სერიოზულ თეთრ ლაქას და ვაკუუმს ქმნის იმიტომ, რომ მაშინ ჩვენგან რადგან მინისტრი არ გვყავს აფხაზურ მხარესთან უნდა გავიდეს, ან პრემიერ-მინისტრი, ან ამ დონის წამყვანი ფიგურა, მაგრამ ახლა მათ ამისთვის არ სცხელათ, მათი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა. ამ ფონზე კი ბუნებრივია აფხაზეთთან ურთიერთობებმა შიდა კონტექსტში შესაძლოა მდგომარეობა კიდევ დაძაბოს და ოპოზიციას კრიტიკის შანსი მისცენ, ამიტომ მგონია, რომ სამწუხაროდ არჩევნებამდე სამშვიდობო პროცესის მიმართულებით რაღაც ძვრებს არ ველოდები”, - დასძენს შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.

მამუკა ხაზარაძე - “ხელისუფლებას ყველა სერიოზული ბიზნესის ჩაჯიბვა სურს”

“დღეს რეიტინგებზე ლაპარაკი მართებულად არ მიმაჩნია. პანდემიის გამო მოსახლეობას სხვა არჩევანი არც აქვს, გარდა იმისა, რომ ნდობა გამოუცხადოს ხელისუფლებას, რაც უნდა არაპოპულარული იყოს ის. აჯობებს, დროის გასვლას დაველოდოთ და რეიტინგები შემდეგ დავითვალოთ. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ სცადა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის სოციალურ დახმარებად გადაქცევა. სოციალური კამპანია საარჩევნო კამპანიას მიაბა. თუმცა ამ მიმართულებითაც ვერ იყოჩაღეს. უამრავმა მოქალაქემ დახმარება ვერ მიიღო. შესაბამისად, ხალხი უკმაყოფილო იქნება... ხელისუფლება ყველა მეთოდს გამოიყენებს, დაწყებული მოსყიდვით და დამთავრებული “ძველი ბიჭების” საშუალებით ხალხის დაშინებით, თუმცა არ გამოუვა. ხალხი დაიღალა რვაწლიანი უძრაობით, კრიმინალურ-რუსული მმართველობის სტილით და ერთი კაცის ხუშტურებზე სიარულით”, - აცხადებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებას ყველა სერიოზული ბიზნესის ჩაჯიბვა სურს”.

“ვფიქრობ, რომ კრიმინოგენული ვითარება მხოლოდ სტატისტიკა არ არის. აქ საუბარია აზროვნებაზე, მენტალიტეტზე. გიორგი შაქარაშვილის საქმემ ძალიან არასასიამოვნო რეალობა დაგვანახა. ახალგაზრდების მენტალიტეტი ძალიან სახიფათო გზისკენ მიექანება. ასევე შემაშფოთებელი ტენდენციები გამოიკვეთა სარალიძის საქმეშიც. ამ და სხვა მსგავსი საქმეების გამოძიების წლების განმავლობაში გაწელვა და ოპონენტებისთვის საქმეების გამოგონება კრიმინალური აზროვნების შედეგია. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს საქართველოში ხელისუფლების ხელშეწყობით კრიმინალური მენტალიტეტი, “ძველი ბიჭების” ინსტიტუტი ბრუნდება. კუნთმაგარი სპორტსმენი ბიჭები ძალიან “აქტიურობენ” და სანაცვლოდ ხელშეუხებლობის გარანტიას იღებენ, რაც ძალიან სახიფათოა. ამ ხელისუფლების კრიმინალური აზროვნების შედეგია, რომ ჩვენი ახალგაზრდებისთვის კანონმორჩილება და წესრიგი პრიორიტეტული არ არის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

ბიძინა ივანიშვილი იყო სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე დიდი დამფინანსებელი. მაშინაც, როგორც დღეს, ყველა სტრუქტურა, სასამართლო თუ პროკურატურა, ტელეფონით იმართებოდა. ეს სტრუქტურები, ისევე როგორც ამ სტრუქტურებში მომუშავენი, ძალიან სწრაფად და მარჯვედ გადმოპორტირდნენ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში. ეს ორივე ერთი და იგივე ძალაა. ივანიშვილი და სააკაშვილი დღესაც ერთმანეთით საზრდოობენ, საზოგადოება კი წრეში ჰყავთ მოქცეული. სანამ ამ ადამიანებს არ მივუჩენთ შესაბამის ადგილს, ვერც სამართლიანობას აღვადგენთ, ვერც კრიმინალს დავამარცხებთ და ვერც სიღატაკეს დავძლევთ. საარჩევნო კამპანიის გამო რეგიონებში მიწევს სიარული, ყველა სოფელში შევდივართ, ბაზრებში დავდივართ და ვხედავ, რომ ხალხი უკიდურესად გაღატაკებულია, უსამართლობის განცდა აქვთ, პერსპექტივას ვერ ხედავენ ამ ხელისუფლების პირობებში. შესაბამისად, 2020 წლის არჩევნებს ისტორიული მნიშვნელობა ექნება. ორპოლუსიანობა სამუდამოდ დამთავრდება ქვეყანაში”, - განაგრძობს “ლელოს” ლიდერი.

“ლელო” საკუთარ კანდიდატებს აგვისტოს ბოლოს წარადგენს. ყოველდღე გვემატება შვიდასიდან ათასამდე რეგისტრირებული წევრი. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ახლახან გამოვედით ველზე. ჯერ ერთი თვეც არ არის, რაც საარჩევნო კამპანია დავიწყეთ და სერიოზული შედეგები გვაქვს. უკვე 28 ოფისი გვაქვს გახსნილი და უახლოეს დღეებში 40 ოფისის გახსნას ვაპირებთ. მთელი საქართველო უნდა დავფაროთ. ჩვენ გავძლიერდებით და “ქართულ ოცნებას” არ მივცემთ საშუალებას, ჩვენი ქვეყნის მონოპოლიზება მოახდინოს და რუსეთის გუბერნიად აქციოს. ნახეთ, რას უპირებენ ბიზნესს.. ხელისუფლებას ყველა სერიოზული ბიზნესის ჩაჯიბვა სურს!” - ამბობს რესპონდენტი.

“ამაზე მეტყველებს ახლახან მიღებული ორი კანონი - კანონი ენერგოკომპანიების წილების გასხვისების კონტროლზე და კანონი სპეციალური მმართველის შესახებ. ამით ბიძინა ივანიშვილს საშუალება ეძლევა ჩაერიოს ყველა მსხვილი კომპანიის (ტელეკომუნიკაციები იქნება თუ ენერგოკომპანიები) მართვაში. თურმე მან უნდა გადაწყვიტოს, ვისზე გაასხვისოს აქციები, ვის შეუქმნას პრობლემა დივიდენდის დაბრუნებაში და ა.შ. ეს არის სრული მონოპოლიზება და ეწინააღმდეგება თავისუფალი ბაზრის პრინციპს. სტრატეგიასთან ამას კავშირი არა აქვს. ივანიშვილმა საერთოდ არ იცის, რა არის სტრატეგია, არც ბიზნესში, არც ეკონომიკასა და არც პოლიტიკაში. მას მხოლოდ გაკონტროლება ეხერხება, განმარტავს მამუკა ხაზარაძე და შეკითხვაზე - “თქვენ დიდხანს ერიდებოდით ბიძინა ივანიშვილის პრორუსად მოხსენიებას. როდის გადაკვეთეთ წითელი ხაზი?” - პასუხობს:

“პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, არგუმენტების გარეშე არაფერს ვამბობ. ბიძინა ივანიშვილმა თავად თქვა, ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაშიო. სწორედ მისი დავალებით ჩავარდა ანაკლიის პროექტი".

"ახლა მარტივი კითხვა მაქვს: სად არის ანაკლიის პროექტი? ის ჩემი პროექტი ხომ არ იყო, სახელმწიფოს სტრატეგიული პროექტი გახლდათ. 6 თვე გავიდა, რა გააკეთა სახელმწიფომ პროექტის ასამუშავებლად? ტენდერი გამოაცხადა თუ გზისა და რკინიგზის გაყვანა დაიწყო ანაკლიისკენ? ამასობაში ტამანის პორტიც აშენდა - თუ თქვენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას დააგვიანებთ, ხომ დაკარგავთ ბაზარზე ინტერესს? ასევეა ყველა ბიზნესი. თუ დროზე არ დაიკავე ნიშა, დროულად, ადგილზე არ დახვდი ტვირთს, ძალიან რთულია ამ პოზიციის დაბრუნება. 2020 წლის ბოლოს ჩვენ ანაკლიაში უკვე გემი უნდა მიგვეღო. იცით, ეს რას ნიშნავს? მსოფლიო ვაჭრობის რუკაზე მოვინიშნებოდით. ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი პერსპექტივა იყო. ხაზარაძე რომ არ მოგწონს, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ქვეყნის განვითარებას რომ აფერხებ, ეს უკვე ძალიან მძიმე დანაშაულია”, - დასძენს ხაზარაძე.

“ვაქცინის მაქსიმუმი 70%-იანი თავდაცვაა, ისიც თუ იქნა” - კორონავირუსი მსოფლიოს ამარცხებს

“გასული 24 საათის განმავლობაში, მსოფლიო მსაშტაბით კოვიდინფიცირებულების რეკორდული ნიშნული დაფიქსირდა, ამ დროის მანძილზე დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 200 ათასს მნიშვნელოვნად გადააჭარბა - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) იუწყება, ქართველი სპეციალისტები კი ამ ფაქტს მსოფლიო ხალხების მიერ რეკომენდაციების არ შესრულებას უკავშირებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ვაქცინის მაქსიმუმი 70%-იანი თავდაცვაა, ისიც თუ იქნა” - კორონავირუსი მსოფლიოს ამარცხებს.

“ჯანმოს ყოველდღიური ანგარიშის მიხედვით, კოვიდ-19-ით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. მსოფლიო მასშტაბით სიკვდილიანობის დინამიკა უცვლელი დარჩა, ამავე პერიოდში 5 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში კოვიდ-19 გასული დღე-ღამის განმავლობაში 71 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რის შედეგადაც ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში მთლიანმა ინფიცირებულთა რაოდენობამ, თითქმის 4 მილიონს მიაღწია. ბრაზილიაში ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 35 ათასამდე გაიზარდა და დღეის მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით, აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა. კორონავირუსის თვალსაზრისით სიტუაცია თითქმის ყველა კონტინენტზე რთულდება, ქვეყნების მთავრობები ინფექციის შეკავების მიზნით, უკვე საკარანტინო ზომების გამკაცრებაზე ფიქრობენ. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღავნელი მარინა ენდელაძე, “რეზონანსთან” ბოლო პერიოდში მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის ასეთ რეკორდულ მატებას, რეკომენდაციების შეუსრულებლობას და მსოფლიო ქვეყნების ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას უკავშირებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება მსოფლიოში კორონავირუსის პიკის გათვლას, ეს უფრო ეპიდემიოლოგების საქმეა, თუმცა გუშინდელი კოვიდინფიცირებულების ეს მძიმე და დრამატული მატება მაინც რეკომენდაციების არ შესრულებასთანაა კავშირში - ხალხი უკვე ქუჩებში გავიდა, გავიდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ალბათ ესაა მკვეთრი მატების მიზეზიც... ვაქცინასთან დაკავშირებით მუშაობენ, მაგრამ ვაქცინის იმედიც საკმაოდ დაბალია - ბოლო სამი დღის ზუსტი მონაცემები არ ვიცი, შესაძლოა რაიმე ახალი წამოვიდა, მაგრამ ზოგადად, ვაქცინა მაქსიმუმ შესაძლოა 70%-იანი თავდაცვა იყოს, ისიც თუ იქნა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მარინა ენდელაძე.

“გამოდის რომ კორონავირუსი ასე ადვილად არ დაგვტოვებს და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ვირუსი ამდენი ინფიცირების შემდეგ, ცოტა სახეს შეიცვლის, ანუ შედარებით უფრო მსუბუქად წავა და იქნება ალბათ ისე, როგორც ყოველწლიურად გრიპია ხოლმე, სავარაუდოდ ალბათ ასე იქნება. პესიმისტური პროგნოზები არ გვინდა, იმედია, რომ კორონავირუსი უფრო მსუბუქ ფორმას მიიღებს, მაგრამ ის, რომ კორონავირუსმა სრულიად დავტოვოს, ამას ნაკლებად ვფიქრობ” - დასძენს ენდელაძე.

თეონა აქუბარდია - “ჩვენ უკვე ვართ ომში”

“რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საშიშ ფაზაში შევიდა. სულ უფრო ინტენსიურად იყენებენ ჰიბრიდული ომის ტაქტიკას. ამ მხრივ გამოვყოფდი საინფორმაციო ომს. ჩვენ ვხედავთ ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის დიდ ტალღას როგორც მთლიანად ქვეყანაში, ასევე მის ოკუპირებულ ნაწილში. აქტიურ ფაზაშია შესული კრემლისა და მისი მარიონეტული რეჟიმების დეზინფორმაცია, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. ლაბორატორიის ეფექტიანი მუშაობა განსაკუთრებით “კოვიდ 19”-თან ბრძოლაში რუსეთს ძალიან აღიზიანებს და გამალებით ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას. ღამურების დაჭერისა და გაყიდვის ამბავი მთლად ფანტასტიკაა, თუმცა ამით ანტიამერიკული განწყობის გაძლიერებას, მთავრობის სანდოობის შესუსტებას და ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობაში როგორც დასავლეთის, ასევე საქართველოს დემონიზებას ცდილობს”, - აცხადებს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი თეონა აქუბარდია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ჩვენ უკვე ვართ ომში“.

“კრემლის რიტორიკა და ქმედებები განსაკუთრებით აგრესიული გახდა. ერთი მხრივ, ეს განპირობებულია იმით, რომ პუტინი მმართველობის ახალ ფაზაში შედის, რაც ნიშნავს, რომ მომავალში ბევრად აგრესიული იქნება - მეტად ეცდება დასავლეთთან ჩვენს დაპირისპირებას და გავლენის სფეროების გაფართოებას. სოხუმსა და ცხინვალთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე თავისი განცხადებით, კრემლი კიდევ ერთხელ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერა აგვისტოს ომის დროს. ამაში იგულისხმება არსებული სამშვიდობო ფორმატები, სადაც საქართველო დასავლელ პარტნიორებთან ერთად არის მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილი. მას სურს ამ ფორმატების გვერდის ავლით გაიმართოს მოლაპარაკება, რაც წამგებიანი იქნება საქართველოსთვის. აუცილებელია რუსეთის ქმედებების გაანალიზება პოლიტიკურ დონეზე, სასურველია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში და საპასუხო ნაბიჯების დაგეგმვა, რისი დიდი მოლოდინი, სამწუხაროდ, არა მაქვს. ნახეთ, რა თქვა ბატონმა გიორგი ვოლსკიმ, ოკუპაციაც ის არის, რომ ან ფეხში გესვრიან, ან გაგვიტაცებენო...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თეონა აქუბარდია

“კი ბატონო, არავინ ამბობს, რომ ომი გამოსავალია, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ხელისუფლების რეაგირება არ იძლევა შედეგს. ხშირად გვიანდება რეაგირება და საპასუხო განცხადებები, არა გვაქვს ამოქმედებული “ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია”, იგვიანებს დასავლეთის მობილიზებაც სწრაფი რეაგირების მიზნით. ეს ყოველივე კი მეტყველებს, რომ კრემლის აგრესიულ ქმედებებზე არ გაგვაჩნია მკაფიო პოლიტიკა. ამასთან, ხელისუფლება თავისი განცხადებებით ცდილობს გააფერმკრთალოს მტრის ხატი და მის ნაცვლად მთავარ მოწინააღმდეგედ ჩვენი ოპოზიცია წარმოაჩინოს. ეს კი შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს არა მარტო “ქართული ოცნებისთვის”, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ოკუპანტთან ბრძოლაში ერთიანობა გვჭირდება. პოლიტიკური პოლარიზაცია და უმნიშვნელოვანეს საკითხებზე შეუთანხმებლობა დიდი წინდაუხედაობაა და ამას აუცილებლად გამოიყენებს რუსეთი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჰიბრიდული ომის დროს მოშლილია ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის, ანუ შეიარაღებული პირდაპირი მოქმედებები არ მიმდინარეობს, მაგრამ ყველა სხვა კომპონენტი სახეზეა. დღეს რუსეთს ჰყავს საოკუპაციო რეჟიმი თავისი უკანონო ინფრასტრუქტურით, განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას და ბორდერიზაციას, იტაცებს და გვიკლავს ხალხს, გაჩაღებული აქვს საინფორმაციო ომი, აძლიერებს მეხუთე კოლონას და იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებსაც. შესაბამისად, მე არ ვიზიარებ “ქართული ოცნების” განცხადების პათოსს, რომ ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელსაც რუსეთთან ომი არ ჰქონია. ჩვენ უკვე ვართ ომში. მართალია, რუსული რეგულარული არმია არ გვიტევს, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, სწორედაც ომია”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “სამხედრო ინტერვენციას გამორიცხავთ?” - პასუხობს:

“არა, თუმცა დღეს არსებობს ბევრად იაფი საშუალება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და შეცდომაა, როდესაც ამ პოლიტიკურ მიზნებს არ ვუპირისპირებთ ყველა რესურსს და არ ვაძლიერებთ ეროვნულ მედეგობას, რომელიც რუსული ჰიბრიდული ომის სამიზნეა. ამისთვის საჭიროა მწყობრი სტრატეგია, ეროვნული ერთობა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა”.

“ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მოშლაზე პასუხისმგებელი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაა. მისი ექსპერიმენტების შედეგია ჯერ უშიშროების ორი საბჭო და შემდეგ ორივეს გაუქმება, ის დიდი შუალედიც, როცა არც ერთი არ არსებობდა. ახალი კი რას აკეთებს, არავინ იცის. საქართველოს 2018 წლის შემდეგ არ განუახლებია სტრატეგიული დოკუმენტები, რაც მიუთითებს, რომ “ოცნებისთვის” უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა მეორეხარისხოვანია. არადა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არათუ შეფასებული გვქონდეს საფრთხეები, არამედ გვქონდეს კონკრეტული სტრატეგიაც მათი თავიდან ასაცილებლად თუ შესამცირებლად. რაც შეეხება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს, დიახ, მისი გაფართოების შემთხვევაში საქართველოს პირდაპირი საფრთხე ემუქრება... . მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე არ მოხდება კონფლიქტის მეტად ესკალაცია, თუმცა სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საფრთხეების შეფასება, თუ განახლებული ეროვნული დონის სტრატეგია, რათა მწყობრი გეგმით შევძლოთ ამ რისკების შემცირება თუ თავიდან აცილება”, - დაასკვნის თეონა აქუბარდია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა