გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის დამოუკიდებელ ანალიტიკოსს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, საარჩევნო თემები ყველაზე აქტუალური კია, მაგრამ იმის გამო, რომ ლარის კურსი მუდმივად ვარდნის რეჟიმშია, ჩვენს მოსახლეობას არჩევნებზე მეტად ახლა ეს ადარდებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, „ლარი ზომიერად იკლებს“, მისი გაუფასურება კი არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გაწეულ ხარჯებს უკავშირდებაო.

ბევრი თვლის, რომ ხელისუფლება არჩევნებამდე მაქსიმალურად ცდილობს ლარის კურსის შენარჩუნებას, მაგრამ ახლა ლართან დაკავშირებით ყველაზე აქტუალურია რატომ უფასურდება ლარი ახლა და არჩევნების შემდეგ რა მდგომარეობაში იქნება იგი?

- ხდება ის, რაც ყოველთვის ხდებოდა. სამწუხაროდ, ხელისუფლება ლარის კურსთან დაკავშირებითაც ფსიქოთერაპიითაა დაკავებული, ვიდრე მიმდინარე მოვლენებზე პროფესიული და რეალური მიზეზების განმარტებების მიცემით. ამიტომ არა მარტო ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან, არამედ ხელისუფების სხვა წარმომადგენლებისგან ჩვენ ვისმენთ იმას, რომ თურმე ცხოვრება მშვენიერია, ყველაფერი კარგად არის და არც არაფერზე არ გვაქვს სანერვიულო.

სამწუხაროდ, ხელისუფლება ლარის კურსთან დაკავშირებითაც ფსიქოერაპიითაა დაკავებული, ვიდრე მიმდინარე მოვლენებზე პროფესიული და რეალური მიზეზების განმარტებების მიცემით

ლარის კურსის ვარდნა მხოლოდ ციფრები არ არის, ამის უკან დგას ძალიან სერიოზული სოციალური პრობლემა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს აღებული კრედიტი და ეს კრედიტები ძირითადად ვალუტაზეა მიბმული.

რაც შეეხება იმას თუ რა ხდება, მიზეზი ძალიან მარტივია, ლარის კურსი დგინდება მოთხოვნა-მიწოდების მიხედვით. თუ მოთხოვნა არის დეფიციტური, შესაბამისად, ლარის კურსი ეცემა. რატომ არის მოთხოვნა დეფიციტური და არის თუ არა ეს დღევანდელი პრობლემა?

რა თქმა უნდა, ეს დღევანდელი პრობლემა არ არის.

ლარის კურსის სტაბილურობის სისტემური გარანტია შეიძლება მოგვცეს მხოლოდ იმპორტ-ექსპორტის დაბალანსებულმა სალდომ.

ყველა სხვა შემოდინება, ეს იქნება ტურიზმიდან შემოსავალი, პირდაპირი გადმორიცხვები, თუ პირდაპირი ინვესტიციები, ეს ფაქტორები, განსაკუთრებით კრიზისულ ვითარებებში, შეიძლება მოიხსნას და ერთადერთი შემარბილებელი ფაქტორი, რაც მუდმივად სტაბილურია, ეს არის იმპორტ-ექსპორტის დაბალანსებული სალდო.

მოგეხსენებათ, ტურიზმიდან შემოსავლებმა იკლო, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების გადმორიცხვებმა იკლო, პირდაპირი ინვესტიციების კლება გვაქვს, ყოველივე ამის გამო მოთხოვნა არის დეფიციტური. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, რომ ლარი უფასურდება.

მოგეხსენებათ, ტურიზმიდან შემოსავლებმა იკლო, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების გადმორიცხვებმა იკლო, პირდაპირი ინვესტიციების კლება გვაქვს, ყოველივე ამის გამო მოთხოვნა არის დეფიციტური. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, რომ ლარი უფასურდება

მიზეზი გახლავთ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა - არა დღევანდელი, არამედ წლების განმავლობაში წარმოებული პოლიტიკა, როდესაც არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ ქვეყანაში რეალური სექტორი განვითარდეს და იმპორტ-ექსპორტის სალდო გასწორდეს.

ამისათვის საჭიროა რეალური ეკონომიკის სტიმულირება, საექსპორტო პოტენციალის გაზრდა, რაც იმპორტ-ექსპორტის დაბალანსებას გამოიწვევდა. ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს სისტემული პოლიტიკის განხორციელება. შესაბამისად, ეს პრობლემა სისტემურ პრობლემას უკავშირდება და ამიტომაცაა, რომ ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება.

- თუ საარჩევნო თემატიკის პრობლემებს თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს ბევრ რამეში ადანაშაულებენ. პროგრამებს არ ვგულისხმობ.

ამას წინათ ცნობილი გახდა, რომ სკოლის დირექტორების საკმაოდ დიდ ნაწილს 6-წლიანი ხელშეკრულებები დაუსრულდათ და გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან. მარტო თბილისში 177 სკოლიდან ასეთი 110 სკოლა აღმოჩნდა. რეგიონებშიც დაწყებულია ეს პროცესი. საინტერესო ისაა, რომ ნახევარს მიეცა მუშაობის საშუალება, ნახევარი კი გაუშვეს.

ოპოზიციის მტკიცებით, თანამდებობიდან ის დირექტორები იქნენ გათავისუფლებული, ვინც არჩევნებზე ხელისუფლებას არ ეიმედებოდა. არადა, საარჩევნო უბნები სწორედ სკოლებშია და საარჩევნო კომისიებიც სკოლის მასწავლებლებითაა დაკომპლექტებული.

ხელისუფლება ოპოზიციის ბრალდებებს კი უარყოფს, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, მოახლოებული არჩევნების წინ ამ საკითხში რომელს უფრო დაეჯერება?

- სამწუხაროდ, ჩვენთან არც ერთი მიმართულებით სისტემური ცვლილებები არ განხორციელებულა. ყველა ხელისუფლება, დღევანდელი, ამის წინანდელი და იმის წინანდელიც თვლიდა, რომ საჯარო სექტორი მთლიანად არის მისი საარჩევნო ბეღელი, მისი მომსახურე პერსონალი.

წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური ლოიალობა ხდება ერთ-ერთი პრინციპული საკითხი და თუ ეს ლოლიალობა დგება ეჭვქვეშ, ამის შემდეგ ხორციელდება რეპრესიები. ეს არ არის ამ ხელისუფლების მოგონილი, წინა ხელისუფლებაც იგივეს აკეთებდა.

წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ლოიალობა ხდება ერთ-ერთი პრინციპული საკითხი და თუ ეს ლოლიალობა დგება ეჭვქვეშ, ამის შემდეგ ხორციელდება რეპრესიები. ეს არ არის ამ ხელისუფლების მოგონილი, წინა ხელისუფლებაც იგივეს აკეთებდა

სკოლის დირექტორებთან დაკავშირებული ისტორია არის სისტემური მანკიერების ნაწილი, რომელიც დამახასიათებელია საქართველოს უახლესი ისტორიისათვის. ამ ხელისუფლების პრობლემა ისაა, რომ მან ამ მხრივ რაღაც განსაკუთრებული კი არ მოიფიქრა, არამედ უბრალოდ არაფერი არ შეცვალა და დატოვა ყველაფერი ისე, როგორ ადრე იყო.

- აშშ-ს ელჩი საქართველოში მიესალმა ჯერ ცსკო-ს ხელმძღვანელის, შემდეგ ხელისუფლების ინიციატივას, რომელიც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების მიერ „ქცევის კოდექსზე“ შეთანხმებაზე ხელმოწერას ეხებოდა.

ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, ამგვარ შეთანხმებაზე ხელმოწერის დადასტურება კარგი კი იქნებოდა, მაგრამ აზრი არ აქვს, ვინაიდან აქამდე მომხდარ ინციდენტებში მონაწილეები ხელისუფლებას არ დაუსჯია. საინტერესოა, საბოლოოდ როგორ დასრულდება ეს ამბავი.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ შეძლებენ თუ არა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები ქცევის სტანდარტებზე შეთანხმებას?

- არანაირად არ დასრულდება, იქნება ეს კინკლაობა და მეტი არაფერი. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ დღეს ხელისუფლებას არა აქვს დრამატულად საქმე, რომ საგანგებო ღონისძიებებს მიმართოს. თუმცა, გამოსარიცხი არაფერია.

ხელისუფლება გამოიყენებს ყველა შესაძლო ინსტრუმენტს, სამართლებრივს თუ ადმინისტრაციულს ხელისუფლების შესანარჩუნებლად. საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში მოხდა ალბათ არჩევნების მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ტოტალურად მოხდა ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა საბანკო დავალიანებების დაფარვის საშუალებით.

„ქართულ ოცნებას“ დღეს არანაირი სახელმწიფოებრივი ამოცანები არ აქვს გადასაწყვეტი, მისი ერთადერთი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება და ამ ამოცანის შესასრულებლად იგი გადადგამს ყველა ნაბიჯს, რაც ამისთვის დასჭირდება.

სამწუხაროდ, ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, ისევე როგორც ყველა წინა ხელისუფლებისთვის, წითელი ხაზები არ არსებობს.

სამწუხაროდ, ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, ისევე როგორც ყველა წინა ხელისუფლებისთვის, წითელი ხაზები არ არსებობს

- ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით იმას, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება. ნაცმოძრაობა არჩევნებში ბლოკის საახით მიიღებს მონაწილეობას, რომლის შემადგენლობაში „ნაცმოძრაობის“ გარდა იქნებიან რესპუბლიკური პარტია”, მოძრაობასახელმწიფო ხალხისთვის, მოძრაობაჩვენ თვითონ” და კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის ახალი პარტია - “პროგრესი და თავისუფლება”.

უკვე ცნობილია ამ ბლოკის ლოზუნგიც - „დაავალე მიშას“! უკვე ვიცით ისიც, რომ ამ ბლოკის პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილია.

ბევრისთვის მოულოდნელად „ნაცმოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატებად ე.წ. ძველი სახეები დაასახელა. ამ ფონზე სააკაშვილმა კახეთის მოსახლეობას მიმართა და თუ ზუგდიდსა და სამეგრელოს ერთ-ერთ ოლქში გიული ალასანია დასახელდა, გამორიცხული არაა, მან სამეგრელოს მოსახლეობასაც მიმართოს.

თქვენ როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნოდ „ნაცმოძრაობის“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს?

- „ნაცმოძრაობის“ ნაბიჯებს ვერც გავაკრიტიკებ და რაღაც განსაკუთრებულსაც ვერ ვიტყვი. „ნაცმოძრაობა“ ჩვეულ სტილში აგრძელებს მოქმედებას.

ელექტორალური თვალსაზრისით „ნაცმოძრაობას“ გაერთიანება არაფერს არ აძლევს, რადგან მასთან გაერთიანებული პარტიები ახალ ბლოკსა თუ გაერთიანებას ბევრს ვერაფერს შეძენენ, მაგრამ პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით, მომხდარი ერთიანობის დემონსტრირებაა.

რაც შეეხება სააკაშვილის პოზიციონირებას, ესეც კანონზომიერია, რადგან „ნაცმოძრაობის“ ელექტორატი არა პარტიის ელექტორატია, არამედ ეს არის მიხეილ სააკაშვილზე მიბმული ადამიანების ელექტორატი, რომლებმაც მისდამი რწმენა რელიგიად აქვთ ქცეული. ეს უფრო ემოციური დამოკიდებულებაა, ვიდრე ლოგიკური. სააკაშვილის აქტიურობა მოსალოდნელი იყო და 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნებზე ასე ხდება. ამიტომ, ფაქტია, რომ ახალი არაფერი ხდება.

„ნაცმოძრაობის“ ელექტორატი არა პარტიის ელექტორატია, არამედ არის მიხეილ სააკაშვილზე მიბმული ადამიანების ელექტორატი... სააკაშვილის აქტიურობა მოსალოდნელი იყო და 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნებზე ასე ხდება

- მაჟორიტარულ ოლქებში აშკარად საინტერესო არჩევნები გველოდება. მაჟორიტარულ ოლქებში ოპონენტებს აშკარად პრესინგის ტაქტიკა აქვთ არჩეული.

თუ მარნეული-ბოლნისის ოლქში „ნაციონალებმა“ ხელისუფლებას ოქრიაშვილი დაუპირისპირა, ნაძალადევში „ნაციონელების“ შალვა ნათელაშვილის მეტოქე „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი იქნება.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ მაჟორიტარულ ოლქებში უპირატესობა „ქართულ ოცნებას“ ექნება. თქვენი დაკვირვებით, სავარუდოდ რა ანგარიშით დასრულდება არჩევნები 30 მაჟორიტარულ ოლქებში?

- მე ახლა ანგარიშზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ჯერჯერობით გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რაოდენობა ძალიან მაღალია. ამ ამომრჩევლთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათ შეუძლიათ სრულიად შეცვალონ არჩევნების შედეგების სურათი.

ახლა მე მხოლოდ რამდენიმე მომენტზე შემიძლია ვისაუბრო. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დინამიკით, რომლითაც ვითარდება საარჩევნო პროცესი, მაჟორიტარულ ოლქებში ტოტალურად გვექნება მეორე ტურები. პირველ ტურში უმრავლეს ოლქებში ხელისუფლებას გაუჭირდება გამარჯვება. პროცესი გადაინაცვლებს მეორე ტურებში.

დღევანდელი დინამიკით, რომლითაც ვითარდება საარჩევნო პროცესი, მაჟორიტარულ ოლქებში ტოტალურად გვექნება მეორე ტურები. პირველ ტურში უმრავლეს ოლქებში ხელისუფლებას გაუჭირდება გამარჯვება. პროცესი გადაინაცვლებს მეორე ტურებში

მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურის შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დასრულდება პროპორციული არჩევნები. თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა.

თუ ამომრჩეველმა ჩათვალა, რომ ხელისუფლება არჩევნებს აგებს და იგი ექსკლიუზიურად ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, მაჟორიტარულ ოლქების მეორე ტურებით ოპოზიციას კოზირი მიეცემა.

თუ ამომრჩეველმა ჩათვალა, რომ ხელისუფლება არჩევნებს აგებს და იგი ექსკლიუზიურად ვერ დააკომპლექტებს მთავრობას, მაჟორიტარულ ოლქების მეორე ტურებით ოპოზიციას კოზირი მიეცემა

- ჯერ იყო „გორბმა“ გაგაკვირვა თავისი კვლევების შედეგებით, შემდეგ „ედისონ რესერჩმა“ და „აი-რაიმ“.

ჩვენში კვალიფიციურ დამკვირვებელებს არაერთხელ უთქვამთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენში ჩატარებული კვლევები, ვის მიერაც არ უნდა იყოს ისინი ჩატარებული, სოციოლოგიურ კვლევაზე მეტად ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის მომზადებას უფრო ჰგავს.

ფაქტია ისიც, რომ ყველა კვლევით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რიცხვი საკმაოდ მაღალია. როგორც წესი, გადაუწყვეტელი ამომრჩევლების უმრავლესობა ოპოზიციურადაა განწყობილი.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ რეიტინგების ომი დაწყებულია და ისეთი პირი უჩანს, რომ რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით არჩევნებს, სოციოლოგიური კვლევებისა და რეიტინგების ომების მომსწრენი ვიქნებით.

რადგან რეიტინგების ომი პრაქტიკულად დაწყებულია, ამ ომის ფარგლებში რა მოულოდნელობები და სიურპრიზებია მოსალოდნელი?

- სამწუხაროდ, საქართველოში სოციოლოგიურ კვლევები აღქმულია არა იმდენად საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ინსტრუმენტად, არამედ საზოგადოებრივი აზრის ინსტრუმენტად. ასეთია მოცემულობა და ეს არის ძალიან სამწუხარო.

რაც შეეხება საკუთრივ კვლევების შედეგებს, ვფიქრობ, რომ აქ პრობლემა შედეგების გაყალბებაში კი არ არის, არამედ შედეგებით მანიპულირებაშია. როცა „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ მას აქვს 55%-იანი, ან 65%-იანი მხარდაჭერა, ის სტერილურად იღებს იმ ამომრჩეველს, უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება ვის დაუჭერს არჩევნებში მხარს.

სხვათა შორის, გადაწყვეტილებამიღებულ ამომრჩევლებში ხელისუფლების პოზიციები საკმაოდ ძლიერია. საქმე იმაშია, რომ რეალურად გადაწყვეტილებამიღებული მოქალაქეების რაოდენობა ძალიან ცოტაა. შესაბამისად ეს არის მანიპულაციის საგანი. იქვე რომ ამბობდნენ, რომ 50%-ზე მეტს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას, მაშინ მათი მხარდაჭერების რაოდენობა რეალურად 30-35% ფარგლებში გამოდის.

კვლევებით მანიპულაციები არა კვლევის ეტაპზე, არამედ კვლევებით ინტერპრეტაციების დროს ხდება. ასეთ ვითარებაში ჩვეულებრივი მოქალაქე კვლევების ანალიზით არ კავდება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხელისუფლების მიმათ კრიტიკულად არის განწყობილი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი ხმები აუცილებლად ოპოზიციაზე გადანაწილდება.

რა თქმა უნდა, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხელისუფლების მიმათ კრიტიკულად არის განწყობილი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათი ხმები აუცილებლად ოპოზიციაზე გადანაწილდება

გადაუწყვეტელ ამომრჩეველს არ მოსწონს ხელისუფლება, არ უნდა წარსულში დაბრუნება, რადგან წინა ხელისუფლება წარსულით კომპრომეტირებულია, ეძებს მომავლის არჩევანს, ნაკლებად დისკრედიტებულს, მაგრამ პოლიტიკური ბაზარი ასეთ შეთავაზებას მას ვერ აძლევს.

ამომრჩეველი კი არის ოპოზიციურად განწყობილი, მაგრამ თუ მას სხვა შეთავაზება არ ექნა, ეს ამომრჩეველი ან სახლში დარჩება ან ერთჯერადად ისევ ხელისუფლებას მიეყიდება. იმიტომ რომ ხელისუფლებას სხვაზე მეტად აქვს აქვს მათთვის გადახდის შესაძლებლობა. ვგულისხმობ გზის გაყვანას, წყლის პრობლემების მოგვარებას, ვიღაცის დასაქმებას და ასე შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რიცხვი მაღალია, სულ ტყუილად აქვს იმედი ოპოზიციას, რომ მათი ხმები აუცილებლად ოპოზიციისკენ წავა. ასე იქნება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ამ ამომრჩეველს ღირსეულ შეთავაზებას გაუკეთებს. თუ ისინი ამას ვერ მოახერხებენ, მათ ტყუილად ექნებათ იმის ილუზია, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მათზე გადანაწილდება.

- ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ პოლიტიკურ ძალებში ორპოლუსიანობა დღემდე ნარჩუნდება. რომ, ისევე როგორც 2012, 2016 წლებში, ახლაც არჩევანი ივანიშვილსა და სააკაშვილს შორისაა.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მესამე პოლუსის ძიებაში მყოფმა გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმა ამჯერად არჩევანი სწორედ რომელიმე მესამე ძალად მიჩნეულ პოლიტიკურ ძალაზე გააკეთოს?

- დღეისათვის ქართულ პოლიტიკაში აქამდე არსებული ორპოლუსიანობა საკმაოდ შესუსტებულია. ახალი საარჩევნო კოდექსი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ 2020 წლის შედეგებით ეს ორპოლუსიანობა კიდევ უფრო დასუსტდეს. მოგეხსენებათ, რომ ბუნებრივი ბარიერი ამ არჩევნებზე 1%-იანია.

2020 წლის არჩევნების ბედი უფრო ამ არჩევნების პროპორციულ არჩევნებში გადაწყდება. მიუხედავად იმისა, რომ აწლევანდელ არჩევნებზე შენარჩუნებულია მაჟორიტარული მანკიერება. ახლანდელი საარჩევნო კანონმდებლობა ქმნის მულტიპარტიული პარლამენტის შექმნის შესაძლებლობას.

2020 წლის არჩევნების ბედი ამ არჩევნების პროპორციულ არჩევნებში გადაწყდება

თუ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების შესაძლებლობებს გადავხედავთ ვნახავთ, რომ ფინანსური და მედიური შესაძლებლობები სწორედ ორპოლუსიანობის წარმოქმნელებზე - „ოცნებასა“ და „ნაციონალებზეა“ გადანაწილებული.

ფაქტია, რომ მედია პოლიტიკურ ცენტრებზეა გადანაწილებული. „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ ორი პოლუსი ახერხებს იმას, რომ საინფორმაციო სივრცე გაჯერებულია სწორედ ამ ორი ძალით და სხვა ცენტრებისთვის ადგილს არ ტოვებენ. ამომრჩეველს ექმნება განცდა, რომ სხვა პოლიტიკური ძალები არც არსებობენ.

„ოცნებისა“ და „ნაციონალების“ გარდა, სხვა პოლიტიკური ცენტრების საარჩევნო კამპანია საკმაოდ სუსტად გამოიყურება. ისინი ვერ ახერხებენ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის იმაში დარწმუნებას, რომ სწორედ ისინი არიან „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ ალტერნატივა.

„ოცნებისა“ და „ნაციონალების“ გარდა, სხვა პოლიტიკური ცენტრების საარჩევნო კამპანია საკმაოდ სუსტად გამოიყურება. ისინი ვერ ახერხებენ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის იმაში დარწმუნებას, რომ სწორედ ისინი არიან „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ ალტერნატივა

თუმცა, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი საბოლოო არჩევანს არჩევნების მოახლოებამდე ორი, ან ერთი კვირის თავზე აკეთებს. როგორც ყველა არჩევნების წინ, ახლაც ინტრიგა შენარჩუნებულია და ყველაფერი წინ გვაქვს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით