სარეიტინგო კომპანიამ „S&P” საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და პერსპექტივა “სტაბილური” უცვლელად დატოვა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „S&P” საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და პერსპექტივა “სტაბილური” - უცვლელი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, „S&P” - ის ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ანგარიში საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენების გათვალისწინებით გამოქვეყნდა. სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ ფონზე, საქართველოს რეიტინგისა და პერსპექტივის უცვლელად დატოვება, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ სარეიტინგო კომპანიის ნდობაზე მიანიშნებს.

„ანგარიშის თანახმად, „S&P“ - ი შესაძლებლად მიიჩნევს საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაზრდას, თუ ეკონომიკური ზრდა აისახება შემოსავლების უფრო მაღალ დონეში და ქვეყნის ექსპორტი გახდება უფრო მეტად დივერსიფიცირებული, როგორც პროდუქტების, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით.

სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ძლიერ მხარედ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება დაასახელა. „S&P“ - მ ეკონომიკის მნიშვნელოვან უპირატესობად საქართველოს ინსტიტუციური სიძლიერე მიიჩნია.

„S&P“ ანგარიშში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული, მოიცავს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ბიზნესგარემოს შემდგომ გაუმჯობესებას, განათლებისა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმას. ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი და სიძლიერე მიანიშნებს მთავრობის შესაძლებლობაზე, უზრუნველყოს ვალის მშპ-სთან ფარდობის შემცირება.

სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2020 წელს ეკონომიკური კლება 6% იქნება. პანდემიამ ყველაზე მეტად ზიანი მიაყენა ტურიზმის სექტორს, რომელიც მნიშვნელოვან დამსაქმებელს, ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების მოხმარებისა და სავალუტო ნაკადების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ანგარიშის მიხედვით, საზღვრების გახსნის მიუხედავად, ტურიზმის სექტორის გაჯანსაღება ნელი ტემპებით მოხდება, რამდენადაც კვლავ ძალაში რჩება სოციალური დისტანცირების ღონისძიებები. სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის დონეს 2022 წელს დაუბრუნდება,“- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, „S&P“ პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, 2020 წლის პირველ ნახევარში ზრდის მიუხედავად, ინფლაცია 2010-2019 წლებში საშუალოდ 4%-ს ქვემოთ იყო. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სარეიტინგო სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას რეგიონის ქვეყნებთან შედარებით.

მათივე ინფორმაციით, სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას, დოლარიზაციის შემცირებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, საპენსიო რეფორმას, დეპოზიტების დაზღვევას, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ხელისუფლების სხვა რეფორმებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „S&P” - მა რამდენიმე ქვეყნის რეიტინგის პერსპექტივა გააუარესა, რომელთა შორისაა ესტონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, უზბეკეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და პორტუგალია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს