თოფაძეების ოჯახის ადვოკატი - ლევან თოფაძის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მძიმე, რის გამოც მისი გამოკითხვა ამ ეტაპზე შეუძლებელია

თოფაძეების ოჯახის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რის გამოც ამ ეტაპისთვის რაიმე საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და დაზარალებულის გამოკითხვა შეუძლებელია.

ადვოკატის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა დაზარალებულის გამოკითხვამდე მათ რაიმე საფუძველი არ გააჩნია.

"მე როგორც ვიცი, ჟვანიასაც აქვს დაზიანება მიღებული, მაგრამ თვითონ მიიყენა, თუ სხვა პირმა მიაყენა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ლევანს არავისთვის არ მიუყენებია ჭრილობა. ამ მომენტისთვის ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, მძიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა მისი გამოკითხვა ჯერ არ იგეგმება, რადგან ამ მომენტისთვის შეუძლებელია ფიზიკურად რაიმე საგამოძიებო მოქმედება ჩატარდეს, მათ შორის გამოკითხვა. ჩემი ინფორმაციით, ჟვანიაც არ გამოკითხულა. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დადგინდეს მოტივი, მიზანი რაც შეიძლება ამ ინციდენტის მიზეზი ყოფილიყო. ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა მოტივთან დაკავშირებით, მაგრამ ამას ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ აქვს, სანამ თავად დაზარალებული არ გამოიკითხება და არ გამოიკითხებიან სხვა პირები, რომლებიც იქ იყვნენ", - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია. აღსანიშნავია, რომ დაჭრილია თავად ჟვანიაც.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა