ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2020

“სკანდალური საქმე იქნება და ბევრი მძიმე თემა გამომზეურდება” - “ანაკლიის კონსორციუმი” და მისი უცხოელი ინვესტორი საარბიტრაჟო დავას იწყებენ

პანდემია კაცობრიობას ანადგურებს - როგორ მივაღწევთ ვაქცინამდე

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” აგვისტოს ნომრის N8 (270) მიმოხილვა

* * *

“სკანდალური საქმე იქნება და ბევრი მძიმე თემა გამომზეურდება” - “ანაკლიის კონსორციუმი” და მისი უცხოელი ინვესტორი საარბიტრაჟო დავას იწყებენ

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” და მისმა ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო. ისინი ფინანსური ზარალის ანაზღაურებასა და ანაკლიის პორტის პროექტში დარღვეული უფლებების აღდგენას მოითხოვენ. ბობ მეიერმა სარჩელით საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრს მიმართა, ხოლო კონსორციუმმა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სტატიაში “სკანდალური საქმე იქნება და ბევრი მძიმე თემა გამომზეურდება” - “ანაკლიის კონსორციუმი” და მისი უცხოელი ინვესტორი საარბიტრაჟო დავას იწყებენ.

“ამ ორი სარჩელით, ისინი ანაკლიის პორტის პროექტში დარღვეული უფლებების აღდგენას მოითხოვენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ფინანსური ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც, მათი თქმით, ერთ მილიარდ აშშ დოლარზე მეტია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ კონსორციუმისა და მეიერის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს. მისივე აზრით, კონსორციუმმა ვალდებულებების შესრულებას თავი ვერ მოაბა და საკითხის პოლიტიზირებასა და მთავრობისთვის ახალი ინვესტორის მოძიებაში ხელის შეშლას ცდილობს. საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა”ვალდებულებები არ შეასრულა და ამჯერად “საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარ განწირულ სასამართლო დავაში შევიდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სამწუხაროდ, მამუკა ხაზარაძე და კონსორციუმი ცდილობდნენ, ეს პროექტი არ შემდგარიყო, რადგან, პრაქტიკულად, მათ არ შეასრულეს არც ერთი ვალდებულება, ვადები არ დაიცვეს და არ მოიზიდეს ინვესტიციები პროექტის განსახორციელებლად. ხელისუფლებამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის. აქტიურად ვმუშაობთ, რომ დამატებით ინვესტორები მოვიზიდოთ. ნაცვლად იმისა, რომ ეს გაეკეთებინა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, ისინი ცდილობენ, აღნიშნული პროცესი დააზიანონ და საქართველოს ხელისუფლებასთან წინასწარ განწირულ სასამართლო დავაში შევიდნენ. ამის პერსპექტივა არ აქვთ”, - განაცხადა იონათამიშვილმა. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ანაკლიის კონსორციუმისა და მისი მთავარი ინვესტორის მიერ წამოწყებული სასამართლო დავა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე პროცესია, რადგან, მისი თქმით, საკმარისი მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ კონსორციუმსა და მენეჯმენტზე სისტემური შეტევა განხორციელდა. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის ვახტანგ მაისაიას აზრით, საქართველოს მთავრობა შეეცდება, რომ ეს საქმე რაც შეიძლება, დიდხანს გაწელოს”, - დასძენს გამოცემა.

“ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მძიმე პროცესია, შეიძლება ითქვას, რომ უახლეს ისტორიაში ასეთი მძიმე პროცესი საქართველოს არ ჰქონია, აქ უკვე მნიშვნელობა იმას აღარ აქვს, ვინ რა დაარღვია და როდის. საქმე ისაა, რომ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ ანაკლიის კონსორციუმზე, როგორც ოპერატორსა და მის მენეჯმენტზე, სისტემური შეტევა განხორციელდა და, სამწუხაროდ, საკმარისი არგუმენტები აქვთ, რომ ეს ყველაფერი დამტკიცებული იქნას. საქმე ისაა, რომ როდესაც შენ კონსორციუმის მენეჯმენტის წინააღმდეგ აბსოლუტურად ხელოვნურ საქმეს აღძრავ (მხედველობაში მაქვს ფულის გათეთრება), წარმოიდგინეთ კონსორციუმის მენეჯმენტი საინვესტიციო პაკეტის შეკვრაზე მუშაობს და ამ დროს ქვეყნის ხელისუფლება პოტენციურ ინვესტორებს ეუბნება, რომ ოპერატორი ფულის გამთეთრებელი, მაფიოზი და საზიზღარი ადამიანია. რომელი იდიოტი ჩადებს ასეთ სიტუაციაში ფულს? ფაქტობრივად, შეიქმნა იმის საფუძველი, რომ ხელისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებულად ინვესტორები დაეფრთხო, შესაბამისად, ხელოვნურად უზრუნველყო ის, რომ კონსორციუმს ვალდებულებები ვერ შეესრულებინა, მერე კი იმ არგუმენტით, რომ ვალდებულებებს არ ასრულებდა, კონტრაქტი გაუწყვიტა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ასეთი ჯაჭვი იკვრება, მით უმეტეს, რომ ის ე.წ. ფულის გათეთრების საქმე თვითონვე კონსერვაციაში გადაიტანეს, იმიტომ, რომ არ იციან, რა უქნან, ანუ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი საერთაშორისო არბიტრაჟში ძალიან მძიმე არგუმენტებია და ვფიქრობ, საქართველოს სახელმწიფო, მაღალი ალბათობით, ამ დავას წააგებს. აქ მარტო მილიარდ დოლარზე არაა ლაპარაკი, რასაც პირდაპირი ზარალის სახით მივიღებთ, ესაა უზარმაზარი ზარალი იმიტომ, რომ მომავალში სხვა ინვესტორებისთვის ეს ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, იმედი მაქვს, რომ ამ ნაწილში კონკრეტული ხელისუფალი იზარალებს და ეს სახელმწიფოებრივ ზარალში არ გადავა, ნებისმიერი ხელისუფალი წყალს წაუღია, ეს ჩვენ ნაკლებად უნდა გვაინტერესებდეს, იმედია, რომ ეს სახელმწიფო ზარალი არ იქნება და ეს აღქმული იქნება, როგორც კონკრეტული ხელისუფლის სისტემური მანკიერება. მგონია, რომ ამ ქეისში ასევე ძალიან ბევრი საკითხი იქნება, აქ პერსონალური საკითხებიც წამოიჭრება, იქნება საკითხი როგორც ამ საქმესთან ბიძინა ივანიშვილის დაინტერესებასთან დაკავშირებით, ასევე, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ საქმეში გახარიასგან ის სავარაუდო მუქარის წერილიც ჩაიდება და ძალიან ბევრი სხვა რაღაც მოხდება, ანუ, ყველაფერთან ერთად, ეს ძალიან სკანდალური საქმე იქნება, რომელშიც ძალიან ბევრი მძიმე თემა გამომზეურდება. ეს, სამწუხაროდ, ჩვეთვის ძალიან დამაზიანებელია”, - დაასკვნის ხუხაშვილი.

“ანაკლიის პროექტს უფრო მეტად გეოპოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნია, ეს რომ ეკონომიკურ დავაზე დავიყვანოთ, პროექტის მნიშვნელობა ძალიან ზოგადი იქნება. ეს არ ვიცი, რასთანაა დაკავშირებული, შესაძლოა იმასთან, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ოპოზიციაში არიან და ხელისუფლებაში მოსვლა სურთ. პროექტთან დაკავშირებული მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ შემდგომი ოპერატორებიდან ანაკლიის პროექტს ვინ განახორციელებს. ეს ყველაფერი ძალიან ლოკალური დონის კინკლაობაა, ბუნებრივია, დღევანდელი ხელისუფლება ამას არ გადაიხდის და ბუნებრივია, ვალდებულებას არ აიღებს, თუმცა ამ პროექტის შეჩერება რატომ მოხდა, ესეც, ალბათ, მალე გამოჩნდება. გამოჩნდება ის, რომ ამ პროექტის რეალიზაციაში ახლა უკვე ვინ ჩაერთვება, რამდენადაც ვიცი, მთავრობამ ტენდერი გამოაცხადა და მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ეს უფრო გეოპოლიტიკური თამაშია, მთავრობა შეეცდება, რომ ეს დავა რაც შეიძლება დიდხანს გაწელოს. ამის ტექნიკური საშუალებები არსებობს, შემდგომ კი უკვე მთავარი იქნება, მთავრობა ამ პროექტის ახალ შემსრულებლად ვის დაასახელებს. იქ რეალურად გამოჩნდება, თუ საქართველოს მთავრობა რეალურად ვისი გეოპოლიტიკური ინეტერესების მხარეს დგას. თუ მოხდა და ამ პროექტში ამერიკული ინტერესების გამომხატველი ძალა ჩაერთო, ეს ნიშნავს, რომ მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიეს და უბრალოდ შეიძლება მოხდეს ის, რომ ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესები გაითვალისწინონ ან შეიძლება, ასე არ იყოს და სხვა რამ იყოს. ასე რომ, ანაკლიის პროექტი, ფაქტობრივად, ლაკმუსის ქაღალდია ამჟამინდელი ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსისა”, - დასძენს მაისაია.

პანდემია კაცობრიობას ანადგურებს - როგორ მივაღწევთ ვაქცინამდე

“კორონავირუსი კაცობრიობას უკვე დაუნდობლად ანადგურებს, შეერთებულ შტატებში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსისგან ყოველ ერთ წუთში ერთი ადამიანი იღუპებოდა, ვითარება ბრაზილიაშიც და ინდოეთშიც უკიდურესად გამწვავებულია. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მათგან 700 ათასამდე ადამიანი კი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით, პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები, სადაც 4,5 მილიონი კოვიდინფიცირებულია, მეორე ადგილზე ბრაზილიაა, აქ ინფიცირებული 2,4 მილიონი ადამიანია, მესამე ადგილზე კი 1,5 მილიონი ინფიცირებულით ინდოეთია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პანდემია კაცობრიობას ანადგურებს - როგორ მივაღწევთ ვაქცინამდე.

“შეერთებული შტატების კოვიდ-მონაცემებზე საგენტო „როიტერი" შემაშფოთებელ ინფორმაციას აქვეყნებს, ბოლო ორი თვის განმავლობაში კოვიდ-19-ით გარდაცვალების ტემპი აჩქარდა, სააგენტოს გათვლებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში, დაახლოებით ყოველ ერთ წუთში კორონავირუსისგან ერთი ადამიანი იღუპებოდა. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ მსოფლიოში არსებული კოვიდ-19 თან დაკავშირებული რთული სიტუაცია გასაკვირი არაა, რადგან მისი თქმით, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე რაც უფრო მეტჯერ გადაეცემა, მით უფრო ძლიერი ხდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კორონავირუსმა მუტაცია განიცადა თუ არა, ამას მიკრობიოლოგები და ვირუსოლოგები გვეტყვიან, თუმცა ფაქტია და მანამდეც ვამბობდი, რომ ვირუსი რაც უფრო მეტჯერ გადაეცემა, უფრო მეტად ძლიერი ხდება, ამიტომ ეს გასაკვირი არაა. ასევე ნუ გვავიწყდება ისიც, რომ ამერიკაში ისედაც მოსახლეობა ძალიან დიდია და ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც თანხმლები დაავადებები აქვთ, კორონავირუსი კი ძირითადად ამ ადამიანებს ურტყამს, მერე აქ შედის ნარკოტიკის მომხმარებლებიც და ასევე ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯგუფი, რომლების ვირულენტობის მაჩვენებელი გაზრდილი ვირუსის ფონზე უფრო მაღალია. საინტერესოა და კიდევ კარგი კვლევა უნდა ჩატარდეს იმაზე, რომ მაგალითად ამერიკაში, საფრანგეთში და საქართველოში მოქმედი ვირუსები რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, აღსანიშნავია, რომ ვირუსმა საფრანგეთშიც და ესპანეთშიც მოიმატა, ამიტომ ეს ყველაფერი გასარკვევი და შესასწავლია, ის თუ რამდენად განსხვავდება, მაგალითად, ამერიკაში და საქართველოში მცხოვრებ ადამიანთა იმუნიტეტი, იმიტომ, რომ დადგინდეს ვირუსებს შორის ხომ არ არის განსხვავება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

“მსოფლიო ვაქცინამდე ვერანაირად ვერ მივა, სანამ გარკვეული დრო არ გავა და სანამ არ დარწმუნდება სახელმწიფო, რომ ვაქცინა მავნებელი არაა და იმაზე უარესს არ იზამს, რასაც თვითონ კორონა. ნუ გვავიწყდება, რომ ვაქცინა წამალი არაა, ესაა უცხო ცილა, რომელიც ორგანიზმში სხვადასხვა სახით შეჰყავთ, ესაა ან ცოცხალი დასუსტებული მიკრობები, ან უკვე გამზადებული ანტიგენი, მაგრამ რას გამოიწვევს, კაცმა არ იცის. თუ ვაქცინა მოუმზადებლად გაკეთდა, ამან შესაძლოა დაავადება თვითონ გამოიწვიოს, ამიტომ ჩვენ ვირუსის ზემოქმედებისგან რაც არ უნდა მძიმე შედეგები მივიღოთ, ჩვენ ვაქცინის აუცილებელ ტესტირებას მაინც უნდა დაველოდოთ”, - მიიჩნევს ეპიდემიოლოგი.

“აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გენომის ანალიზმა, რომელიც ვიეტნამში გამოვლინდა აჩვენა, რომ ეს კოვიდ-19-ის ახალი ტიპია, რომელიც უფრო გადამდებია - ამის შესახებ ინფორმაცია ვიეტნამის მთავრობის ოფიციალურმა გაზეთმა გამოაქვეყნა. ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის თქმით კი აღნიშნული ვირუსის შტამი უფრო გადამდებია და უფრო სწრაფად გავრცელება შეუძლია, თუმცა ჯანმრთელობისთვის მისი საფრთხის დონე კორონავირუსის სხვა შტამებისგან არ განსხვავდება. სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, ზემოაღნიშნული შტამი აქამდე დიდ ბრიტანეთში, ირლანდიასა და ბანგლადეშში დაფიქსირდა, თუმცა, როგორ მოხვდა ის კორონავირუსის გამო ჩაკეტილ ვიეტნამში დაუზუსტებელია”, - წერს სტატიის ავტორი.

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ “არსენალის” აგვისტოს ნომრის N8 (270) მიმოხილვა

აგვისტოს ომში მიტოვებულ შეიარაღებაზე ისევ არავინ აგებს პასუხს?! / ომი ყარაბაღისთვის / სანაპირო დაცვამ პროფესიული დღე აღნიშნა / აგვისტოს ომის ერთი დღის ორი ბრძოლა / აფხაზეთის ომის ცნობილი და უცნობი ფაქტები / კორონავირუსი სომხეთის “სახელისუფლებო თამაშებში” / სიკვდილის პირისპირ / სიახლეები საზღვაო-სამაშველო სამსახურში / პისტოლეტი ყველაზე დიდი მჭიდით

“2020 წლის 8 აგვისტოს 12 წელი სრულდება რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან, რომელიც ჩვენ და ჩვენს მომავალ თაობას აგვისტოს ომის სახელით მწარედ დაგვამახსოვრდება, რადგან მის მძიმე შედეგებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სახით, სამწუხაროდ, კიდევ დიდხანს მოვიმკით... ის, რომ რუსეთი სამხედრო აგრესორი იყო და ოსი და აფხაზი სეპარატისტები გამოიყენა ამ ომის საქართველოსთვის თავს მოსახვევად, ისედაც ცხადია, მაგრამ გააკეთა კი ყველაფერი საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომ ასეთი კატასტროფული შედეგი არ მიგვეღო?” - წერს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი “არსენალი” (N8, აგვისტო, 2020) სტატიაში, სათაურით აგვისტოს ომში მიტოვებულ შეიარაღებაზე ისევ არავინ აგებს პასუხს?!

“გასაგებია, რომ პატარა საქართველოს არ შესწევს იმის უნარი, ამ ომისთვის რუსეთის ხელისუფლებას პასუხი აგებინოს, მაგრამ თავისი წილი პასუხისმგებლობა არ ეკუთვნით საქართველოს მაშინდელ სხვადასხვა დონის პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს, ვინც მოსახლეობა მტერს საჯიჯგნად დაუტოვა პატარა და დიდი ლიახვის თუ კოდორის ხეობებში? მათ, ვინც არასწორი სამხედრო-პოლიტიკური მართვის გამო იმ ომის დროს ქართული სამხედრო დანაყოფები ბრძოლაში მიატოვეს, სამხედრო ბაზები დაუცველი დატოვეს და დიდი რაოდენობის ძვირად ღირებული საბრძოლო ტექნიკა და ტყვია-წამალი მოწინააღმდეგეს უბრძოლველად, ალაფად გაატანეს?! 12 წელი გავიდა, მაგრამ ამისთვის არავინ დასჯილა, პირიქით, დღეს ოპოზიციაში გადასული მაშინდელი მაღალჩინოსნები აქეთ გვმოძღვრავენ, ნაცვლად იმისა, ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი ეგოთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა: “მილიარდობით ლარი იქნა მიმართული არაერთი შეიარაღების სისტემების შესასყიდად და შედეგად მივიღეთ ის, რომ 2008 წელს, როდესაც ის ტრაგიკული მოვლენები განვითარდა, ჩვენმა ჯარმა მიიღო არნახული ზიანი და ზარალი. ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა, შეიარაღება უბრალოდ აორთქლდა... გვაქვს ლეგიტიმური კითხვები, იყო თუ არა ნამდვილად ეს შეიარაღება ჩვენს ჯარში, ვინაიდან არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შესყიდვა ფიქციურად განხორციელდა - ფიქციურად ხდებოდა ათეულობით მილიონი დოლარის გადარიცხვა ოფშორებში თითქოს ამა თუ იმ შეიარაღების შეძენასთან დაკავშირებით და რეალურად ჩვენი ქვეყანა არც შეიარაღებას იღებდა და ათეულობით და ასეულობით მილიონ ლარს კარგავდა. ეს არის უდიდესი ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც საჭიროებს არა მხოლოდ ჩვენი პროკურატურის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას”... თუკი ხელისუფლებას მართლაც აქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაშინ რაღას უცდის, რატომ არ გადადის აქტიურ გამოძიებაზე, რომ ღირსეული სასჯელი მიიღონ მათ, ვინც ომის დროს საქართველოს ინტერესები ფულსა და თანამდებობაზე გაყიდა...” - დასძენს გამოცემა.

“ყარაბაღის მოუგვარებელი პრობლემა კავკასიაში ჩვენი ორი მეზობლის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირების მთავარი მიზეზია. ვითარება როგორც ყარაბაღში, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და სომხეთთან ლაჩინის დერეფნითაა დაკავშირებული, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზეც ფეთქებადია და ყოველი ინციდენტი შეიძლება დიდ ომში გადაიზარდოს. ასეთი საფრთხის ალბათობა შესამჩნევად გაიზარდა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრისპირა თოვუზის რაიონში 12-16 ივლისის ბრძოლების დროს. რა შეიძლება ყოფილიყო გამწვავების მიზეზი, ძალის მოსინჯვის თუ პოზიციის გაუმჯობესების სურვილი? ორივე მხარეს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვთ. ივლისის ბრძოლები აზერბაიჯანის არმიას 12 სამხედროსა და 1 სამოქალაქო პირის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ბევრად მეტი დაჭრილი უნდა იყოს, მაგრამ ბაქო არაფერს ამბობს. სომხების დანაკარგი 4 დაღუპული და 36 დაჭრილი სამხედროა, საიდანაც 20-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა”, - წერს ჟურნალი “არსენალის” სტატიაში, სათაურით ომი ყარაბაღისთვის.

“უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანმა ამჯერად უპილოტოების ისე ეფექტიანად გამოყენება ვერ შეძლო, როგორც 2016 წლის 1-5 აპრილის ბრძოლებში. მაშინ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ერთ-ერთ ეპიზოდში უპილოტოდან ზუსტი დარტყმით ავტობუსი ააფეთქეს შიგ მსხდომი სომეხი რეზერვისტებით. დრონების დიდი და მრავალფეროვანი პარკისა და თურქული სამხედრო გამოცდილების გაზიარების მიუხედავად, აზერბაიჯანის არმიას ამ უპირატესობის გამოყენება არ გამოუვიდა. პირიქით, სომხეთის საჰაერო თავდაცვა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები გაცილებით ეფექტიანი აღმოჩნდა. ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, ჩამოგდებულია მოწინააღმდეგის 13 უპილოტო, მათ შორისაა სხვადასხვა რაოდენობის - SkyStriker-ი, Hermes 900, Orbiter 2, Thunder B, Harop-ი და სხვები. ორი SkyStriker-ი სომხებმა თავიანთ ტერიტორიაზე დასვეს. როგორ მოახერხეს სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანული უპილოტოების განეიტრალება,2019 წლის ბოლოს რუსეთიდან მიღებული ტაქტიკური დანიშნულების Тор-М2КМ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით, თუ რადიოელექტრონული ბრძოლის ახალი სისტემებით, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო არ განმარტავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სომხეთი აზერბაიჯანელთა დანაკარგს მიაკუთვნებს სამ ტანკსაც, რამდენიმე გამაგრებულ პუნქტს და სხვ. 14 ივლისს სომხური უპილოტოდან დარტყმას შეეწირნენ მე-3 საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი გენერალ- მაიორი ფოლად გაშიმოვი, იმავე კორპუსის არტილერიის უფროსი პოლკოვნიკი ილგარ მირზაევი და 4 ჯარისკაცი. ბაქო უპილოტოების დაკარგვას უარყოფს და ასზე მეტი სომეხი ჯარისკაცის დაღუპვაზე ლაპარაკობს. თუმცა ამ ყველაფერს უფრო პროპაგანდისტული ელფერი დაჰკრავს. სავსებით შესაძლებელია ყარაბაღის ომის ამ პატარა ეპიზოდს გადაჰყვეს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი. მისი დიდი შრომისა და მონდომების მიუხედავად, აზერბაიჯანის არმიამ სომხების იოტისოდენა შევიწროებაც ვერ შეძლო და გავრცელებული ინფორმაციით, პოზიციებიც დათმო...” - განაგრძობს გამოცემა.

“16 ივლისი საქართველოს სანაპირო დაცვის დღედ არის დაწესებული. ეს ტრადიცია სათავეს 1998 წლიდან იღებს, როცა ქვეყანას ძალიან უჭირდა, მაგრამ მაინც მოძებნა იმის რესურსი და საშუალებები, საზღვაო საზღვრების დაცვის დაწყებით წერტილი დაესვა იმ განუკითხაობისთვის, რაც მანამდე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ხდებოდა. ეს ტრადიცია არ ირღვევა და წელსაც ჩვეული წესით ჩატარდა. 16 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რანგის კაპიტან რამაზ პაპიძესთან ერთად პირად შემადგენლობას პროფესიული დღე ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაში მიულოცა. თემურ კეკელიძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის სამკერდე ნიშნებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით სანაპირო დაცვამ პროფესიული დღე აღნიშნა.

“შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა ასრულებს საზღვაო უსაფრთხოებასა და უშიშროებასთან დაკავშირებულ კომპლექსურ ამოცანებს, აკონტროლებს საქართველოს საზღვაო სივრცეში დადგენილ სამართლებრივ რეჟიმს. ასევე, მონაწილეობს ზღვაზე ძებნა-გადარჩენის და საავარიოსამაშველო ღონისძიებებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს სანაპირო დაცვამ გადაარჩინა 9 ადამიანი, დახმარება გაუწია 11-ს და 55 მცურავ საშუალებას... სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში ფოთის საზღვაო ბაზაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მეზღვაურების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კარგად არის ცნობილი, თუ რა დიდი და მრავალმხრივი დახმარება გაუწია აშშ-მა საქართველოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სანაპირო დაცვის შექმნაში. დღესაც საქართველოს სანაპირო დაცვის ფლოტისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის გაძლიერების, ასევე, გემთსარემონტო შესაძლებლობების განვითარებისთვის აშშ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. 15 ივლისს ფოთში სანაპირო დაცვის ბაზაში სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანსა და აშშ-ის დელეგაციას უმასპინძლა...“- განაგრძობს გამოცემა.

“ცხინვალის რეგიონის გადაუჭრელი პრობლემა და რთული ვითარება 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოზე თავდასხმისთვის გამოიყენა. 11 აგვისტოს რუსეთის არმიის ჯავშანკოლონები ავიაციის მხარდაჭერით ქართლში შემოიჭრნენ და ქვეყნის სიღრმისკენ მოიწევდნენ. 58-ე არმიის ვლადიკავკაზის მე-19 მოტომსროლელი დივიზიის 693-ე მოტომსროლელი პოლკის დანაყოფები და ფსკოვის 76-ე საპარაშუტო-სადესანტო დივიზიის 104-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკის სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი ცხინვალიდან დაიძრნენ ვარიანის მისადგომების დასაკავებლად”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით აგვისტოს ომის ერთი დღის ორი ბრძოლა.

“გასვლის ბრძანება 11 აგვისტოს 11:30 საათზე გაიცა და კოლონა სოფელ ტბეთიდან დაიძრა. რუსული კოლონის შემადგენლობაში იყო: ტანკები (Т-72), ქვეითთა საბრძოლო მანქანები (БМП-2), მედესანტეთა საბრძოლო მანქანები (БМД-1), 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცები (2С3 Акация), 122 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო სისტემები (2С9 Нона) და სხვა ტექნიკა. კოლონის ბოლოში 42-ე მოტომსროლელი დივიზიის ჩეჩნური სპეცდანიშნულების ბატალიონ "ვოსტოკის" ასეული მიემართებოდა. მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა ქართული არმიის მე-2 ბრიგადის 22-ე ბატალიონის ასეულ “ჩარლის” სადაზვერვო ოცეული. 10 აგვისტოს 22-ე ბატალიონმა ცხინვალზე შეტევისათვის სოფელ ხეთაგუროვოდან ავნევის გავლით ზემო ხვითისაკენ გადაჯგუფებისა და პოზიციების დაკავების ბრძანება მიიღო. ოპერაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ზემო ნიქოზიდან ზემო ხვითისკენ მიმავალი გზის უსაფრთხოებას და ამ დავალებას სადაზვერვო ოცეული ასრულებდა. 11 აგვისტოს 14 საათზე მზვერავები ზემო ხვითში, მთავარი პოზიციებიდან დაახლოებით 300-400 მ-ში იმყოფებოდნენ და მოწინააღმდეგის კანტიკუნტი გასროლების გარდა სხვა საფრთხე თითქოს არ შეინიშნებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დამიზნებული რამდენიმე გასროლის შემდეგ მზვერავებმა უკან დახევა და ასეულ "ჩარლის" მთავარ პოზიციებზე დაბრუნება გადაწყვიტეს, როცა მოულოდნელად სოფლის ცენტრალურ გზაზე დიდი სიჩქარით რუსების ორმა Т-72-მა და ამდენივე БМП-2-მა ჩაიქროლა. რუსული ჯავშანტექნიკა იმდენად სწრაფად მოძრაობდა, რომ ცეცხლის გახსნა ვერ მოესწრო, ხოლო რუსი მეტყვიამფრქვევის ცეცხლისგან “ფაგოტის” გათვლა, კაპრალები ლევან მანძულაშვილი და მალხაზ ბერიძე დაიღუპნენ. გასაგები იყო, რომ სოფლისაკენ მტრის კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი ჯავშანკოლონა მოემართებოდა და მზვერავებმა ჩასაფრება გადაწყვიტეს. სანგრებისთვის დრო აღარ რჩებოდა და პოზიციები გზის მახლობლად, ბაღებში მოაწყვეს. სამ სნაიპერსა და რამდენიმე მსროლელს, სულ ათიოდე ჯარისკაცს, მტრის მრავალრიცხოვან ჯავშანკოლონასთან უთანასწორო ბრძოლა მოელოდა. რუსების კოლონას Т-72 მოუძღოდა. ტანკს კოშკურის უკანა ნაწილი ქართველი ჯარისკაცებისკენ ჰქონდა მოტრიალებული. ამ დროს მისმა ეკიპაჟმა გზის მოპირდაპირე მხარეს, მინდორში, უკანდახეული ქართველი ჯარისკაცები შენიშნა. სროლისათვის კარგი მომენტი იყო და უმცროსმა სერჟანტმა შმაგი გულორდავამ РПГ-7-ით ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა ესროლა Т-72 N321-ს კოშკურის უკანა ნაწილში, სადაც სატანკო ჭურვების მარაგი ინახებოდა. დეტონაცია მყისიერად მოხდა და აფეთქების ძალა იმდენად ძლიერი იყო, მრავალტონიანი კოშკურა მოგლიჯა და რამდენიმე მეტრზე მოისროლა...” - განაგრძობს გამოცემა.

“1989 წლის გაზაფხულიდან სეპარატისტულად განწყობილი აფხაზი პოლიტიკოსები მოსკოვის მხარდაჭერითა და წაქეზებით აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისთვის მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსის მინიჭება იყო, რაც საქართველოდან გასვლას ნიშნავდა. არადა, აფხაზეთი საბჭოთა 21 ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ერთადერთი იყო, რომელსაც კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად ქართულსა და რუსულთან ერთად აფხაზური ჰქონდა დაფიქსირებული”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით აფხაზეთის ომის ცნობილი და უცნობი ფაქტები.

“საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში სეპარატისტებს 1990-იანი წლების დასაწყისიდან აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებათა დასრულებამდე რუსეთის შეიარაღებული ძალები მუდმივად ეხმარებოდნენ შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, საწვავით და რაც მთავარია, ცოცხალი ძალით, საცეცხლე მხარდაჭერით, სადაზვერვო მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფით, პირადი შემადგენლობის გაწვრთნით და ა.შ. აფხაზმა სეპარატისტებმა პირველი დახმარება საბჭოთა შინაგანი ჯარების 69-ე საბადრაგო დივიზიის სოხუმში დისლოცირებული 91-ე მილიციის მოტორიზებული სპეციალური ცალკეული (ს/ნ 5482) და საბადრაგო (ს/ნ 3697) ბატალიონებისგან მიიღეს” - აღნიშნავს გამოცემა.

“1991 წლის ბოლოს ორივე ბატალიონი დაიშალა და 600-მდე ავტომატი, ჯავშანტექნიკის 6 ერთეული (სამ-სამი БТР-70 და БРДМ-2, რამდენიმე ათეული ავტომობილი აფხაზებმა დაიტოვეს. რამდენიმე ოფიცერმა და პრაპორშჩიკმა სამსახური საბჭოთა შინაგანი ჯარებიდან აფხაზების შინაგანი ჯარის პოლკში გააგრძელა, ხოლო 1992 წლის მარტში სეპარატისტებს ბომბორას აეროდრომის ტექნიკური მომსახურების 44-ე ბატალიონის მეთაურმა 6 ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП სრული საბრძოლო კომპლექტით, 6 ტყვიამფრქვევი, 367 ხელყუმბარა Ф-1 და 50 ათასი სხვადასხვა კალიბრის ვაზნა გადასცა. ომის წინ აფხაზებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და ვაზნების საკმარისი მარაგი ჰქონდათ, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს უფრო შეავსეს. ამ დღეს გუდაუთაში საჰაერო თავდაცვის 96-ე დივიზიის 643-ე საზენიტო- სარაკეტო პოლკის იარაღის საწყობები სეპარატისტებმა დაარბიეს და დაიტაცეს 984 ავტომატი, 267 პისტოლეტი, 18 ხელის ტყვიამფრქვევი, 500 ხელყუმბარა და 500 ათასზე მეტი სხვადასხვა კალიბრის ვაზნა...” - განაგრძობს გამოცემა.

“სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი დირექტორის გიორგი კუტოიანის ტრაგიკული სიკვდილი არ იყო ერთადერთი ბურუსით მოცული შემთხვევა. 2019 წლის 23 სექტემბერს საკუთარ აგარაკზე გარდაცვლილი იპოვეს სომხეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი აიკ არუთუნიანი. გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა და ეს ვერსია დღესაც ძალაშია. აიკ არუთუნიანი 1999-2003 წლებში იყო სომხეთის შს მინისტრი, 2003-2008 წელს კი პოლიციის უფროსი, ხოლო 2010-2014 წლებში სომხეთის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სამმართველოს უფროსი. რას შეიძლება უკავშირდებოდეს სომხეთის ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მოულოდნელი გარდაცვალება? ან რა იყო მოულოდნელი საკადრო ცვლილებების წინა პირობა?” - წერს ჟურნალი”არსენალი” სტატიაში, სათაურით კორონავირუსი სომხეთის “სახელისუფლებო თამაშებში”.

ბუნებრივია, “კოვიდ-19” მხოლოდ საბაბი იყო, ნამდვილი მიზეზი კი, ჩვენი აზრით, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკური მდგომარეობის არასტაბილურობაში უნდა ეძიოთ. ის უნდა ეყრდნობოდეს წესით და რიგით, ძალოვან მინისტრებს! თუმცა, თუ ამ მინისტრებს პირდაპირ “მთავარი სტრატეგიული პარტნიორი”, ანუ რუსეთი გინიშნავს, მაშინ გასაგებია ნიკოლ ფაშინიანის შიში და მყიფე პოლიტიკური მომავალი. რუსეთი სომხეთის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია უკვე ათწლეულებია აზერბაიჯანსა და თურქეთთან მრავალწლიანი დაპირისპირების დროს სომხეთის სპეცსამსახურები და თავდაცვის ძალები რუსეთის შესაბამის სტრუქტურებთან მჭიდრო კავშირში მოქმედებენ. სომხეთის ტერიტორიაზე განლაგებული არიან რუსეთის რადიოელექტრონული დაზვერვის დანაყოფები, რომელთა მეშვეობით რუსეთი მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას იღებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“1999 წლიდან დაიწყო სომხეთ-რუსეთის ავიაციისა და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების ერთობლივი საბრძოლო წვრთნები. სომხეთი აქტიურად მონაწილეობს სთ-ის ანტიტერორისტული ცენტრის მუშაობაში, ერთობლივი წვრთნები სისტემატურად იმართება სომხეთში, რომლის ამოცანაა კონკრეტული სადაზვერვო-დივერსიული დავალებების შესრულებაში დაოსტატება და მიზნად ისახავს სომხეთ-რუსეთის სპეცსამსახურებს შორის პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას. სევანის ტბის ახლომდებარე სასტუმრო “ჰარსნაკერში” სისტემატურად ხვდებიან ერთმანეთს სომხეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობა და რუსეთის ფე-ეს-ბეს დელეგაცია...” - განაგრძობს გამოცემა.

“2008 წლის აგვისტოს ომი, ზოგმა ხუთდღიანი რომ უწოდა, ბევრისთვის მთელი ცხოვრება და ეპოქა აღმოჩნდა, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა და გაანადგურა. შიშგაუაზრებელი, გამოუცდელი ბიჭები იმ უთანასწორო ომში მიდიოდნენ, სადაც ყველანაირი რესურსი თუ საშუალება მტრის მხარეს იყო. ისინი ბევრი იყვნენ, ძალიან ბევრი... რთული აღმოჩნდა ამ “ძალიან ბევრი” ოკუპანტის ნასროლი ტყვიებისა და ჭურვების მოგერიება. ისედაც პატარა საქართველო უფრო დაპატარავდა, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობა თავშესაფარს ვერ პოულობდა. იბომბებოდა მთელი ქვეყანა და კაცმა არ იცოდა,სად ჩამოვარდებოდა მორიგი ბომბი."- აგვისტოს ომის დღეებს იხსენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს სერჟანტი იმედა შოშიტაშვილი. თანამებრძოლების თავდადების წყალობით სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ომს ყველაფერი გახსენებს, განსაკუთრებით კი სხეულში ჩარჩენილი ტყვია, რომელიც მისი სიცოცხლის თანამგზავრად იქცა”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით სიკვდილის პირისპირ / “ხუთი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული, თითქოს გავფრინდი, ტყვიამ იმხელაზე გამისროლა”.

“საბრძოლო მოქმედება - 7 აგვისტოს, იქნებოდა დღის 3-4 საათი, სამმართველოდან გავედით. მე ჯავშანმანქანა “კობრას” N209-ის ეკიპაჟში მოვხვდი. მას გია რომელაშვილი მართავდა. გია 2005 წელს გავიცანი, პირველ განყოფილებაში ოცმეთაური იყო. დავმეგობრდით, მივლინებაში ერთად ყოფნა გვიწევდა. წალკაში, მცხეთაში, კოდორის ხეობაში, სულ ერთად ვიყავით და მისგან ბევრ რამეს ვსწავლობდი. ძალიან თბილი პიროვნება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უფროსი ახლდათ, თავს მის თანატოლად გრძნობდი. ერთხელ მივლინებისას თავისუფალ დროს შიომღვიმეში ავედით. ძალიან მოსწონდა ეს ტაძარი და მითხრა, ჩემი ქალიშვილი აქ უნდა მოვნათლოო. 7-ში ღამის 12 საათამდე კარალეთის ბაზაში ვიყავით. 12 საათზე გაგვიყვანეს, ძალიან ნელა მივდიოდით, ამიტომ ნიქოზში გამთენიისას შევედით, იქიდან კი ცხინვალში. ვხედავდით ქუჩაში სკამებზე ჩამომსხდარ მოსახლეობას, რომელსაც მთელი ღამე გარეთ გაეთია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჩვენი საგუშაგოდან ტანკები დაგვიყენეს წინ და წავედით, მაგრამ პირველ ცდაზე ვერ შევედით, ისეთი წინააღმდეგობა იყო. ნახევარი საათის შემდეგ მარტო ტანკები გაუშვეს, მალევე გამოვიდნენ და შემდეგ ჩვენც შევყევით. მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი მებარა, სროლის დროს ვერ განსაზღვრავდი, რამდენი მქონდა გასროლილი და როდესაც გაჩერდა, ვიფიქრე, ალბათ, ტყვიები დავცალე-მეთქი და ლენტი გამოვცვალე, გადავტენე და რომ არ გადაიტენა, მაშინ შევამჩნიე, ლულაში ტყვია იყო გაჭედილი სათადარიგო ლულა გვქონდა, მაგრამ შეცვლის დრო არ იყო, გვესროდნენ. ტყვიები მანქანას ხვდებოდა, ძირითადად, მძღოლს უმიზნებდნენ, მანქანა რომ გაეჩერებინათ. რაციითაც გადავეცით, როგორ მოვიქცეთ, დავბრუნდეთ, ტყვიამფრქვევი შევაკეთოთ, თუ გზა გავაგრძელოთ-მეთქი, მაგრამ რაციის ხმა ჩაიხშო და კავშირზე ვერავინ გამოდიოდა. სხვა გზა არ იყო, მანქანის სახურავის ლუკი დავხურეთ, ავტომატები სათოფურებში გავყავით და სროლით ვუპასუხეთ. რადგან გია რომელაშვილი საჭესთან იჯდა, მისი მჭიდებიც ჩვენ გამოვიყენეთ. ვაზნები სულ ამოვწურეთ. ამასობაში რაციაში კავშირი აღდგა და მთავრობის სახლთან ვართო, დაიძახა ვიღაცამ...” - განაგრძობს გამოცემა.

“როგორც წესი, სეზონის დაწყებისთანავე ვაძლიერებთ შემადგენლობას. წლევანდელი იმით არის გამორჩეული, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეებიც ემატება. ცხადია, მაშველები სრულად იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას. შავი ზღვის სანაპირო ზოლს წელს სეზონურ მაშველთა გაზრდილი შემადგენლობა გააკონტროლებს. მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე იზრუნებს 355 მაშველი, მათ შორის 15 ქალია. მაშველები განახლებული უნიფორმით იმუშავებენ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არიან აღჭურვილი”, - აცხადებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა თვაური ჟურნალ “არსენალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სიახლეები საზღვაო-სამაშველო სამსახურში.

“აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონების ტერიტორიაზე მზად გვეყოლება 6 კატარღა, 7 ნავი და 27 სკუტერი, 1 სამაშველო და 3 სადაზვერვო დრონი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე განაახლა და დაამატა სამაშველო კოშკურები, სულ 108 კოშკურაა,უმრავლესობა უკვე გამოცდილი საზღვაო მაშველია. ისინი რამდენიმე წელია მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. გვყავს. ახალი თანამშრომლებიც, რომლებმაც სპეციალური შემოწმება გაიარეს, სწავლება დაასრულეს და მზად არიან მოქალაქეების დასახმარებლად. საზღვაო მაშველების გუნდში წელსაც არიან მაშველი ქალები. ასე რომ, შავი ზღვის სანაპიროზე 15 მაშველი გოგონა იმუშავებს”, - აღნიშნავს ლაშა თვაური და შეკითხვაზე - “აქამდე არსებული შეზღუდვების თანახმად, არ შეიძლებოდა აკრძალულ ზონებში შესვლა, ასევე, ზღვაში შტორმის დროს. კატეგორიულად აკრძალულია ნასვამისა და ნაბახუსევზე ცურვაც. კიდევ რა შეზღუდვებია წელს?” - პასუხობს:

“ბუნებრივია, ძალაში რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეკომენდაციები. მოქალაქეებს მოვუწოდებთ ზღვაზე, ტბებზე, მდინარეებსა და სხვა სანაპირო ზოლებზე უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად დაიცვან კონკრეტულ ადგილებში უსაფრთხოებისთვის დადგენილი წესები. ყურადღება მიაქციონ სანაპირო ზოლზე არსებულ საინფორმაციო ბანერებსა და ამკრძალავ ნიშნებს. არ გასცდნენ წყალში მონიშნულ საცურაო სივრცეს და მაშველთა პატრულირების არეალს. არ შევიდნენ წყალში ნასვამი ან ნაბახუსევზე. დაუშვებელია ბავშვებისა და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპირო ზოლსა და წყალში. კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობისა და შეზღუდული ხილვადობის დროს. აუცილებელია თავი შეიკავონ წყალში შესვლისგან იმ ადგილებში, სადაც არ არის მოწყობილი სანაპირო ზოლი, არ არის ხალხმრავალი ადგილი, არ დგას მიმანიშნებელი ან ამკრძალავი ნიშნები და არ არის შექმნილი უსაფრთხო ცურვისთვის პირობები...”

“KelTec-ის საიარაღო ფირმა ერთ-ერთი გამორჩეულია შეიარაღების ამერიკულ ბაზარზე, რადგან კლიენტებს მუდამ აოცებს ორიგინალური სიახლეებით. გამონაკლისად არც ამ ფირმის ახალი პისტოლეტი KelTec CP-33 იქცა, რომელსაც, ჩანს, მსოფლიოში პისტოლეტებს შორის ყველაზე ტევადი საშტატო მჭიდი აქვს. მჭიდი 33 ვაზნის მარაგით ნებისმიერ მსროლელს თავდაჯერებულობის გარანტიას მისცემს, მიუხედავად იმისა, რომ ვაზნები, ბუნებრივია, მცირეკალიბრიანია, რადგან სამ ათეულზე მეტი “პარაბელუმის” ვაზნის ჩასატევად ძალიან გრძელი მჭიდის დაყენება დასჭირდებოდათ ამერიკელ მეიარაღეებს”, - წერს ჟურნალი “არსენალი” სტატიაში, სათაურით პისტოლეტი ყველაზე დიდი მჭიდით / KelTec CP-33 – პისტოლეტი, რომლითაც ერთმანეთის მიყოლებით 33(!) ტყვია შეგიძლია გაისროლო...

“22LR ტიპის ვაზნის ისტორია მესამე საუკუნეს ითვლის და ის ძალიან კარგადაა ცნობილი მსოფლიოში. ამ ვაზნას ყოფილ საბჭოთა კავშირშიც ხშირად იყენებდნენ “მარგოლინის” სპორტული პისტოლეტებისთვის. ამ ვაზნის პარამეტრებია 5,6X15,6 მმ, 2,9 გ მასის ტყვიის საწყისი სიჩქარე 290 მ/წმ-მდეა, ხოლო საწყისი ენერგია მხოლოდ 122 ჯოული. გასაგებია, რომ ასეთი მოკრძალებული საბრძოლო შესაძლებლობების გამო ამ ვაზნებით დატენილი იარაღით არავინ წავა დათვზე სანადიროდ, სამაგიეროდ, მისი გამოყენება პირდაპირ მისწრებაა სპორტულ შეჯიბრებებზე ან სულაც გასართობი სროლებისთვის, როდესაც იარაღს გასროლისას არც დიდი უკუცემის ძალა აქვს (და სიამოვნებით შეუძლიათ ისროლონ ქალებმაც). ტყვიაც (რაც მცირემანძილიანი სასროლეთის გამოყენების საშუალებას იძლევა) არც ძალიან შორს მიფრინავს და რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს ვაზნები ბევრად იაფი ღირს იმავე “პარაბელუმის” ვაზნებთან შედარებით”, - აღნიშნავს გამოცემა.

მიუხედავად იმისა, რომ KelTec CP-33 პისტოლეტი დიდი და თითქოს მოუხერხებელი ჩანს, ის ვაზნების გარეშე მხოლოდ 669 გ-ს იწონის, რასაც მის კონსტრუქციაში მსუბუქი, მაგრამ გამძლე პლასტმასის ფართოდ გამოყენებით მიაღწიეს ინჟინრებმა. პისტოლეტის საერთო სიგრძე 269 მმ-ს აღწევს, მაშინ, როდესაც “სტეჩკინის” ავტომატური პისტოლეტის სიგრძე მხოლოდ 225 მმ-ს, მიუხედავად ამისა, “კელტეკის” პისტოლეტი უფრო ერგონომიკულია, რადგან მისი სახელური შედარებით ვიწროა, იმის გათვალისწინებითაც, რომ მასში 33-ვაზნიანი მჭიდი თავსდება. იარაღის ამერიკულ მაღაზიებში ახალი პისტოლეტი KelTec CP-33 მწარმოებელმა ფირმამ 2019 წელს განათავსა და თითოეულის ფასი 475 დოლარით განსაზღვრა. ამ ფასად იმავე მაღაზიებში საკმაოდ კარგი პისტოლეტების შეძენაც შეიძლება, რომლებიც უფრო “საბრძოლო”, 9 მმ კალიბრის ვაზნებზეა გათვლილი, მაგრამ “კელტეკის” მცირეკალიბრიანი, თუმცა მრავალვაზნიანი, საინტერესო დიზაინის ახალი პისტოლეტი მაინც თვალს სტაცებს იარაღის მოყვარულებს, რათა სროლით გული იჯერონ”, - დასძენს გამოცემა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს