ევროკომისიამ კორონავირუსთან დაკავშირებით ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების დასახმარებლად მაკროფინანსური დახმარების რვა პროგრამა შეათანხმა

დღეისთვის, ევროკომისიამ (ევროკავშირის სახელით) რვა პარტნიორ ქვეყანასთან მაკროფინანსური დახმარების პროგრამებთან დაკავშირებული ურთიერთგაგების მემორანდუმები შეათანხმა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს შეთანხმებები კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი და სამეზობლო ათი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის მიზნით 3 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ევროკომიიის განმარტებით, პროგრამების მიმდინარეობა და მათი სწრაფი განხორციელება ამ ქვეყნებისადმი ევროკავშირის სოლიდარობის მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა დღევანდელი უპრეცედენტო კრიზისის დროს.

ურთიერთგაგების მემორანდუმები უკვე შეთანხმებულია ალბანეთთან, იორდანიასთან, კოსოვოსთან, მოლდოვასთან, მონტენეგროსთან, საქართველოსთან, უკრაინასა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ოთხ ქვეყანასთან – კოსოვო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია და უკრაინა – მემორანდუმები უკვე ოფიციალურად გაფორმდა, ხოლო ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ტუნისთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკომისარმა ევროპული და სოციალური დიალოგის საკითხებში ვალდის დომბროვსკიმ აღნიშნა, რომ კრიზისის დროს, მთელი რეგიონის სტაბილურობისათვის, მეზობლების დახმარება აუცილებელია.

„კორონავირუსის პანდემიაზე ევროკავშირის გლობალური რეაგირების ფარგლებში, მეზობელი ქვეყნების ეკონომიკისთვის ყველაზე საზიანო შედეგების შერბილებისთვის ვმუშაობთ. კრიზისის დასაძლევი მაკროფინანსური დახმარების ეს პროგრამები, ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე ევროკავშირის მდგრადი მიზნების შესაბამისად ეკონომიკის რეფორმებისთვის ხელსაყრელ პირობებს უზრუნველყოფს. პროგრამები ეხმარება ამ ქვეყნებს, მათ ხალხსა და კომპანიებს, პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებაში მათი განსაკუთრებული სირთულეების გათვალისწინებით, 2020-21 წლებში საგარეო საფინანსო საჭიროებები დაფარონ,“- განაცხადა ვალდის დომბროვსკიმ.

ევროკავშირის ეკონომიკის კომისარმა პაოლო ჯენტილონიმ კი განაცხადა, რომ COVID-19 პანდემია საზღვრებს არ ცნობს და მისი უპრეცედენტო ეკონომიკური და სოციალური ზეგავლენა მსოფლიოს ქვეყნებს აზიანებს.

„გაფართოების კანდიდატი და სამეზობლო პარტნიორი ქვეყნები ძლიერ დაზარალდნენ და ჩვენ, როგორც ევროკავშირს, გვაქვს ფინანსური ძალა, რომ მათ პანდემიის ეკონომიკური შედეგების შერბილებაში დავეხმაროთ. ევროკომისია, ევროკავშირის სახელით, მუშაობს ათ პარტნიორ ქვეყანასთან, უპრეცედენტო კრიზისის დროს მათი ძალისხმევის მხარდასაჭერად და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსახორციელებლად. რვა პარტნიორთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, რაც ევროკავშირის სოლიდარობის დემონსტრირებაა”, - განაცხადა პაოლო ჯენტილონიმ.

ევროკომისიის ინფორმაციით, ურთიერთგაგების მემორანდუმები ავალდებულებს დახმარების მიმღებ ქვეყნებს (ბენეფიციარებს), რომ მეორე ტრანშის მისაღებად განახორციელონ გარკვეული საქმიანობა სექტორული პოლიტიკის სფეროში. ურთიერთგაგების მემორანდუმების შეთანხმება და მათი ხელმოწერა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროგრამების ფარგლებში პირველი ტრანშის მისაღებად, რაც განპირობებულია პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით, მათ შორის, დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში. ბენეფიციარი ქვეყნები, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარების პროგრამით ისარგებლებენ.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ალბანეთისთვის 180 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამისთვის პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობები სახელმწიფო ფინანსების გაძლიერებასა და ფინანსური სექტორის სიცოცხლისუნარიანობას, მმართველობის გაუმჯობესებასა და კორუფციასთან ბრძოლას და სოციალური დაცვის გაძლიერებას ეხება.

საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობები პოლიტიკის სფეროში უკავშირდება სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერებას, მმართველობის გაუმჯობესებას, სექტორულ რეფორმებსა და შრომის ბაზართან დაკავშირებულ პოლიტიკას.

იორდანიისთვის 700 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამისთვის პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობები უფრო ფართოა, რადგან ორი მაკროფინანსური დახმარების ოპერაციას მოიცავს. ისინი სახელმწიფო ფინანსების მართვას, კომუნალურ მომსახურებას, სოციალურ და შრომის ბაზრის პოლიტიკას და მმართველობას ეხება.

კოსოვოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამისთვის პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობები სახელმწიფო ფინანსების გაძლიერებასა და ფინანსური სტაბილურობას, ახალგაზრდების უმუშევრობის საკითხის მოგვარებას, კარგი მმართველობის გაუმჯობესებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავს. მოლდოვასთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამისთვის პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობები სახელმწიფო ფინანსების ფინანსთა მართვის გაძლიერებას, კარგ მმართველობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ეხება. მონტენეგროსთვის 60 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამისთვის პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობები სახელმწიფო ფინანსების გაძლიერებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებას, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და სოციალური დაცვის სფეროს რეფორმას მოიცავს.

ჩრდილოეთ მაკედონიისთვის 160 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამისთვის პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობები ფისკალური მმართველობის გაძლიერებასა და გამჭვირვალობას, კორუფციასთან ბრძოლას, ფინანსურ სექტორზე ზედამხედველობას, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და ახალგაზრდების უმუშევრობის საკითხის მოგვარებას მოიცავს.

უკრაინისთვის 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პროგრამისთვის პოლიტიკის სფეროში არსებული კონკრეტული პირობები უფრო მასშტაბური და მრავლისმომცველია და სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერებას, მმართველობასა და კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემის რეფორმას, გაზის ბაზარზე კონკურენციას, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებასა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მმართველობას შეეხება.

ევროკომისიაში განმარტავენ, რომ მაკროფინანსური დახმარება არის ნაწილი ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ჩართულობისა გაფართოების კანდიდატ და სამეზობლოს ქვეყნებთან და ევროკავშირის მიერ კრიზისებზე საპასუხოდ შემუშავებული დახმარების საგანგებო ინსტრუმენტია. ის ხელმისაწვდომია ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი ქვეყნებისა და სამეზობლო ქვეყნებისთვის, რომლებიც საგადამხდელო ბალანსის სერიოზულ პრობლემებს განიცდიან. მაკროფინანსური დახმარება ევროკავშირის სოლიდარობისა და ეფექტიანი პოლიტიკის მხარდაჭერის დემონსტრირებაა ამ ქვეყნების მიმართ დღევანდელი უპრეცედენტო კრიზისის დროს.

ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი და სამეზობლო ათი პარტნიორი ქვეყნისთვის COVID-19 პანდემიის კონტექსტში მაკროფინანსური დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილება ევროკომისიის მიერ 22 აპრილს იყო შემოთავაზებული, ხოლო ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ იგი 2020 წლის 25 მაისს დაამტკიცეს. მაკროფინანსურ დახმარებასთნ ერთად, ევროკავშირი სამეზობლო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მხარს უჭერს რამდენიმე სხვა ინსტრუმენტის საშუალებით, მათ შორისაა ჰუმანიტარული დახმარება, ბიუჯეტის მხარდაჭერა, თემატური პროგრამები და ტექნიკური დახმარება, შერეული ინსტრუმენტები და კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებში ინვესტიციების მხარდამჭერი, მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის გარანტიები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს