პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის პროგრამის ნაწილია, რომ ყველა სახელმწიფო საწარმოში და უძრავ ქონებაში საქართველოს თითოეული მოქალაქე მეწილედ დარეგისტრირდეს. ამის შესახებ ბაქრაძემ ალექსანდროვის ბაღში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენამდე განაცხადა.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ასევე, მოსახლეობას უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახნავ-სათესი მიწები, საძოვრები და ტყეები.
„როდესაც კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოს ხელშია ქონების დიდი ნაწილი და ეს ქონება იხარჯება პრივილეგირებული მმართველების ათეულობით ათასლარიან ხელფასებზე. მიდის და ილექება მთავრობის ჯიბეებში. ამიტომ ჩვენი პროგრამის ძირითადი დაპირება იქნება, ამ ქონების ქართველი ხალხისთვის დაბრუნება. კონკრეტულად სახნავ-სათესი მიწები, საძოვრები, ტყეები პირდაპირ და უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს ქართველ ხალხს.
სახელმწიფოს ხელშია სახელმწიფო საწარმოები, რომელთაც ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ლარის მოგება უნდა მოჰქონდეთ და ვერ მუშაობს კორუფციის და არასწორი მართვის გამო. ჩვენი პროგრამის ნაწილია, რომ ყველა სახელმწიფო საწარმოში, ყველა უძრავ ქონებაში ქართველი, საქართველოს თითოეული მოქალაქე დარეგისტრირდეს როგორც მეწილე და ნებისმიერი მოგება, რომელსაც მოიგებს ეს საწარმოები, წავიდეს ხალხთან და არა მთავრობასთან. საქართველოს ქონება ეკუთვნის ქართველს ხალხს და არა საქართველოს ხელისუფლებას“, - განაცხადა ბაქრაძემ.