07.07.2025 / 08:38
სერგო ჩიხლაძე - საკარანტინე სივრცეში ადამიანის გარდაცვალება დანაშაულია და მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც მძიმე პირობებში ამყოფებს გამოკეტილ ადამიანებს

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე თელავში, საკარანტინე სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ჯანდაცვის სისტემის გაუმართავ მუშაობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს.

„საკმაოდ ბევრი ფაქტი დაგროვდა საკარანტინე სივრცეების გაუმართავ მუშაობასთან დაკავშირებით, დღეს კი, უპასუხისმგებლობამ ფატალური შემთხვევაც გამოიწვია - საკარანტინე სივრცეში ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა.

როდესაც სახელმწიფო კარანტინში, ფაქტობრივად, ციხის პირობებში ადამიანებს ათავსებს, მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ელემენტარული ჯანდაცვის საჭიროებების, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათი ჯანდაცვის საჭიროების დაკმაყოფილებაზე.

სამწუხაროდ, ბევრი თვითმხილველი აცხადებს, რომ ელემენტარული ჯანდაცვის საჭიროებები ხშირად არ არის გათვალისწინებული საკარანტინე სივრცეებში, ზოგ შემთხვევაში კი, ექიმი ან ექთანი არ არის, ხოლო ზოგ შემთხვევაში როდესაც ადამიანებს სიმპტომები აქვს, ეუბნებიან დარჩი ოთახში და თუ რამე ძალიან გაგიჭირდება და „მომაკვდავი გახდები", იმ შემთხვევაში მოვა შენთან ექიმი და სადმე გადაგიყვანთ.

ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და უპასუხისმგებლო მენეჯმენტი, ეს არის დანაშაული და ვფიქრობ, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ასეთ მძიმე პირობებში ამყოფებენ გამოკეტილ ადამიანებს. გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ არ გადაამზადა პირველადი ჯანდაცვის რგოლის სამედიცინო პერსონალი, ასევე არ მოამზადა მდგომარეობა იმისთვის, რომ უსიმპტომო და მცირე სიმპტომიანი ადამიანების მკურნალობა ბინის პირობებში ყოფილიყო შესაძლებელი. საკარანტინე სივრცეებში ათასობით ადამიანის გამომწყვდევა საჭირო აღარ გახდებოდა. სახელმწიფომ არ იზრუნა ამ ადამიანების ფუნდამენტურ უფლებაზე, რაც არის სიცოცხლისა და ჯანდაცვის უფლება, რომელიც ბევრ საკარანტინე სივრცეში ირღვევა. ეს არის სასწრაფოდ გამოსასწორებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი ფატალური შემთხვევები კიდევ დაგვიდგება, რადგან, სამწუხაროდ, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების შემთხვევები მატულობს და შესაბამისად მოიმატებს საკარანტინე სივრცეებში მოთავსებული ადამიანების რაოდენობაც," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე, რომლის კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახურია ვრცელებს.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს