ცესკომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის შესახებ ინფორმაცია წარადგინა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.

ცესკო-ს ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში 3657 საარჩევნო უბნისთვის გამოცხადდა საუბნო საარჩევნო კომისიების შესარჩევი კონკურსები. ჯამში კონკურსები გამოცხადდა 21 942 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად მთელი საქართველოს მასშტაბით.

„საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის პროცესი წარიმართება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ახალი მოთხოვნებისა და კრიტერიუმების შესაბამისად, რომელიც მიღებულია საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების საფუძველზე. აღნიშნული რეგულაციები ხელშემწყობია პროფესიული კადრების შერჩევის პროცესისთვის, რაც ინტერესთა კონფლიქტის დაცვისა და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ უკვე ბოლო რამდენიმე წელია, რაც ცესკო დამატებითი რეკომენდაციებით მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიებს, რათა მათ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში გაითვალისწინონ ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა:

კარგი პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება;

საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება;

საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობისას, ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთგზის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების არქონა;

საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში, მათ შორის „საარჩევნო განვითარების სკოლა“, „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“, წელს პირველად განხორციელებული ინოვაციური პროექტის „ახალგაზრდული ბანაკები“ და სხვა მონაწილეობა;

აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილი პარტიები ნიშნავენ კომისიის წევრებს, რომლებიც კანონმდებლობით დამოუკიდებელი არიან თავიანთ საქმიანობაში და არ წარმოადგენენ დამნიშნავ სუბიექტს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების და ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების გათვალისწინება მნიშვნელოვანია პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის პროცესში.

ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ახალი საკანონმდებლო კრიტერიუმის მიხედვით აკრძალულია ისეთი პირის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევა, რომელიც პარტიის მიერ იყო დანიშნული ბოლო საერთო არჩევნებზე.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი მიმდინარეობს 9 სექტემბრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა 18 წლის ასაკიდან უშუალოდ ან ელექტრონული ფორმით, განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია საოლქო საარჩევნო კომისიებში და გამოქვეყნებულია ცესკოს ვებგვერდზე.

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურში, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების შერჩევას და პროცესის ეფექტიანობას“, - ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს