ცესკო საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას 3 657 საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფს

ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეიდან ყველა იმ პროცედურის განხორციელებას იწყებს, რომელიც 31 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებისთვის აუცილებელია. ამის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

როგორც მიქელაძემ აღნიშნა, ცესკო მოქალაქეებისთვის ყველა პირობას ქმნის, რომ მათ კენჭისყრის დღეს თავისუფლად და უსაფრთხოდ განახორციელონ საკუთარი მოქალაქეობრივი უფლება.

მისივე თქმით, დღეს გამართულ ცესკოს სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის არჩევნების ღონისძიებათა გრაფიკი, რომელიც დეტალურად ასახავს არჩევნებთან დაკავშირებულ აქტივობებსა და შესაბამის ვადებს.

„ეს მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დოკუმენტი ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ცესკომ პანდემიის პირობებში საარჩევნო კომისიებში საქმიანობისთვის, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციით, საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები დაადგინა, რომელიც სავალდებულოდ გავრცელდება როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, ისე არჩევნებში ჩართულ მხარეებზე საარჩევნო ადმინისტრაციასთან ურთიერთობისას“, - აღნიშნა პრეს-სპიკერმა.

საარჩევნო ადმინისტრაცია, მათ შორის ცესკო და 73 საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას 3 657 საარჩევნო უბანზე. დღევანდელ სხდომაზე მიღებული დადგენილებით ავღანეთში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიქმნება 2 - ბაგრამისა და მაზარი შარიფის საარჩევნო უბნები.

ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისათვის, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია გაიარა 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ. ამასთან, გარკვეულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეუძლიათ განცხადებით მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 4 სექტემბრისა.

მისივე ინფორმაციით, დღეიდან, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენელებს აქვთ შესაძლებლობა რეგისტრაციისთვის მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას არაუგვიანეს 4 სექტემბრისა. ცესკოს მიერ განისაზღვრა საინიციატივო ჯგუფების მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერების მინიმალური ოდენობაც.

როგორც პრეს-სპიკერმა განაცხადა, პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ყველა ის სამართლებრივი რეგულაცია, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. კერძოდ, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.

დღესვე ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსები გამოაცხადა. ცესკოს მიერ ასევე განისაზღვრა არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში და თითოეულ მათგანს უსურვებს წარმატებას საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში.

იხილეთ ვიდეო:ცესკო საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას 3 657 საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა