„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და მისი გუნდის წევრები სამცხე-ჯავახეთიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიგრაცია და სამუშო ადგილები.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ახალგაზრდები პერსპექტივას ვერ ხედავენ თავიანთ სამშობლოში. მისივე თქმით, „ათეულ ათასობით შრომისუნარიანმა მოქალაქემ სამუშოს არ არსებობის გამო ქვეყანა დატოვა რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია“.
„დღეს მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბესა და შიმშილს ებრძვის. ეს ყოველივე კი, დამსხვრეული ოცნებების პარტიის დამსახურებაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეთნიკური უმცირესობების საკითხები ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ახალგაზრდებს დამსხვრეული ოცნებების პარტიამ პერსპექტივა და განვითარების უნარი წაართვა. ეს არის ის პარტია, რომელიც თავისი ქვეყნის მომავალს ანადგურებს და ჩვენ ეს ყოველივე ოქტომბერში უნდა დავასრულოთ. რა გაუკეთებია დამსხვრეული ოცნებების პარტიას ბოლო წლების განმავლობაში გარდა იმისა, რომ გააღარიბეს ქვეყანა და მოსახლეობა?! რა ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გამხდარიყო ცხოვრება უფრო ღირსეული?! დამსხვრეული ოცნებების პარტიას არც ერთი რეფორმა არ განუხორციელებია, არამედ პირიქით, ისინი ყოველ ჯერზე მხოლოდ საკუთარი ჯიბეების გასქელებით არიან დაკავებული. ჩემი მთავარი ამოცანაა, საქართველოს მომავალს შევუქმნათ პერსპექტივა, ეს მომავალი კი ჩვენი ახალგაზრდა თაობაა. ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები იმისთვის, რომ ქართველ ახალგაზრდებს სხვა ქვეყანაში წასვლა კი არ მოუწიოთ, არამედ პირიქით, დარჩნენ საქართველოში და გამოადგნენ საკუთარ სამშობლოს. მე მჯერა, რომ ოქტომბერში ქართველი ხალხი აუცილებლად მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ჩვენ გვაქვს ორი გზა, ან დამსხვრეული ოცნებების პარტია ან აღმშენებლობა და განვითარება”, - განაცხადა ვაშაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"