პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო

„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით (81 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ) დაამტკიცა.

ცვლილებების მიხედვით, ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა იკრძალება და აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, აღნიშნული ქმედებები ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

“არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე,”- აღნიშნულია კანონპროექტში.

ორგანული კანონის პროექტით განისაზღვრება პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესიც. ცვლილება ეხება მე-13 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებს. კერძოდ, პროექტის მიხედვით:

“ა) პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 6-ზე და იყოფა ამ მუხლით განსაზღვრული პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის ცესკოს იმ წევრთა რაოდენობა, რომელთა დანიშვნის უფლებაც აქვს პარტიას. პარტიას არა აქვს უფლება დანიშნოს ცესკოს სამ წევრზე მეტი;

ბ) იმ პარტიის მიერ მიღებული ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის დასადგენად, რომელიც არჩევნებში საარჩევნო ბლოკის მეშვეობით მონაწილეობდა, ამ მუხლის მიზნებისათვის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა იყოფა საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა რაოდენობაზე.

თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად ცესკოს წევრთა რაოდენობა ვერ შეივსო 6-მდე, ცესკოს წევრის დანიშვნის უფლებას მის წევრთა რაოდენობის 6-მდე შესავსებად საუკეთესო შედეგების თანამიმდევრობის გათვალისწინებით მოიპოვებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ის პარტიები, რომელთაც ვერ დანიშნეს ცესკოს წევრი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. თუ პარტია არ დანიშნავს ცესკოს წევრს (წევრებს) უფლების წარმოშობიდან 7 დღის ვადაში, ამ უფლებას თანამიმდევრობით მოიპოვებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პარტიები.“

ორგანული კანონით ასევე, ზუსტდება საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსების დროებითი წესი.

კერძოდ, ცვლილებების თანახმად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსების მიზნით საარჩევნო სუბიექტმა წერილობით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 38 დღისა. ხოლო საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე შესაბამისი თანხა ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს მე-15 დღისა.

საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება. პარტიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გამოსაანგარიშებლად შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ ბოლო საერთო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე. ამასთანავე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისთვის და საარჩევნო ბლოკისთვის (მიუხედავად ბლოკში გაერთიანებული პარტიების რაოდენობისა) განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.

თუ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული რომელიმე პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში, თანხა სრულად განაწილდება საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ არჩევნებში მონაწილე პარტიებზე.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს