ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი - პანდემიის მიუხედავად, დიზელის საწვავის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წელს საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 50,6 ათასი ტონით, ანუ 15,4%-ით გაიზარდა, ხოლო ბენზინის იმპორტი 11,3 ათასი ტონით, ანუ 3,2%-ით შემცირდა.

მათივე ინფორმაციით, ჯამში, მიმდინარე წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 39,3 ათასი ტონით, ანუ 5,8%-ით გაიზარდა.

„2020 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში ქვეყნების მიხედვით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა შემდეგი ქვეყნებიდან: რუსეთი - 32,8%; აზერბაიჯანი (მხოლოდ დიზელის საწვავი) - 20,5%; რუმინეთი - 18,8%; თურქმენეთი - 8,7%; ბულგარეთი - 8,6%; საბერძნეთი - 4,1% და ა.შ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წელი ნავთობპროდუქტების ინდუსტრიისათვის მეტად რთული არის COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებდა კარანტინი, შეზღუდული იყო მრავალი ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის ტურიზმის სფერო, რამაც ნეგატიურად იმოქმედა საწვავის მოხმარებაზე.

„მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს ფიქსირდება ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ზრდა, რაც უდაოდ დადებითი მოვლენაა იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს ნავთობპროდუქტებიდან საბიუჯეტო შემოსავლები არ შემცირდება.

საწვავის იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებულია დიზელის საწვავის იმპორტის მატებით, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამას, ინფრასტრუქტურული სამუშაოების (გზების მშენებლობა და ა.შ.) დიდ მოცულობასა და საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მატებას (მ/წლის პირველი 8 თვის განმავლობაში გაზრდილია 13,3%-ით გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა აღურიცხავი საწვავის შემოდინება ქვეყანაში საქართველოზე ტრანზიტად გამავალი სატრანსპორტო საშუალებების მიერ. თუმცა მიმდინარე წლის 6 აპრილს გამოიცა ფინანსთა მინისტრის ბრძანება №92, რომლის ამოქმედების შემდეგაც მკვეთრად შეიზღუდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მიერ ავზებით საწვავის შემოტანა და ზოგადად, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, შემცირდა აღურიცხავი პროდუქციის ბაზარზე განთავსება.

რაც შეეხება მიმდინარე წელს ბენზინის იმპორტის შემცირებას, ის ფაქტიურად დაკავშირებულია COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვებთან, მათ შორის კერძო ავტომფლობელებისათვის, დისტანციური სამუშაოსა და სასწავლო პროცესებიდან გამომდინარე სატრანსპორტო მიმოსვლის კლებასთან, ტურისტებისა და ვიზიტორების მნიშვნელოვან შემცირებასთან“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს