დავით ბაქრაძე - არანაირი საუბარი თანამდებობების შემოთავაზებაზე არც ყოფილა და არც მივიღებდით

არანაირი საუბარი თანამდებობების შემოთავაზებაზე არც ყოფილა და არც მივიღებდით, ვინაიდან ჩვენი ამოცანაა არა თანამდებობების და სკამების განაწილება, არამედ გარდამტეხი ცვლილებების მოტანა 4 მილიონი ქართველისთვის, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოს“ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ბაქრაძის არჩევა შესთავაზა.

როგორც ბაქრაძე აცხადებს, მთავარი პრობლემა არის ის, რატომ არ ჰყავს ოპოზიციას ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატები და არა „რაღაც მითიური მოლაპარაკებები სიებზე და სკამებზე“.

„ერთიან სიაზე იყო საჯარო შემოთავაზება, რასაც მაშინვე გაეცა საჯარო უარყოფითი შეფასება ჩვენი მხრიდან, რადგან ერთიანი სია ნიშნავს ხელშეწყობას იმ პოლარიზაციის, რაც ისედაც პრობლემაა დღეს საქართველოში და ნიშნავს იმ ამომრჩევლის დაფრთხობას, ვისაც არ უნდა არც ივანიშვილი, არ სააკაშვილი და ეძებს მრავალფეროვან არჩევანს.

ჩვენი პოზიციაა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს მრავალფეროვანი არჩევანი, ქვეყანას აღარ სჭირდება ერთპარტიული მართვა და უნდა იყოს მრავალპარტიული მთავრობა. ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება ერთიანი სია და ჩვენი პოზიცია თავიდანვე იყო მკაფიოდ უარყოფითი. რაც შეეხება თანამდებობების შემოთავაზებას, ეს არის პირდაპირ ტყუილი. არანაირი საუბარი თანამდებობების შემოთავაზებაზე არც ყოფილა და არც მივიღებდით, ვინაიდან ჩვენი ამოცანა არის არა თანამდებობების და სკამების განაწილება, არამედ გარდამტეხი ცვლილებების მოტანა 4 მილიონი ქართველისთვის, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ჩვენ ჩვენს გუნდშიც კი არ ვასახელებთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რადგან ჩვენი პოლიტიკა მორგებულია არა პიროვნებებზე, არამედ ხალხზე. ამიტომ გამორიცხულია, არ და ვერ გვექნებოდა ასეთი ტიპის მოლაპარაკება "ნაციონალურ მოძრაობასთან", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, „ამ საკითხის წამოწევა ემსახურება იმ ამოცანას, რომ გადაიფაროს მთავარი პრობლემა - რატომ არ დათანხმდა "ნაციონალური მოძრაობა" ერთიან მაჟორიტარობის კანდიდატებს“.

„ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში იქნებოდა გარანტირებული გზა პირველივე ტურში დაგვემარცხებინა „ქართული ოცნება“. სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" აირჩია ვიწროპარტიული გზა, აირჩია ერთპარტიული გამარჯვების სტრატეგია, უარი თქვა ამ შეთანხმებაზე და უფრო მეტიც, ისანში მიღწეული შეთანხმება ჩაშალა. ასე რომ, მთავარი პრობლემა არის ის, რატომ არ ჰყავს ოპოზიციას ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატები და არა რაღაც მითიური მოლაპარაკებები სიებზე და სკამებზე. მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებზე ერთიანად გაიმარჯვებს, ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რაც უკავშირდება თბილისში „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების მხარდაჭერას, მზად ვართ ვიყოთ მომავალი მრავალპარტიული კოალიციური მთავრობის ღერძი, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა ოპოზიციური პარტია“, - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ევროპულ საქართველოს" არჩევნებზე ერთიანი სიის ფორმირება შესთავაზა. ასევე, არსებული ცნობით, მოლაპარაკებების დროს საუბარი იყო თანამდებობის გადანაწილებაზე, კერძოდ, პრემიერის პოსტზე მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეღო, "ნაციონალური მოძრაობა" კი თავის მხრივ "ევროპული საქართველოს" ლიდერ დავით ბაქრაძეს მხარს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დაუჭერდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო