ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2020

“იქნება მეორე ტალღა და შესაძლოა უფრო სერიოზული, ვიდრე პირველი” - კორონავირუსის აფეთქება საქართველოში

რას ველით 2020 წლის არჩევნებისგან - რა არის დასავლეთის და რუსეთის ინტერესი

რისთვის ემზადება ნატო შავ ზღვაში - ოდესასთან ალიანსი “სი ბრიზ 2020-ს” მართავს

* * *

“იქნება მეორე ტალღა და შესაძლოა უფრო სერიოზული, ვიდრე პირველი” - კორონავირუსის აფეთქება საქართველოში

“ბოლო პერიოდში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. 22 ივლისს ქვეყანაში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიოლოგები მეორე ტალღის შესაძლო დასაწყისზე საუბრობენ. “არის ისეთი პროგნოზი, რომ იქნება მეორე ტალღა და შესაძლოა უფრო სერიოზული ვიდრე იყო პირველი ტალღა”, - ამბობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი მარინა ენდელაძე “რეზონანსთან” საუბრისას. მისივე თქმით, ქვეყანაში შეინიშნება კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებელი, რაც მეორე ტალღის მოახლოების ერთ-ერთი ნიშანია. ენდელაძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “იქნება მეორე ტალღა და შესაძლოა უფრო სერიოზული, ვიდრე პირველი” - კორონავირუსის აფეთქება საქართველოში.

“შემთხვევებმა მოიმატა და არის საშიშროება. ვფიქრობ, რომ ღონისძიებები მისაღებია, რამდენადაც უკვე ახალი სოფლები დაემატა, ახალი კერები გაჩნდა, რა თქმა უნდა, საშიშია. არის ისეთი პროგნოზი, რომ იქნება მეორე ტალღა და შესაძლოა უფრო სერიოზული ვიდრე იყო პირველი ტალღა. გაზრდილი მაჩვენებელი და ის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას უკვე არ არის კარგი პროგნოზი. აუცილებელია, რომ ისევ დავიწყოთ ჩვენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე საუბარი. ისე დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. ჩვენს ეპიდემიოლოგებს არ ეშლება ეპიდემიოლოგიური პროცესების მართვა, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა, რომ ისევ და ისევ ფრთხილად ვიყოთ, რომ არ იყოს კიდევ უფრო სერიოზული ახალი ეპიდაფეთქება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მარინა ენდელაძე.

“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 24 ახალი შემთხვევიდან 10 გარდაბნის მუნიციპალიტეტის კლასტერია, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 7 იმპორტირებულია, აქედან 5 სატვირთოს მძღოლების მიერ. 2 შემთხვევის წყაროს კვლევა მიმდინარეობს. 24 შემთხვევიდან 22-ის წყარო ცნობილია. გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გაფართოებული ეპიდკვლევა 21 ივლისს დაიწყო. რეგიონში რამდენიმე სერიოზული ეპიდკერაა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა გამკაცრდა ზომები. მიმდინარეობს ინტენსიური თერმოსკრინინგი. მარინა ენდელაძის თქმით, გარკვეული ზომები ქვეყანაში უკვე მისაღებია, მათ შორის შესაძლებელია გარდაბანის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვაც. ის საზოგადოებას რეკომენდაციების სრული დაცვისკენ მოუწოდებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სატვირთოს მძღოლების პრევენცია ძალიან სერიოზულად ხდება. საზღვრის კვეთისთანავე ხდება მათი იზოლაცია და ტესტირება. ვფიქრობ, ისინი მაინც და მაინც არ უნდა გახდნენ გავრცელების წყარო, რამდენადაც საზღვარზე ხდება მათი ტესტირება და პირდაპირ მოჰყვათ იქიდან პაციენტები ჩვენს კლინიკებში. ამდენად, ეს ნაკლებად საშიშია, ვიდრე ის ახალი კერები, რომლებიც ქვეყანაში ბოლო პერიოდში გაჩნდა. ალბათ შესაძლებელია უკვე თუნდაც გარდაბანის ჩაკეტვა. მთავარია, რომ დავიცვათ რეკომენდაციები, კვლავ დისტანცირება, ნიღბების ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მისვლისგან თავის შეკავება, უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი რაოდენობის ხალხის შეკრება არ შეიძლება იმიტომ, რომ შესაძლებელია ეს მეორე ტალღა ბევრად სერიოზული იყოს”, - დასძენს მარინა ენდელაძე.

რას ველით 2020 წლის არჩევნებისგან - რა არის დასავლეთის და რუსეთის ინტერესი

“საქართველოთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს. არჩევნების პროცესში დასავლეთისა და რუსეთის ფაქტორებზე “რეზონანსი” ექსპერტებს ესაუბრა. მათი შეფასებით, არჩევნები დასავლეთის დიდი დაკვირვების ქვეშ ჩაივლის, არ გამორიცხავენ რუსეთის შესაძლო ჩარევასაც. თუმცა, რაიმე სახის დიდ ცვლილებებს, მაინც არ ელიან. პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით ეს არჩევნები პოლიტიკური კრიზისის ერთგვარი ინდიკატორი იქნება - მისი შეფასებით, დასავლეთს მწვავე რეგირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ არჩევნები გაყალბდება. რადგანაც დასავლეთისთვის საქართველო კი არა, ქართული დემოკრატიაა მნიშვნელოვანი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რას ველით 2020 წლის არჩევნებისგან - რა არის დასავლეთის და რუსეთის ინტერესი / “თუ პარლამენტში ისეთი ძალები შევლენ, რომლებიც იტყვიან რა დროს ნატოაო, ეს იქნება რუსეთის გამარჯვება”.

“ამ არჩევნებიდან არ ველოდები რაიმე სიახლეს. აშკარაა, რომ მის შემდეგაც ქვეყანაში გაგრძელდება კრიზისი. არჩევნები იქნება პოლიტიკური კრიზისის კარგი ინდიკატორი. გამოიკვეთება მზადაა მმართველი გუნდი დემოკრატიული თამაშისთვის, თუ დაუშვებს გაყალბებას. ამ ფონზე ეს უფრო ეტაპია სრულიად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის გზაზე. არ მგონია ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, პირიქით შესაძლებელია კიდევ უფრო გართულდეს მდგომარეობა. დასავლეთისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რა ნაბიჯს გადადგამს საქართველო, რომელიც შემდეგ მოუტანს მას გარკვეულ ცვლილებებს. კარგი ანალიზის საშუალებას მოგვცემს პროცესი, თუმცა არსებითად არაფერი არ შეიცვლება. არა მგონია დასავლეთმა რაიმე თქვას არჩევნებამდე, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არჩევნები გაყალბდება, რეაგირება იქნება ძალიან მწვავე. თუ “ოცნება” პატიოსნად გაიმარჯვებს, მაშინ დასავლეთი ვერაფერს ვერ გაუბედავს, სანქციებს ვერ დაუწესებს და ვერ გააკრიტიკებს, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, სიტუაცია დაიძაბება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“რუსეთისგან არჩევნებში ჩარევა მოსალოდნელია. ეს გამოვლინდება კიდეც, თუ პარლამენტში ისეთი ძალები შევლენ, რომლებიც სულ ცოტა ანტირუსულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ და კიდევ უარესი თუ პრორუსულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. იგულისხმება თუ ისინი ხელს შეუშლიან დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მაგალითად ნატოში, ევროკავშირი საკმაოდ შორეული პერსპექტივაა. ნატოში გაწევრიანება, რომელიც საკმაოდ რეალურია, დღის წესრიგიდან დაკარგა “ქართულმა ოცნებამ”, არ ახსენებს არასდროს და თუ პარლამენტში ამის ფონზე ისეთი ძალები შევლენ, რომლებიც იტყვიან რა დროს ნატოაო, რა თქმა უნდა, ეს იქნება რუსეთის გამარჯვება”, - მიიჩნევს რესპონდენტი “ამიტომ, რუსეთი შეეცდება, რომ ამ ტიპის პოლიტიკური ძალები მოხვდნენ პარლამეტში. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ საქართველო აშკარად უარს იტყვის დემოკრატიაზე, გააყალბებს არჩევნებს და ქართული საზოგადოება ხმას არ ამოიღებს, მაშინ, დასავლეთი გულს აიყრის ჩვენზე. დასავლეთს საქართველო კი არა, ქართული დემოკრატია აინტერესებს. შანსი იმისა, რომ კავკასიაში დემოკრატია გაიმარჯვებს, მაღალია, დამარცხდება საქართველოში დემოკრატია? მთლიანად რეგიონში დაისადგურებს სიბნელე და ამ სიბნელეში ხელისუფლება უკვე რუსეთში გადაინაცვლებს”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

“ამ ნაწილში ეთანხმება მას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც. მისი შეფასებით ქვეყანაში არჩევნების გაყალბების მცდელობა აუცილებად იქნება და დასავლეთი ამ პროცესს განსაკუთრებულად დააკვირდება. “ვფიქრობ, რომ ინტერესი, რა თქმა უნდა, როგორც რუსეთის ისე დასავლეთის მხრიდან არის ძალიან დიდი. შესაბამისად, დასავლეთის სტანდარტი ჩვენ ვიცით, მათთვის მთავარია, რომ ის საარჩევნო ფასეულობები დავიცვათ, როგორიცაა დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ისინი ამ პროცესს აქტიურად მიადევნებენ თვალყურს. რაც შეეხება რუსეთს, ის შეეცდება, რომ მისი გავლენა არჩევნებზე სხვადასხვა სპეციფიკური მეთოდებით განახორციელოს. ეს არის ის რაც ყოველთვის ხდებოდა, სიახლეს არ უნდა ველოდოთ. არ ვფიქრობ, რომ გაყალბების მცდელობები არ იქნება. ძალიან გაუჭირდებათ მაგრამ ეცდებიან, ყველა ხელისუფლება ამას აკეთებდა, იგივე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით. მმართველ გუნდსაც ექნება ამის მცდელობა, გააჩნია წითელ ხაზებს გადაკვეთენ თუ არა და თუ გადაკვეთეს, მაშინ უმწვავესი რეაქცია ექნება დასავლეთს”, - ამბობს გია ხუხაშვილი, რომლის აზრით, “შესაბამისად, დიდი მანევრის საშუალება ხელისუფლებას არ ექნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ექსპერტების მოსაზრებით, მმართველი გუნდი საარჩევნოდ პოლიტიკას არ შეცვლის. როგორც ხუხაშვილი ისე, ზაქარეიშვილი ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” მთავარი მიზანი ხელისფულების შენარჩუნებაა. “ქართულ ოცნებას" ცვლილებების განცდის უნარი აღარ შესწევს, ის უკვე სტაგნაციაში იმყოფება და თავის გადარჩენაზე მუშაობს. პარტია დატოვეს ახალგაზრდებმა, სულ ცოტა მაჟორიტარების სიითაც ჩანს, რომ მმართველი გუნდი მხოლოდ თავდაცვის პროცესშია. ვნახოთ პროპორციულ სიაში როგორი სახეები იქნებიან, თუმცა არამგონია, რომ ის წარმატებული, პროდასავლელი ახალგაზრდებით დაკომპლექტდეს. შესაბამისად, მმართველი გუნდისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას იტყვის დასავლეთი”, - მიიჩნევს ზაქარეიშვილი, რომლის თქმით, “ხელისუფლებას მხოლოდ თავის გადარჩენა უნდა”, - წერს სტატიის ავტორი.

“დასავლეთის განცხადებების გათვალისწინებით ეს არჩევნები იქნება სერიოზული დაკვირვების საგანი. მიუხედავად ამისა, არა მგონია, რომ “ქართულმა ოცნებამ” რაიმე შეცვალოს. მან ისეთი უცნაური გზა აირჩია, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში ამორფული დამოკიდებულების რეჟიმშია. სწორედ იქ, სადაც ბალანსის პოვნა შეუძლებელია დღევანდელ სამყაროში... მმართველი გუნდი თანამდებობების შენარჩუნებაზე მუშაობს. ის არ ახორციელებს ცვლილებებს, არც ფიქრობს და არც აპირებს არაფერს. მიაჩნია, რომ ის “ჭაობი” და სტაგნაცია კარგია, საქმის კეთება ჰგონია ის, რომ არაფერი შეცვალოს და აკეთოს. ამავე პოლიტიკას გააგრძელებენ ისინი”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

რისთვის ემზადება ნატო შავ ზღვაში - ოდესასთან ალიანსი “სი ბრიზ 2020-ს” მართავს

“რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შავ ზღვაში ნატოს წვრთნები “სი ბრიზ 2020” მიმდინარეობს, რომელშიც ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად სტრატეგიული პარტნიორები - საქართველო-უკრაინაც ჩაერთვნენ - ამჯერად წვრთნებს უკრაინა მასპინძლობს, მანევრები კი ოდესის სიახლოვეს დაიწყო. “სი ბრიზ 2020”-ის მიზანია შექმნას კომბინირებული შესაძლებლობები, წევრ და პარტნიორ ქვეყნების საზღვაო რეგიონალური უსაფრთხოება უზრუნველყოს. მანევრებში 27 საბრძოლო ხომალდი, 19 სამხედრო თვითმფრინავი და 2000 სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო, მასში მონაწილეობას იღებს აშშ, ბულგარეთი, თურქეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და ნორვეგია, ასევე პარტნიორი ქვეყნები უკრაინა და საქართველო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რისთვის ემზადება ნატო შავ ზღვაში - ოდესასთან ალიანსი “სი ბრიზ 2020-ს” მართავს.

“გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში აშშ-ის საზღვაო ხომალდი “პორტერი”-ც ჩაერთო, რომელიც გემის მეთაურის თქმით, ამ წვრთნებში “პორტერის” ჩართვა უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა უსაფრთხოება უკეთ უზრუნველყოს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” ამბობს, რომ “სი ბრიზ 2020” წვრთნების მიზანი, შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს წევრი ქვეყნებისა და სტრატეგიული პარტნიორებისათვის უსაფრთხოების დაცვაა, რომელიც რეგიონში ასევე ასიმეტრიული საფრთხეების აღკვეთასაც ითვალისწინებს. მისივე თქმით, ნატოს მიერ შავ ზღვაში წვრთნების ჩატარება რუსეთისთვის არასასიამოვნო პროცესია და შესაძლოა გარკვეული პროვოკაციაც კი განახორციელოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს წვრთნები ნატოს მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილების ფორმატში განხორციელებული ღონისძიებებია, ამ შემთხვევაში ნატოსთვის მნიშვნელოვანია შავი ზღვის აკვატორიაში არსებული უსაფრთხოების პირობების გამტკიცება, როგორც სიმეტრიული ასევე ასიმეტრიული საფრთხეების აღკვეთა. რუსეთი დღეს უკვე ნატოს პირდაპირი მოწინააღმდეგეა, თუ მტერი არა და ბუნებრივია ეს საკითხიც მოიაზრება თუ როგორ შეუძლია ნატოს მისი წევრების ბულგარეთის, რუმინეთის და მისი სტრატეგიული პარტნიორების რუსული აგრესიისაგან დაცვა. ეს ასევე შავი ზღვის აუზის რეგიონში ასიმეტრიული სამხედრო საფრთხეების აღკვეთას ითვალისწინებს, ნარკოტიკების, იარაღის უკანონო გადაზიდვა, ტერორისტებისა და მეკობრეების წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ. მესამე ის, რომ ესაა ნატოს წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ სახელმწიფოების სამხედრო ჰარმონიზაციის მიღწევა, მასში მონაწილეობენ ბულგარეთი, ნორვეგია, რუმინეთი, ესპანეთი, თურქეთი და საქართველო უკრაინა, როგორც სტრატეგიული პარტნიორები, რომლებსაც უნდათ, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები გახდნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“როგორც ვიცი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ძალებიც მონაწილეობენ და წვრთნების რაღაც ნაწილი საქართველოშიც უნდა ჩატარდეს. რა თქმა უნდა რუსები შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე გემს აამოქმედებენ, ყველა ვარიანტში მათი გემები ამ წვრთნების მიმდინარეობას დააკვირდებიან და არაა გამორიცხული მათი მხრიდან გარკვეული პროვოკაციების განხორციელებაც, დაუშვათ რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ, ნატოს სამხედრო თვითმფრინავების გადაჭერა, რომელიც ხდება ხოლმე შავი ზღვის აკვატორიაში და არა მარტო. რა თქმა უნდა რუსეთს ეს წვრთნები აღიზიანებს, მისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს და შესაძლოა ანალოგიური წვრთნების ჩატარებით უპასუხოს, ამაში ეჭვი არ მეპარება” - დასძენს მაისაია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა