საქალაქო სასამართლო პარტია „ევროპული საქართველოს" არჩევნებიდან მოხსნის საკითხზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო პარტია „ევროპული საქართველოს" არჩევნებიდან მოხსნის საკითხზე მსჯელობს.

როგორც სხდომის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სარჩელით სასამართლოს მოქალაქე სერგო ჯავახიძემ მიმართა.

მისივე თქმით, სარჩელი აბსურდულია და არანაირი საფუძველი პარტიის არჩევნებიდან მოხსნის თაობაზე არ არსებობს.

„როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ და სუს-ის პროვოკატორებს სურთ „ევროპული საქართველო" მოიხსნას არჩევნებიდან. ამას ეხება ეს სარჩელი, რომელიც იურიდიულად სრულიად გაუმართავია. არც შინაარსი აქვს და მარტივად უგულებელსაყოფია. სასამართლო ახლა იმართება იმაზე, დააკმაყოფილოს თუ არა სუს-ის პროვოკატორებს სარჩელი. ვიღაც სერგო ჯავახაძემ მოითხოვა პარტიის მოხსნა იმ მოტივით, თითქოს რაღაც ვადა არის გამოტოვებული, რაც აბსოლუტურად არასწორია. ცესკოს სთხოვს, რომ გაგვიუქმოს რეგისტრაცია, რომელიც უკვე მოგვცა. ამბობს, რომ რაღაც დარღვევაა, რაც არ არის. როგორც ჩანს გადაწყვიტეს, რომ პრობლემა შეგვიქმნან. თუ ისე შორს წავიდნენ, რომ სისულელის და იურიდიული აბსურდის გამო გადაწყვიტეს ჩვენი მოხსნა, მიიღებენ ძალიან მძიმე რეაქციას საზოგადოების მხრიდან, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული და მაგრად მოხვდებით მუშტი.

თუ მოგვხსნეს, არც დაგვჭირდება აქციების დაგეგმვა, ოღონდ ვერც მოგვხსნიან. როგორც ჩანს ეს არის მარტივი პროვოკაცია, რომ ყურადღება გადაიტანონ იმაზე, რატომ არ ხსნიან „პატრიოტთა ალიანსს" არჩევნებიდან.

მე ასეთი ეჭვი მაქვს, რადგან ვინც მართლა უნდა მოიხსნას არჩევნებიდან, ეს არის „ქართული ოცნების" სატელიტი პარტია „პატრიოტთა ალიანსი", რომლიც დაფინანსებას პირდაპირ უცხოეთიდან იღებს. მინიმუმ გამოძიება უნდა დაიწყოს ამაზე",- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თავის მხრივ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ევროატლანტიკური საბჭოს ვექტორის" თავმჯდომარემ, სერგო ჯავახიძემ განაცხადა, რომ პარტია „ევროპულმა საქართველომ" რეგისტრაციის ვადები დაარღვია, რის გამოც ცესკოს 2020 წლის 1-ელი სექტემბრის განკარგულება ბათილად უნდა იყოს ცნობილი.

„საარჩევნო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ბ" პუნტი აქვს დარღვეული „ევროპულ საქართველოს". ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს „ევროპული საქართველო" გამოეთიშება თუ არა არჩევნებს, მას ბევრი სატელიტები ჰყავს და სხვა პარტიით გააგრძელებენ საარჩევნო მოღვაწეობას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ „ქართული ოცნება" უცხადებს მას მხარდაჭერას და ასეთ ვითარებაში ატარებს საარჩევნო პროცესებს. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია გამოჩნდეს, ეს პარტია "ქართული ოცნების" სატელიტია თუ დამოუკიდებლად მონაწილეობს პროცესში. სარჩელში აღნიშნულია, რომ „ევროპულ საქართველოს" საკუთარი სიით უნდა ჰყოლოდა კანდიდატები წარდგენილი. „ევროპული საქართველოს" არცერთი პარლამენტარი არ არის „ევროპული საქართველოს" წევრი. ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ადგილმონაცვლეობა რომ მოხდეს და „ევროპული საქართველოს" რომელიმე წევრმა დატოვოს პარტია, ვინ შევა პარლამენტში - „ნაციონალური მოძრაობის" წევრი თუ „ევროპული საქართველოს" წევრი? კატეგორიული მოთხოვნაა, რომ მათ მითითებული უნდა ჰქონდეთ პარტიულობა.

საკითხით დავინტერესდი იმიტომ, რომ ძალიან არ მომწონს, როცა რომელიმე პარტია გარედან ფინანსდება. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ როგორც ირმა ინაშვილი ფინანსდება რუსული ფულით, ასევე "ევროპული საქართველო" ფინანსდება დავით კეზერაშვილის ფულით",- განაცხადა სერგო ჯავახაძემ.

საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ბადრი შონია განიხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა