საქართველო ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდულ ოლიმპიადას - EJOI მასპინძლობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2-6 სექტემბერს ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდული ოლიმპიადა, რეკორდულად ბევრი, 30-მდე ქვეყნის მონაწილეობით ონლაინ რეჟიმში იმართება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ოლიმპიადის ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“ უზრუნველყოფს.

უწყების ცნობით, ოლიმპიადა 2 სექტემბერს 16:00 საათზე ელექტრონულ ფორმატში საზეიმო ცერემონიით გაიხსნა, რომლის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შესახებ საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ჯაბა სამუშიასა და ოლიმპიადის პრეზიდენტის გიორგი მანდარიას მისალმების შემდეგ მოხდა ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების წარდგენა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ოლიმპიადის მონაწილეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო კომიტეტის გადაწყვეტილებით 2021 წლის ოლიმპიადა, მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში, ტრადიციულ ფორმატში კვლავ საქართველოს ორგანიზებით გაიმართება.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველომ მაღალ დონეზე უზრუნველყო 2020 წლის ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადის ონლაინ ფორმატში ჩატარება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დღეს, მსოფლიო გამოწვევების ფონზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ონლაინ ჩატარება შესაძლებელია.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ოლიმპიადის ყველა მონაწილეს წარმატებები ვუსურვო. იმედი მაქვს, მომავალ წელს მსოფლიო Covid-19-ის პანდემიას დაამარცხებს და მომდევნო ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადის მონაწილეებს საქართველოში ვუმასპინძლებთ “, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს საქართველომ ძირითადი გუნდის გარდა, წარადგინა დამატებით გუნდი, რომელიც ოლიმპიადაში კონკურსგარეშე იღებს მონაწილეობას. გამარჯვებული გუნდები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები, შესარჩევი ტურების შედეგად გამოვლინდებიან. ოლიმპიადის საზეიმო დახურვა 6 სექტემბერს, 17:00 საათზე ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

უწყების ცნობით, 2020 წლის საქართველოში ჩატარებული ოლიმპიადისთვის შეიქმნა ოფიციალური ვებგვერდი http://ejoi2020.ge, მომზადდა ამოცანები და სპეციალური ავტომატიზებული მატესტირებელი სისტემა.

„ოლიმპიადის მასპინძლობით და მაღალი დონის ორგანიზებით საქართველო კიდევ ერთხელ წარმოჩნდება ქვეყანა, რომელსაც ღირსეული ადგილი უჭირავს ევროპისა და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და ამ სფეროში სათანადო, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებისა თუ პედაგოგიური კადრის არსებობით.

ინფორმატიკის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდები ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის შედეგებისა და დამატებითი შესარჩევი ტურის შედეგების საფუძველზე, შესაბამისი ასაკობრივი ზღვარის გათვალისწინებით შეირჩა.

ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. იგი იმართება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის წესებისა და სტანდარტების მიხედვით. პირველად ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა (EJOI) 2017 წელს ბულგარეთში გაიმართა “, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს