გიგა ბოკერია - გიორგი ვაშაძეს მხარს ვუჭერთ ისანში, ამის იქით მის განცხადებებზე არ ვფიქრობ

გიორგი ვაშაძეს მხარს ვუჭერთ ისანში, წარმატებას ვუსურვებთ და ამისთვის ვიმუშავებთ, ამის იქით ვაშაძის განცხადებებზე არ ვფიქრობ, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებლის, გიორგი ვაშაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პრემიერ- მინისტრობის შემთხვევაში კოალიციაში შემავალ პარტიებს „იმ განრიგზე აწყობა მოუწევთ, რომელიც აღმშენებლობის სტრატეგიაშია“.

როგორც ბოკერიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ევროპული საქართველო“ მხოლოდ მშვიდობიან არჩევნებში ხელისუფლების დამარცხებაზე ფიქრობს.

„ვაშაძის მაგ განცხადებაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ჩვენ, „ევროპული საქართველო“ მთელი ჩვენი გუნდი ვფიქრობთ ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებაზე მშვიდობიან არჩევნებში და შემდეგ გარდამტეხი ცვლილებების განხორციელებაზე - გადასახადების შემცირებაზე, მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემაზე, ნაფიცმსაჯულთა სასამართლობაზე, ადგილებზე ძალაუფლების მიტანაზე, რომ ადგილზე ხალხი წყვეტდეს თავის ბედს. ეს არის ჩვენი ხედვა მომავლის, გარდამტეხი ცვლილებების“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ შემდეგი განაცხადა გააკეთა: „კოალიცია დაგვჭირდება, რაც აბსოლუტური რეალობაა. პროდასავლური კოალიცია იქნება, მაგრამ წამყვანი ძალა ვიქნებით ჩვენ. როცა მე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქნები, ვფიქრობ, რომ სხვებს იმ განრიგზე აწყობა მოუწევთ, რომელიც ჩვენ აღმშენებლობის სტრატეგიაში გვაქვს“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო