ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020

თენგიზ ფხალაძე - “არ გამოვრიცხავ, არჩევნების დღეს რუსეთმა კიბერიერიში მიიტანოს ცესკოზე...”

“პანდემიის შეჩერების ბერკეტი არ სჩანს”... პანდემია კაცობრიობას შიმშილის, დაავადებების და გაუნათლებლობისკენ მიაქანებს

გია ხუხაშვილი - “ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ბადრი ჯაფარიძეს ვისურვებდი”

ევროკავშირის ულტიმატუმი ლუკაშენკოს - წასვლის ბოლო ვადა დადგენილია

გიორგი გობრონიძე - “ქართულ-რუსული კონფრონტაცია ისტორიული მოცემულობაა და ჩვენ მასში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ”

* * *

თენგიზ ფხალაძე - “არ გამოვრიცხავ, არჩევნების დღეს რუსეთმა კიბერიერიში მიიტანოს ცესკოზე...”

“საარჩევნო პროცესში ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, როგორ შეიძლება ჩაერიოს რუსეთი ქართულ არჩევნებში და დააზარალოს პოლიტიკური პროცესი და ქვეყანა. სამწუხაროდ, რუსეთი ამ პროცესებში უკვე ერევა ყველა შესაძლო ფორმით - დაწყებული აშკარა დეზინფორმაციით და დასრულებული კიბერშეტევებით. არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების დღეს რუსეთმა კიბერიერიში მიიტანოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე. ამიტომ ამისთვის ყოველმხრივ მზად უნდა ვიყოთ. ვიმეორებ, რუსეთი ერევა ჩვენს შიდა პროცესებში, ხვეწს და ცდის იმ მექანიზმებს, რომლებითაც საქართველოში სასურველი სურათის მიღება სურს”, - აცხადებს ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არ გამოვრიცხავ, არჩევნების დღეს რუსეთმა კიბერიერიში მიიტანოს ცესკოზე...”.

“რატომღაც ჩვენში ფიქრობენ, რომ რუსეთის მიზანი ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის სათავეში მისთვის მისაღები ძალის მოყვანაა, არადა, მთლად ასეც არ არის საქმე. რუსეთს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა კი არ სურს, არამედ ქვეყნის დასუსტება. ამისთვის ხელისუფლების შეცვლა სულაც არ არის საჭირო. საკმარისია ყველასა და ყველაფრის დისკრედიტაცია, მოსახლეობაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის დათესვა, სხვადასხვა სახის ექსტრემიზმის, კრიმინალისა და არეულობის შექმნა, სადაც ადვილი იქნება დაპირისპირების ინსპირირება. ამას ემატება ის, რაც ხდება ყოველდღიურად საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ზეწოლა ჩვენს მოსახლეობაზე. უკვე ლაპარაკია ფიზიკურ და უხეშ ჩარევაზე და არ უნდა დაგვავიწყდეს ის სამხედრო წვრთნები, რომელთა დასკვნითი ფაზაც ამ კვირიდან დაიწყება და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს. ასე რომ, რუსეთის არსენალი ძალიან დიდია. სამწუხაროდ, მის დესტრუქციულ მოქმედებებს საქართველოში თავისუფალი ასპარეზი აქვს, რაც ძალიან სახიფათოა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“რუსეთი ხვეწს ჰიბრიდული ომის მეთოდებს, რომელთა შემადგენელი ნაწილია საინფორმაციო ომი, ფსიქოლოგიური ოპერაციები და კიბერშეტევები. ამ ტიპის საფრთხეებისთვის დიდი ქვეყნებიც არ არიან სათანადოდ მზად, მით უფრო, საქართველო. სუს-ის ანგარიშებში პირდაპირ არის აღიარებული რუსული ჰიბრიდული ომი ქვეყნის საფრთხედ, მაგრამ მის გასანეიტრალებლად რა კეთდება, არ ვიცით. ჩვენდა სავალალოდ, ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთთან ურთიერთობაში ვაგებთ, მოსაგები სტრატეგია კი არა გვაქვს, რაც წესით, უნდა იყოს დეოკუპაციის სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი... სამაგიეროდ, რუსეთს აქვს საქართველოში სამოქმედო კარგად დამუშავებული გეგმა და სტრატეგია, ჩვენ კი ამა თუ იმ ვითარებაში, რაც ისევ რუსეთის მიერაა შექმნილი, ერთჯერადად ვეძებთ გამოსავალს”, - განმარტავს ექსპერტი.

“ამიტომაც ვართ მუდამ მოპასუხის როლში. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი ნაბიჯით უკან ვართ და უპირატესობა მოწინააღმდეგეს აქვს. შეიძლება ეს იმიტომაც ხდება, რომ პოლიტიკური ძალები სხვა რამით არიან დაკავებული და ნაკლებად რჩებათ დრო იმ საკითხებისთვის, რომლებიც გრძელვადიან მუშაობას, ზოგჯერ კი შესაძლოა არაპოპულარულ ნაბიჯებსაც მოითხოვს. თუ ასეთი სტრატეგია არ შეიქმნა, მომავალში ეს პრობლემები უფრო გამწვავდება. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ევროპარლამენტის დახმარებაც. ისინი მყარად უჭერენ მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ თუკი ქვეყანას არა აქვს სტრატეგია, ძნელია მისი დახმარება. სტრატეგიის უქონლობა განაპირობებს იმასაც, რომ ჩვენს პარტნიორებს კონკრეტულად ვუთხრათ - რა ტიპის დახმარება გვჭირდება”, - დასძენს ფხალაძე და შეკითხვაზე - “თქვენი აზრით, არჩევნებში რა შანსები ექნებათ იმ ძალებს, რომლებიც თავის განცხადებაში იგულისხმა ლავროვმა?”, - პასუხობს:

“ნაკლებად მჯერა, რომ გაიზრდება იმ პირთა რიცხვი, რომლებიც მართლა დაიჯერებენ, რომ საქართველოს ხსნა რუსეთშია და დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია. რა თქმა უნდა, არის ჩვენში ასე მოფიქრალების ჯგუფი, მაგრამ საეჭვოა, ამ არჩევნებისთვის მათი ხმები გადამწყვეტი იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ ეცდება დეზორიენტაციის შეტანას სწორედ იმ ამომრჩეველში, რომელიც მისი მოწინააღმდეგეა. ვფიქრობ, შეეცდება პროდასავლურ პოლიტიკურ ძალთა დისკრედიტაციით ამ ამომრჩევლის ნაწილი მაინც შინ დატოვოს”.

“პანდემიის შეჩერების ბერკეტი არ სჩანს”... პანდემია კაცობრიობას შიმშილის, დაავადებების და გაუნათლებლობისკენ მიაქანებს

“ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მიერ, ბოლო პერიოდში გაჟღერებულ განცხადებებს ეხმაურება. გამყრელიძის აზრით პანდემია მინიმუმ 1 წელი კიდევ გაგრძელდება, თუმცა რის საფუძველზე ასახელებს 1 წელს, უცნობია. გოგინავას აზრით, შეუძლებელია ვირუსის გაქრობასთან დაკავშირებით ზუსტი დროის განსაზღვრა და გამყრელიძის ნათქვამი ერთი წელი უბრალო ვარაუდად მიაჩნია. ინფექციონისტის თქმით, ახალი შემთხვევების სწრაფი მატების გამო, ჯერჯერობით პანდემიის პრობლემა გადაუჭრელია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “პანდემიის შეჩერების ბერკეტი არ სჩანს” - კაცობრიობა უსუსურია, ვირუსი საოცარი სისწრაფით ვრცელდება.

“რთულია კონკრეტული ვადის დასახელება, იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე პასუხი არ არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება მთელს მსოფლიოში, ვაქცინა ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია, ამიტომ, როდის მოხდება ვირუსის სრული გაქრობა, ამას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ. ვფიქრობ ამირან გამყრელიძის ნათქვამი 1 წელი, არის ვარაუდი, მე არ ვიცი რაზე დაყრდნობით შეიძლება ამაზე საუბარი. სავარაუდოდ, პანდემიის პროგრესირების იმ დინამიკიდან გამომდინარე, რომელიც დღეს გვაქვს, თუმცა, ზუსტად არაფერი ვიცით. დაავადება ყველგან პროგრესირებს, დაინფიცირებულთა შემთხვევები იზრდება, ვირუსი ვრცელდება, ამის შეჩერების ბერკეტი კი არ ჩანს. ერთადერთი საშუალება, რომელიც ეფექტურად და მოკლე ვადაში გადაჭრის პრობლემას, არის ვაქცინა, რომელიც ასევე არ არსებობს” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“ეპიდემიოლოგი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ბოლო დღეებში გამოქვეყნებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 14 დღიანი კარანტინის ვადა არ უნდა შემცირდეს. გოგინავას აზრით, მსგავსი კვლევები უამრავია, თუმცა რამდენად შეიძლება ნდობა, ეს მეორე საკითხია, - ამბობს ის. “კორონავირუსი არის ახალი ვირუსი, ჯერ ბოლომდე შესწავლული არ არის. ახალი კვლევების მიხედვით, 8-10 დღის პერიოდში ეს ვირუსი გადამდები არ არის, თუმცა, ეს შუალედური დასკვნებია და საბოლოოდ არ ვიცით უნდა ვენდოთ, თუ არა მსგავს კვლევებს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ვირუსზე ჯერ კიდევ არ გვაქვს სრული ინფორმაცია” - თვლის გოგინავა. მისივე თქმით კვლევების მიხედვით შეიძლება მოხდეს საკარანტინო ვადების გადახედვა, თუმცა, ეპიდემიოლოგს ამასთან დაკავშირებით ზუსტი პასუხი არ აქვს,”- წერს სტატიის ავტორი.

“შვიდი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად გამოაცხადა. “ნიუ იორკ თაიმსი” წერს, რომ პანდემია ღარიბ ქვეყნებში ისეთ კატაკლიზმად გადაიქცა, სადაც ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ - კორონავირუსულ პანდემიას, სხვა დაავადებების, გაუნათლებლობისა და აუტანელი სიღარიბის პანდემია მოყვება, რაც ყველაზე მეტად სწორედ ბავშვებს ურტყამს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, პანდემიის შედეგად მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ღარიბ ქვეყნებში ბევრი საგანმანათლებლო დაწესებულება დაიკეტა, ხოლო სხვა მძიმე დაავადებების სამკურნალო საშუალებები მიუწვდომელი გახდა, რადგან სხვადასხვა სამედიცინო კამპანიები შეჩერებულია, კორონავირუსით უდიდესი ზიანი არა პირდაპირ ინფიცირებულებს მიადგათ, არამედ განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკას, ჯანდაცვის სისტემებს და განათლებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მსოფლიო, რომელიც კოვიდამდე იყო, აღარ იქნება” - პანდემია შიმშილის, დაავადებების და გაუნათლებლობისკენ მიგვაქანებს.

“ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ პანდემიამ გარდა უშუალოდ კორონავირუსული ინფექციით დაზარალებულებისა, მსოფლიო ეკონომიკა, განათლება დააზარალა და პოლიტიკური პროცესებიც ეჭვქვეშ დააყენა. “პანდემიის გამო პირველ რიგში ეკონომიკური პრობლემები შეიქმნა, ამაზე დიდი ხნის წინ იყო ლაპარაკი, რომ ეს (ვირუსი) ვითომ სპეციალურად ჩინეთმა შექმნა - ეს არ ვიცი ჭორია თუ სიმართლე, მაგრამ დაემთხვა ისე, რომ თუ არ ვცდები ჩინეთმა ბევრი აქტივები იყიდა, რომლებსაც ფასის გამო აქამდე ვერ ახერხებდა... ჩვენი ქვეყანა ავიღოთ - სწავლა ჩავარდნილია, არ ვიცით იქნება თუ არა არჩევნები, მიმოსვლა კარგა ხანია შეზღუდული იყო და ახლაც არაა გამორიცხული, რომ აჭარა ჩაიკეტოს, მთავარი პრობლემა ისაა, რომ პაციენტი მხოლოდ საავადმყოფოში აღარ თავსდება...” - ამბობს ხმალაძე. ექსპერტი ჯანდაცვის სფეროში ვატო სურგულაძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსმა მსოფლიოში არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ყველა სფერო დააზარალა და მისი თქმით, “ის მსოფლიო, რომელიც კოვიდამდე იყო, აღარ იქნება”.

“კორონავირუსმა მსოფლიოში ძალიან ბევრი რამ გამოიწვია, ღირებულებების გადაფასება, ასევე ის, რომ ვნახეთ, რომ აშშ-ში ითვლებოდა, რომ ბიო უსაფრთხოებაზე ყველაზე დიდი თანხები იხარჯებოდა და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ქვეყანაა, რადგან ამ პროცესის მართვა ვერ მოხდა, ასევე მთელს მსოფლიოში ეკონომიკის ასეთი ძლიერი ვარდნა არ ყოფილა. ასევე მსოფლიო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უსაფრთხოება გაცილებით უფრო დიდი ცნებაა, ვიდრე მარტო იარაღისა და ჯარის ყოლა, უამრავ რაღაცაზე დააფიქრა ადამიანები, თუ ცხოვრება როგორ უნდა გააგრძელონ, ბევრ რაღაცას ადამიანი ალბათ სხვანაირად შეხედავს, ის მსოფლიო, რომელიც კოვიდამდე იყო, აღარ იქნება, თვისობრივად შეიცვლება”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვატო სურგულაძე.

“რაც შეეხება ბავშვებს, მაგალითად ონლაინ სწავლება გაცილებით ნაკლებს აძლევს, ვიდრე პირდაპირი ტიპის განათლება, ეს განვითარებულ ქვეყნებშიც ასეა, ხოლო რაღიბ ქვეყნებზე აღარაა საუბარი, სადაც კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტი ხელმისაწვდომი არაა. კორონავირუსმა ყველაზე მეტად ღარიბ ქვეყნებს დაარტყა, პანდემია ჯერ არ დამთავრებულა და როდის დამთავრდება კაცმა არ იცის, რის მერეც მსოფლიო ისეთი აღარ იქნება. 50-იან წლებში ნობელის პრემიის ერთ-ერთმა ლაურეატმა თქვა, რომ ერთადერთი რამაც შეიძლება კაცობრიობა დაამარცხოს, ეს არის ვირუსიო და როგორც ვხედავთ აბსოლუტურად მართალი იყო. პანდემიის მერე ჯანმრთელობის, უსაფრთხოების მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება წავა, ამისთვის მეტი თანხები ჩაიდება, ასევე ეკონომიკის მხრივ ბიზნესების დივერსიფიკაცია მოხდება იმისათვის, რომ ერთ დარგზე მაგალითად ტურიზმზე დამოკიდებულები ძალიან არ ვიყოთ” - დაასკვნის სურგულაძე.

გია ხუხაშვილი - “ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ბადრი ჯაფარიძეს ვისურვებდი”

“უკვე დიდი ხანია კვლევები საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ინსტრუმენტია და არა რეალობის ამსახველი. არ ვამბობ, რომ კვლევებს აყალბებენ, უბრალოდ, მათი ინტერპრეტირება ხდება. მაგალითად, როდესაც “ოცნებას” ფანტასტიკური ციფრები მოჰყავს, ის იმ ამომრჩეველს ეყრდნობა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ “ოცნებას” მისცემს ხმას და არ ითვალისწინებს იმ ამომრჩეველს, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია. არადა, დარწმუნებული ვარ, 2020 წლის არჩევნებზე გადამწყვეტ სიტყვას გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იტყვის, რადგან მათი რიცხვი ძალიან დიდია. საით გადაიხრება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ძნელი სათქმელია. მათ უმრავლესობას არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ ოპოზიციაშიც ვერ პოულობს ღირსეულ ძალას. არ იცის, ვის მისცეს ხმა, მაგრამ არჩევნებზე წასვლას აპირებს. როგორც წესი, ამ ტიპის ამომრჩეველი გადაწყვეტილებას არჩევნებამდე ორი კვირით ადრე იღებს”, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: “პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების დოღი არასერიოზულია”.

“ერთ ამბავს შეგახსენებთ - 2012 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც “ნაცმოძრაობას” 37% ჰქონდა, “ქართულ ოცნებას” - 12%, სხვა პარტიებს კი 3-4%. მაშინაც ამომრჩევლის დიდი ნაწილი დაბნეული იყო, მაგრამ გარკვეულმა პროცესებმა ითამაშა კატალიზატორის როლი და “ნაცმოძრაობა” დამარცხდა. დღეს ასეთი თამაშია: თუ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ოპოზიციურ სპექტრში ვერ იპოვის ღირსეულ ძალას, ხელისუფლება “ერთჯერადი კონტრაქტის” საშუალებით მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიაღებინებს. ასე რომ, სიტუაცია ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დავადასტურო - დღეს ხელისუფლება უპირატეს მდგომარეობაშია. გარდა ამისა, ის აუცილებლად გავა პირველ ადგილზე, თუმცა საკითხავია, შეძლებს თუ არა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას. თუ ხელისუფლებამ პროპორციულ ნაწილში 40%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, იმიტომ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში გვექნება მეორე ტური და თუ ამომრჩეველი იგრძნობს, რომ ხელისუფლება სუსტია, ოპოზიციურ ძალებს დაუჭერს მხარს. ასეთ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" კოალიციური მთავრობის ფორმირების შანსიც წაერთმევა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების დოღი არასერიოზულია, მით უფრო მითური პერსონაჟების მონაწილეობით. სააკაშვილი ხომ მითური პერსონაჟია?! კაცი საქართველოს მოქალაქე არ არის, ამასთან, ბრალდებულია. მისი პრემიერობა მაშინაც კი გამორიცხულია, სულაც “ოცნებამ” რომ დაუჭიროს მხარი. ვიღაცებს 1%-იანი მხარდაჭერა აქვთ და ამბობენ, მე უნდა ვიყო პრემიერიო. ამ საგიჟეთზე რა გითხრათ?! არც “ლელოს” კანდიდატს ექნება დიდი შანსი. ჩემი გემოვნება თუ გაინტერესებთ, ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ბადრი ჯაფარიძეს ვისურვებდი. მკითხავთ, ალბათ, სადაც მამუკა ხაზარაძეა, იქ ბადრი ჯაფარიძე რატომო? მე ის მომწონს და რა ვქნა? არაკორუმპირებული, კვალიფიციური ადამიანია, ეკონომიკური მართვის გამოცდილება აქვს. “ქართული ოცნების” შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია - მას ჰყავს გამორჩეული ავტორიტეტი, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ენდობა. თუ დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის შექმნა დადგა, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ რა “წონით” შევა კოალიციაში. პრემიერის პოსტზე პრეტენზია ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ ძალას ექნება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ქართული ოცნების” 20-კაციანმა პროპორციულმა სიამ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი მთავრობას კი არა, საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველმყოფ ჯგუფს ირჩევს. ეს XXI საუკუნეში ანაქრონიზმია - არაინსტიტუციურ პირს, ფაქტობრივად, აბსოლუტური ძალაუფლება აქვს. ივანიშვილმა სრული კომფორტი შეიქმნა - თავად იღებს გადაწყვეტილებებს, ხელს კი სხვებს ახოცავს. ასეთ მანკიერ სისტემაში სახელმწიფოებრივ სისტემაზე გათვლა არ უნდა გვქონდეს. ფაქტობრივად, ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა შექმნა სააქციო საზოგადოება “ქართული ოცნება”, რომლის 100%-ის მფლობელი თავად არის. როგორც უნდა, ისე ნიშნავს და ხსნის მენეჯერებს. ახლა 20-კაციანი სია დაწერა, მერე რაღაც არ მოეწონება და გადაწერს... სიის პირველი ნომერი თავად ივანიშვილი რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა. ის არჩევნის წინაშე იდგა: ან პრემიერობის კანდიდატად საკუთარი თავი უნდა დაესახელებინა და პროცესებზე პასუხისმგებლობა აეღო, ან უნდა ჩამოშორებოდა მმართველობას. უკვე ვიცით, რომ პრემიერობის კანდიდატი არ იქნება, ახლა საინტერესოა, ჩამოშორდება თუ არა მმართველობას”, - დაასკვნის პოლიტოლოგი.

“ივანიშვილის რიტორიკას, მე არაფერ შუაში ვარო, აღარავინ დაიჯერებს. უნდა გაიყვანოს ხელისუფლებიდან მასთან აფილირებული ყველა პირი, თამაშიდან გაიყვანოს ის ინტერესჯგუფები, რომლებიც ქართულ ეკონომიკას მოასხდნენ და ფინანსურ ნაკადებს აკონტროლებენ. თუ ამას გააკეთებს და გიორგი გახარიას თავისი გუნდის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს, თავის კეთილსინდისიერებაშიც დაგვარწმუნებს და ქვეყანასაც განვითარების საშუალებას მისცემს... გახარიას თუ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას მისცემენ, სახელმწიფო მმართველობა ბევრად ეფექტიანი იქნება, ვიდრე დღეს არის, როცა მას, ფაქტობრივად, განძრევის საშუალებაც არა აქვს. დარწმუნებული ვარ, ტელეფონზეც კი ვერ ლაპარაკობს თავისუფლად, რადგან იცის, რომ უსმენენ. დღეს გახარია და საერთოდ, ხელისუფლება ძალიან რთული გამოწვევის წინაშე დგას - შესაძლოა კრიზისის მართვის სადავეები ხელიდან გაექცეთ. თუ ხალხს დაებადა აზრი, რომ ამ პრობლემას ხელისუფლება ვერ ერევა, კორონავირუსთან ბრძოლაში მოპოვებული პოლიტიკური დივიდენდები შესაძლოა გაცამტვერდეს”, - დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ოპოზიციურ სპექტრში თუ ხედავთ ძალას, რომელიც პანდემიის დროს კრიზისის მართვას შეძლებს?” - პასუხობს:

“ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ამომრჩეველსაც ძალიან აწუხებს, თუმცა ძნელია პასუხის გაცემა. ხალხს არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ ჯერჯერობით ვერავინ შეძლო დაგვარწმუნოს იმაში, რომ ქვეყნის უკეთ მართვას შეძლებს”.

ევროკავშირის ულტიმატუმი ლუკაშენკოს - წასვლის ბოლო ვადა დადგენილია

“ევროკავშირმა ალექსანდრე ლუკაშენკოს დრო ნოემბრის დასაწყისამდე მისცა. ორგანიზაციის ოფიციალური მოთხოვნით, ლუკაშენკომ ბელარუსის პრეზიდენტის პოსტი მის შემდგომ ინაუგურაციამდე უნდა დატოვოს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “როიტერსი” იუწყება. ალექსანდრე ლუკაშენკოს პრეზიდენტობის მე-5 ვადა 5 ნოემბერს იწურება - 2015 წლის 5 ნოემბერს პრეზიდენტობის მეხუთე ვადის დაწყებისას მისი ინაუგურაცია ჩატარდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროკავშირის ულტიმატუმი ლუკაშენკოს - წასვლის ბოლო ვადა დადგენილია.

“როდესაც 5 ნოემბერს მოქმედი ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრე ლოუკაშენკოს პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება, პარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტად მის აღიარებას შეწყვეტს”, - ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გარდა ამისა, წარმომადგენლობითმა და საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირდა ლუკაშენკოს წინააღმედ დადგენილ სანქციებს. სანქციები შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დაკავშირებულია აგვისტოს დასაწყისში ბელარუსში ჩატარებული “არჩევნების ფალსიფიკაციაში და იმ რეპრესიებში, რომელიც თან სდევდა ლუკაშენკოს მეექვსედ პრეზიდენტად გამოცხადებას”. ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში წერია, იუწყება “როიტერსი”. შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ლუკაშენკომ არჩევნებზე ხმათა 80% მიიღო. 9 აგვისტოს, საარჩევნო ოლქების დახურვის შემდეგ, ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში ადგილობრივებმა ქუჩებში გამოსვლა დაიწყევს პროტესტის ნიშნად”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მიტინგები მომდევნოი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდა. ბელარუსში რამდენიმე დღის განმავლობაში შეტაკებები მიმდინარეობდა პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, ათობით ადამიანი დააკავეს... 10 აგვისტოს აქციაზე 34 წლის ბელარუსში მცხოვრები ალექსანდრე ტარაიკოვსკი გარდაიცვალა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დემონსტრაციის დაშლისთვის სპეცსამსახურების თანამშრომლების მისვლის შემდეგ მამაკაცმა უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობის სროლა სცადა, მაგრამ “ხელში აუფეთქდა და საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის შედეგად გარდაიცვალა”. მეორე მსხვერპლი იყო 25 წლის მამაკაცი, თუმცა, ჯერ კიდევ დაუდგენელია, მისი გარდაცვალება დაკავშირებულია თუ არა ლუკაშენკოს პოსტიდან წასვლის მოთხოვნით გამართულ დემონსტრაციებთან...”- დასძენს გამოცემა.

გიორგი გობრონიძე - “ქართულ-რუსული კონფრონტაცია ისტორიული მოცემულობაა და ჩვენ მასში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ”

“რაც უნდა ცდილობდეს კრემლი ისე წარმოაჩინოს, თითქოს საქართველო მისი საგარეო პოლიტიკისთვის პრიორიტეტული არ არის, ამას არავინ დაიჯერებს. რაც უფრო დემოკრატიული იქნება საქართველო, მით მეტად გაღიზიანდება ოფიციალური მოსკოვი, რადგან ამით შევქმნით პრეცედენტს, რომ რუსეთის ორბიტას სამუდამოდ დავშორდით. ამიტომაც არაფერს დაიშურებს, რომ არ შედგეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაცია. ის ეცდება ყველა სასიკეთო სახელმწიფოებრივი საქმე ჩაგვიშალოს ეს უნდა გააცნობიეროს ყველა პასუხისმგებლობის მქონე ქართულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, უპირველესად კი ხელისუფლებამ - მას უნდა ესმოდეს, რომ მის ნებისმიერ არადემოკრატიულ და არასამართლებრივ ნაბიჯს ჩვენს შინაურ საქმეებში რუსეთის ჩარევა მოჰყვება”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კრემლში ძალიან კარგად იცნობენ “ქართულ სისუსტეებს” და იყენებენ კიდეც”.

“მცირედი შანსის გაჩენის შემთხვევაშივე რუსეთი შეეცდება ქვეყანაში გააჩინოს დესტაბილიზაციისა და დაუცველობის განცდა, თუნდაც საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციებით, ახალი ეკონომიკური წნეხის გამოგონებით - კრემლი ამის ოსტატია, იცის, როგორ “ითამაშოს” და მიზანსაც აღწევს - მოსახლეობა მის გამოხდომებს ლამის პრეაპოკალიფსურ მოვლენებად აღიქვამს. კრემლში ძალიან კარგად იცნობენ “ქართულ სისუსტეებს” და იყენებენ კიდეც. რუსეთი გააქტიურდება საინფორმაციო ველშიც, სოციალურ ქსელებში, ონლაინმედიაში, საინფორმაციო საშუალებებში; მოწოდების სიმაღლეზე იქნება რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია არ ვგულისხმობ მხოლოდ “სპუტნიკს” ან სხვა გამოცემებს. ასეთივე გზავნილების ავტორები არიან ემიგრანტებიც, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფი... და კიდევ - საქართველო მულტიეთნიკური ქვეყანაა და შესაძლოა კრემლმა ესეც გამოიყენოს იარაღად - ვითარებას თუ ვერ გაამწვავებს, ისე მაინც წარმოაჩენს, თითქოს გამწვავებულია. ბუნებრივია, ყოველივე ეს ხალხის დემორალიზებას უწყობს ხელს, ნიჰილიზმს თესავს. კრემლის უმთავრესი ამოცანაც ეს არის - ქართველი საზოგადოების გატეხა. ასე რომ, ამ გაშმაგებული დაპირისპირების დროს პოლიტიკური გუნდები უნდა შეთანხმდნენ ქვეყნის საგარეო კურსზე, დასავლეთთან მჭიდრო კავშირსა და თანამშრომლობაზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“სერგეი ლავროვის განცხადება - “ქართველი ხალხი ბრძენია, მჯერა, მას სიცოცხლე უყვარს, შეიძლება ისეც კი, როგორც რუსეთის ფედერაციაში შემავალ ერებსო” - აშკარა მუქარაა და იმასაც მიუთითებს, რომ რუსეთს საქართველოში მყარი დასაყრდენი აქვს, და ეს მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსი” არ არის. ლავროვი გულისხმობს ნინო ბურჯანაძეს, რომელიც საქართველოს უბლოკო სტატუსზე ძალიან ხშირად ლაპარაკობს, ასევე სხვა ამგვარად მოაზროვნე პოლიტიკოსებს. რუსეთი ასეთი განცხადებებით მკაფიოდ ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია საქართველოს დამოუკიდებლობა, რადგან ეს ეწინააღმდეგება რუსულ ეროვნულ პროექტს - ის რეგიონში ჰეგემონი უნდა იყოს”, - ამბობს რესპონდენტი.

“საბჭოთა კავშირი იგივე რუსეთის იმპერია იყო, შეცვლილი პოლიტიკური ორგანიზმით, იმპერიის დაშლას კი ყოველთვის მოჰყვება რევანშიზმი და ეს მოსკოვის პოლიტიკურ მეხსიერებაში დღემდე ჩარჩენილია. ასე რომ, ქართულ-რუსული კონფრონტაცია ისტორიული მოცემულობაა და ჩვენ მასში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. საფრთხეებს ვერ გავაქრობთ, მათი მართვა უნდა ვისწავლოთ, ამისთვის კი ერთადერთი გზა კონსოლიდაცია და განვითარებაა. ამას კი მარტო ვერასდროს შევძლებთ - რუსეთთან დახურულ კარს მიღმა დიალოგი მიუღებელია, რადგან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთმა საქართველოში სამი საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდა ჩაატარა, წაგვართვა ტერიტორიები და მასთან, პრაქტიკულად, საომარ მდგომარეობაში ვართ”, - განმარტავს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

“კრემლს ოკუპირებული რეგიონები ნელ-ნელა ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიჰყავს. საკუთარ მიწაზე მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე ლაპარაკის, თავისუფლად მიმოსვლის უფლებას ართმევს. ეს ქვეყანა საქართველოსთვის მუდმივი დესტაბილიზაციის წყაროა. ამას ემსახურება ლავროვის ფრაზა, “მჯერა, ქართველებს სიცოცხლე უყვართო” და ეს კოლონიური დამოკიდებულებაა. მან იცის, რომ საქართველოს სუვერენიტეტს დღეს-ხვალ ვერ გააქრობს, მაგრამ შეგვახსენებს, ქართველები რუსეთის იმპერიაშიც მშვენივრად ცხოვრობდნენო. ის, რომ თითქოს საბჭოთა კავშირში ქართველი პრივილეგირებული იყო, მითია - საქართველო თავისი გეოგრაფიის გამო კურორტი იყო. აქ დასასვენებლად, გასართობად, ჩამოდიოდნენ და ცხოვრებისგან დატანჯული სახეების ხილვა არავის სურდა. ამიტომ გვყავდა ასე ცოტა მეცნიერი ტექნოლოგიის მიმართულებებში, სამაგიეროდ, გვყავდა ბევრი ცეკვის ანსამბლი და ვიღებდით კომედიებს. იმ იმპერიაში ჩვენი როლი ასეთი­იყო: კარგი ბუნება, სამზარეულო, მხიარული საზოგადოება და ცეკვა-თამაში. აი, ამას ვერ ელევიან რუსები”, - დასძენს გობრონიძე.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით