ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2020

მამუკა არეშიძე - “სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებით შესაძლოა მივიღოთ ფართომასშტაბიანი ომი კავკასიაში”

“სომხეთს და აზერბაიჯანს, მათი სურვილის შემთხვევაში, მოლაპარაკების ადგილად თბილისი უნდა შევთავაზოთ” - ფხალაძე

“აფხაზეთში ასეა - ნებისმიერი ასაკის აფხაზს ქართველზე რამე კარგი რომ წამოცდეს, აუცილებლად ჩაქოლავენ და გადაუვლიან” - ზაქარეიშვილი

* * *

მამუკა არეშიძე - “სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებით შესაძლოა მივიღოთ ფართომასშტაბიანი ომი კავკასიაში”

“აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების განახლება მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეებზეა დამოკიდებული. ვეჭვობ, რომ ამ პოლიტიკური მოთამაშეების სურვილების რეალიზაცია დაიწყო. ერთმნიშვნელოვნად რთულია იმის თქმა, თუ ვისი მხრიდან. არ არის გამორიცხული, ამ პროცესების უკან იდგეს რუსეთი, რომელსაც სურს სამხეთ კავკასიაში ერთხელ და სამუდამოდ გაამყაროს საკუთარი გავლენა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს არც თურქეთის სურვილი, რომ თავისი გავლენა დაიბრუნოს ამ რეგიონზე, რისკენაც კარგა ხანია ისწრაფვის. დაწყებულია რუსეთისა და თურქეთის ბრძოლა სამხრეთ კავკასიისთვის, თუმცა მათ უკანაც საკმაოდ სერიოზული ძალები მოიაზრება”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებით შესაძლოა მივიღოთ ფართომასშტაბიანი ომი კავკასიაში” / “რუსეთმა შეიძლება სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გავლენის განმტკიცება სცადოს, ჩააყენოს ე.წ. სამშვიდობოები ყარაბაღის ტერიტორიაზე და ასევე აზერბაიჯანულ-სომხური დაპირისპირების მთელ პერიმეტრზე, მათ შორის თოვუზის რაიონში, რაც ნიშნავს, რომ ის გარკვეულწილად გააკონტროლებს ენერგოდერეფნებს სამხრეთ კავკასიაში”.

“ერთი შეხედვით აშკარად არ ჩანს აშშ-ის ინტერესები, მაგრამ, მეორე მხრივ, შავი ზღვის გაკონტროლების მზარდ სურვილს ნატო არც მალავს. პარალელური სამხედრო წვრთნებიც ამაზე მიუთითებს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, თუ ყარაბაღის კონფლიქტი მასშტაბურად განახლდა, ყველა მოთამაშე შეეცდება მეტი დივიდენდის მოპოვებას. წინა პლანზე იქნებიან თურქეთი და რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს პარტნიორები არიან, მათი ინტერესები ბევრ საკითხში კვეთს ერთმანეთს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში. პროცესების ლოგიკა გვაჩვენებს ასეთ რამეს: როგორც ჩანს, მსხვილ მოთამაშეებს თავუზის საზღვრის მონაკვეთში ეს კონფლიქტი არ აწყობდათ და პროცესები ისევ ყარაბაღში გადავიდა. თუ დაპირისპირება 3-4 დღეზე მეტხანს არ გაგრძელდა, ეს იქნება რიგითი ინციდენტი, მაგრამ თუ ამან მიიღო გრძელვადიანი დაპირისპირების სახე, გაგრძელდა ყარაბაღის საზღვრის მთელ პერიმეტრზე და დაერთო ინტენსიური სამხედრო ოპერაციები, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ამით მსხვილი მოთამაშეები არიან დაინტერესებული. ასეთ შემთხვევაში, სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს, მძიმე დღეები დაუდგება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“საქართველოს პოზიცია ამ ვითარებაში უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო. დაპირისპირებულ მხარეებს თბილისი უნდა შესთავაზონ მოლაპარაკების პლატფორმად, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ შეთავაზებად დარჩება და საქმედ ვერ იქცევა, რადგან მოვლენების განვითარების ლოგიკა, თუნდაც რუსეთისა და გაეროს ბოლოდროინდელი ურთიერთობა ცხადყოფს, რომ რუსეთმა გადაწყვიტა გადადგას რადიკალური ნაბიჯები, მით უფრო, რომ სანქციების გამო ის ვერაფრით ახერხებს დასავლეთთან საერთო ენის გამონახვას და მოქმედებს პრინციპით, სადაც ვიწროა, იქ გაწყდესო. თურქეთიც გეოპოლიტიკურ რეალობაში დაახლოებით ასეთ განწყობაზეა და მისი ამბიციები, როგორც რეგიონული ლიდერისა, მუდმივად მისივე პარტნიორების ინტერესებს ეჯახება... ყველაზე უარესი სცენარია ფართომასშტაბიანი ომი კავკასიაში. მოვლენების განვითარების სხვადასხვაგვარი მოდელირება შეიძლება. ერთ მაგალითს ვიტყვი მხოლოდ _ რუსეთმა შეიძლება სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გავლენის განმტკიცება სცადოს, ჩააყენოს ე.წ. სამშვიდობოები ყარაბაღის ტერიტორიაზე და ასევე აზერბაიჯანულ-სომხური დაპირისპირების მთელ პერიმეტრზე, მათ შორის თოვუზის რაიონში, რაც ნიშნავს, რომ ის გარკვეულწილად გააკონტროლებს ენერგოდერეფნებს სამხრეთ კავკასიაში”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“არ არის გამორიცხული, ბოლოს და ბოლოს, ხელები გადაუგრიხოს აფხაზებსაც და დაითანხმოს ისინი რუსეთთან სრულ ინტეგრაციაზე. ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მოხდეს - დაბრუნდეს რუსეთი სამხრეთ კავკასიაში არა მარტო როგორც ოკუპანტი, არამედ მთავარი სამხედრო-პოლიტიკური ფაქტორი და მოახდინოს ამ ქვეყნების ნაწილობრივი ოკუპაცია, რაც ნამდვილად არ აწყობს თურქეთს და ამის საწინააღმდეგოდ ძალ-ღონეს არ დაიშურებს. იმედი ვიქონით, რომ ამ სცენარის რეალიზაცია არ მოხდება. გაჩნდა კითხვა, ეს პროცესები ჩვენს არჩევნებს ხომ არ უკავშირდება. ვფიქრობ, ეს ჩვენს არჩევნებს არა, მაგრამ შესაძლოა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ისევე, როგორც 2008 წელს, ამერიკა დღესაც საარჩევნო პროცესშია ჩართული და ნამდვილად ნაკლებად სცალია სამხრეთ კავკასიისთვის, რაც მშვენივრად იციან კრემლში. სხვათა შორის, ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო იქნება სტოლტენბერგისა და გიორგი გახარიას შეხვედრა, რომელიც 29 სექტემბერს უნდა გაიმართოს”, - ამბობს ექსპერტი.

“მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე, ფაქტობრივად, ერთი თვეა დარჩენილი, ისეთი არაპროგნოზირებადი ვითარებაა, რთულია მოსაზრების გამოთქმა. შეიძლება ისეთი კატასტროფული ვითარებაც კი შეიქმნას, რომ არჩევნების ჩატარება საერთოდ საეჭვო გახდეს - კოვიდინფექციის გავრცელების სისწრაფის გათვალისწინებით ამასაც ვერ გამოვრიცხავთ. მაღალტექნოლოგიურ ქვეყნებში, შესაძლოა არჩევნების ჩატარებაც ონლაინ გადაწყვიტონ, მაგრამ ჩვენთან არც მეთოდოლოგია გვაქვს ამისთვის, არც ტექნიკურად ვართ აღჭურვილი და ქვეყანაში არც ფსიქოლოგიური განწყობაა შესაბამისი. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელს, გამაღიზიანებელი ის არის, რომ დღეს ხელისუფლებას ის ადამიანები უკიჟინებენ და მიუთითებენ შეცდომებზე, ვინც გაზაფხულზე მის შემზღუდავ ნაბიჯებს აკრიტიკებდნენ. ჩემი აზრით, იმ ეტაპისთვის ის ზომები მისაღები იყო, მაგრამ ასე მუდმივად ვერ გაგრძელდება. პანდემიის გამო გაცილებით ძლიერ ქვეყნებს აქვთ პრობლემები და ჩვენთან რაც ხდება, სულაც არ არის გასაკვირი. ეკონომიკას ძალიან სერიოზული დარტყმა მიადგა, ჩვენი საბაზო მდგომარეობა­ ნამდვილად არ იყო ისეთი, პანდემიის ასეთ შემოტევას დიდხანს გავმკლავებოდით. იმ 4-5-თვიან მონაკვეთში როგორც გაუმკლავდა ხელისუფლება ამას, ისიც გასაკვირია. ეს დაგვიჯდა უდიდეს ძალისხმევად, უზარმაზარ ფინანსურ დანაკარგად”, - მიიჩნევს მამუკა არეშიძე.

ამას ემატება აღებული საგარეო სესხი, გაჩერებული წარმოებები და საზოგადოებრივი ცხოვრება, ფაქტობრივად, გამქრალი ტურიზმი... რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შექმნილია უმძიმესი ფსიქოლოგიური ფონი, რომელიც თავს იჩენს ძალადობის ფაქტების მატებაში... თუ გავაანალიზებთ იმას, რაც პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში ხდება, შეიძლებოდა გათვლა, თუ როგორი ფსიქოლოგიური ფონი შეიქმნებოდა. გია ხუხაშვილს ვეთანხმები, საზოგადოებაში შიში ნამდვილად არსებობს. შეიძლება ბევრი ამტკიცებს, რომ კორონა არ არსებობს და ვიღაც მასონებმა მოიგონეს, მაგრამ გულში ყველას ეშინია, რომ შეეყაროს ინფექცია, როგორ გადაიტანს. ამ შიშის გამოა შექმნილი ასეთი უარყოფითი ემოციური ფონი და ადამიანების ნაწილის ისტერიკული მდგომარეობა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ქვეყანაში ფეთქებადი ვითარებაა... აი, ამ ფონზე მივდივართ არჩევნებისკენ და რაც უფრო გაძლიერდება კორონავირუსის შემოტევა, მით უფრო დამძიმდება ეს ფონი. ვფიქრობ, ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით კი - მმართველმა პარტიამ...”, - განმარტავს რესპონდენტი.

“მთავრობას ახლა ხელს აძლევს არჩევნების ჩატარება, რადგან, მიუხედავად დიდი პრობლემებისა, დღეს მაინც უკეთეს მდგომარეობაშია. მეტადაც რომ დამძიმდეს ვითარება, შეიძლება “ქართული ოცნება” ინერციით ოქტომბრის ბოლომდე მაინც უპირატესობით მივიდეს და გამარჯვებაც მოიპოვოს. არჩევნების, ვთქვათ, ექვსი თვის შემდეგ ჩატარება, როდესაც უმძიმესი ზამთარი გვაქვს გასავლელი, მათთვის გაცილებით მძიმე იქნება. რაც ხდება, რეალობით არის განპირობებული. ჩვენს პარტნიორ ქვეყნებშიც ანალოგიური ვითარებაა - შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველგან მატულობს შემთხვევების რაოდენობა. წარმოუდგენელია, მუდმივად გაგრძელდეს სრული კარანტინი, არადა, აშკარაა, რომ გაზაფხულზე ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ აღიქვა, რეალურად რა ხდებოდა. ამის ნიშანია ის, რომ ახლაც გრძელდება მასობრივი ღონისძიებები და თავშეყრა წესების დაცვის გარეშე. არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება დაბნეულია, მაგრამ მგონია, რომ ქვეყანაში კორონავირუსისგან თავდაცვის რესურსი იწურება. საზოგადოების ნაწილის შეუგნებლობისა და ქვეყნის მწირი რესურსების ფონზე კიდევ კარგად ვართ. ხელისუფლების დიდ შეცდომებს ვერ ვხედავ”, - თვლის ექსპერტი.

“ვერ ვხედავ კონსტრუქციულ გეგმას, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” წარმატებას მოუტანდა. ამიტომ ხალხის ნაწილს კვლავაც ეშინია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნების შემდეგ რაღაც უბედურება არ მოაწყოს. მათგან ჩვენ სხვას ვერაფერს ვისმენთ, გარდა იმისა, რომ “ქართული ოცნება” ცუდია და თვითონ კარგები არიან... მაგალითად, გიორგი ვაშაძე მუდმივად ლაპარაკობს კონკრეტულ სტრატეგიაზე. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სხვა საკითხია, მაგრამ ჩანს, რომ მას აქვს თავისებური გეგმა იმისა, როგორ წარმოუდგენია საქართველოს ხვალინდელი დღე. იგივე ხდება “ლელოს” შემთხვევაში, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობას” მსგავსი არაფერი აქვს. ისინი მუდმივად აპელირებენ იმაზე, რომ “ქართული ოცნება” არის რუსული ძალა, რაც საზოგადოების უმრავლესობაზე აღარ მოქმედებს. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ იმდენი პოლიტიკური შეცდომა, რაც ახლა დაუშვა სააკაშვილმა, მგონი, არც დაუშვია. არ ვგულისხმობ კატასტროფულ შეცდომას - 2008 წლის ომს... სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები, დაპირისპირება “ევროპულ საქართველოსთან” და სხვა ოპოზიციური ძალებისთვის შეურაცხმყოფელი ეპითეტების ძახილი არაერთ ამომრჩეველს ლამის აფიქრებინებს, რომ ის “შეკრულია” “ქართულ ოცნებასთან”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.

“ნაციონალურ მოძრაობას~ დღეს არა აქვს დამოუკიდებლად გამარჯვების რესურსი, თუმცა ამის მტკიცებით რის მიღწევას ცდილობს სააკაშვილი, არ ვიცი. მოსალოდნელი იყო, რომ ოპოზიციას ერთი პირი არ ექნებოდა, მაგრამ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ასეთი დაპირისპირება გაუმართლებელია. მალე, მგონი, ლანძღვა-გინებას დაუწყებენ ერთმანეთს... ს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციის საქმე წასულია. რა თქმა უნდა, მათ ჰყავთ თავისი ელექტორატი, მხარდამჭერები, მაგრამ ამათი კინკლაობის ყურებისას ისინიც შეიძლება დაიქსაქსონ, არადა, ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს პოლიტიკური ძალების თანამშრომლობა, თუ არჩევნების შემდეგ კოალიციის ჩამოყალიბება გახდება საჭირო. ზოგიერთი სოციოლოგიური კვლევით, თბილისის რამდენიმე ოლქში ოპოზიციონერ კანდიდატებს აქვთ წარმატების შანსი... ვფიქრობ, რეგიონების ზოგიერთ ოლქშიც შეიძლებოდა ოპოზიციას შეთანხმებულად ემოქმედა, თუმცა ასე არ მოხდა, ამბიციებმა სძლია ყველას. საქართველო დღეს არის ტერმინებს - ქვეყანასა და სახელმწიფოს შორის გაჩხერილი სუბიექტი, რომელიც სახელმწიფოდ ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. ეს განსაკუთრებით ჩანს პოლიტიკური კულტურის დეფიციტში. აქ კვლავაც მთავარია ხელისუფლებაში ყოფნა და არა - საქმის კეთება”, - დასძენს რესპონდენტი.

“სომხეთს და აზერბაიჯანს, მათი სურვილის შემთხვევაში, მოლაპარაკების ადგილად თბილისი უნდა შევთავაზოთ” - ფხალაძე

“ვთვლი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მხარე ყველა ძალას იღონებს, რომ მოვლენებმა ასეთი განვითარება არ მიიღოს იმიტომ, რომ ასეთი აპოკალიფსური სცენარი არავის ინტერესებში არ შედის. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება მოხდება იმის ირგვლივ, რომ ამ კონფლიქტის კონსერვაცია მოხდეს”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბარში გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის დირექტორი თენგიზ ფხალაძე ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის განახლებას. როგორც ფხალაძე ამბობს, აუცილებელია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ახალი კონფლიქტის შეჩერება დაუყოვნებლივ მოხდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “სომხეთს და აზერბაიჯანს, მათი სურვილის შემთხვევაში, მოლაპარაკების ადგილად თბილისი უნდა შევთავაზოთ” - ფხალაძე.

“ეს ისეთი ჩიხია, რომ აქ არ შეიძლება გამარჯვებული არსებობდეს იმიტომ, რომ ეს იმ ტიპის კონფლიქტია და ამაში იმდენი მხარეა ჩარეული, რომ ეს საზიანოა როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე სომხეთისთვის. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ძალა და საშუალება იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ამის კონსერვაცია რაც შეიძლება მალე მოხდეს. “სამწუხაროდ, კონფლიქტის გადაწყვეტაზე ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ, რომ ეს პრობლემა ასე უცებ არ მოგვარდება, მაგრამ კონსერვაცია რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. მოდით ასე ვთქვათ, რომ რუსეთი კონფლიქტში თავიდან ბოლომდე ჩართულია, ჩართულია ორივე მხარეს, როგორც წაქეზებაში, ასევე იარაღის მიწოდებაში, პროვოკაციების მოწყობაში და ბევრ სხვა რამეში. რაც შეეხება თურქეთს, ის აზერბაიჯანს პოლიტიკურ მხარდაჭერას ყოველთვის აძლევს, თუმცა როგორც კონფლიქტის მხარე, რთულად წარმომიდგენია იმიტომ, რომ ესაა ფაქტიურად აპოკალიფსური სცენარი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“თუკი შეიარაღებულ კონფლიქტში ქვეყნები ღიად ჩაერთვნენ, ამის შედეგები მგონია რომ თურქეთსაც და რუსეთსაც ძალიან კარგად ესმით. ამიტომაც ვთვლი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მხარე ყველა ძალას იღონებს, რათა მოვლენებმა ასეთი განვითარება არ მიიღოს იმიტომ, რომ ასეთი აპოკალიფსური სცენარი არავის ინტერესებში არ შედის. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება მოხდება იმის ირგვლივ, რომ ამ კონფლიქტის კონსერვაცია მოხდეს. საქართველო კარგ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდება, ცხადია. ეს ყველაფერი ჩვენ საზღვრებთან ორ მოსაზღვრე სახელმწიფოს შორის ხდება. სომხეთთან ჩვენ კარგი ურთიერთობები და მნიშვნელოვანი პროქტები გვაქვს, აზერბაიჯანი ხომ საერთოდ სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ეგზისტენციალური მნიშვნელობის პროექტები ხორციელდება. ამიტომ ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა იმაში, რომ სამშვიდობო პროცესებში წვლილი შევიტანოთ, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნებოდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამ კონფლიქტთან მიმართებაში რუსეთის ტაქტიკა, როგორც წესი, არასოდეს იცვლება - ორივე მხარეს აქეზებს, იმის ინსპირაციას ახდენს,რომ შეტაკება, დაძაბულობა მოხდეს და შემდგომ გვევლინება, როგორც კონფლიქტის გასაღების მფლობლი, რომელსაც შეუძლია ორივე მხარის ლიდერებს დაურეკოს, ან ისინი ერთმანეთს თავის ტერიტორიაზე შეახვედროს და თუ დავაკვირდებით, სამაგიეროდ ან ახალ კონტრაქტს, ან რაღაც სტრატეგიულ ობიექტში უფრო მეტ წილს იღებს ხოლმე და ა.შ. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ერთგვარი ჩიხია, რომელიც უნდა გაირღვეს, სადაც ახალი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ვიფიქროთ, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, მხარეების შეხვედრის ადგილი იყოს არა სოჭი, ან სხვა ადგილი, არამედ, მაგალითად, თბილისი, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები ნეიტრალური ადგილია, სადაც შეუძლიათ ისაუბრონ და მოლაპარაკება გამართონ. ეს ჩვენთვისაც კარგია იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ განცხადებებით დავაფიქსირებთ, რომ მშვიდობას ვემხრობით, არამედ გარკვეულ აქტიურ ნაბიჯებსაც ვდგამთ, რაც რეგიონში საქართველოს როლსაც ამაღლებს”, - დაასკვნის თენგიზ ფხალაძე.

“აფხაზეთში ასეა - ნებისმიერი ასაკის აფხაზს ქართველზე რამე კარგი რომ წამოცდეს, აუცილებლად ჩაქოლავენ და გადაუვლიან” - ზაქარეიშვილი

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან ზუსტად 27 წელი შესრულდა. “აფხაზურ სკოლებში ბავშვებს საქართველოსა და ქართველებზე მხოლოდ იმას ასწავლიან, თუ რამდენად სასტიკი არიან ქართველები. შედეგად, აფხაზეთში მოვიდა თაობა, რომელმაც ქართველებზე ან საერთოდ არაფერი იცის, ან - მხოლოდ ცუდი, - ამის შესახებ “რეზონანსთან” საუბარში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “აფხაზეთში ასეა - ნებისმიერი ასაკის აფხაზს ქართველზე რამე კარგი რომ წამოცდეს, აუცილებლად ჩაქოლავენ და გადაუვლიან” - ზაქარეიშვილი.

“27 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. დავიწყოთ იქიდან, რომ აფხაზები გაუცხოვდნენ საქართველოს და ქართველების მიმართ. მათ შორის უკვე იმდენად დიდი ბზარია, რომ სალაპარაკო ენას ვეღარ პოულობენ. ქართველები აფხაზებს ადამიანებად არ აღიქვამენ, მათი ინტერესებისა და სურვილების არ ესმით. თავის მხრივ, აფხაზები გაურკვევლობაში არიან, მათ არ იციან რა სურთ ქართველებს, მათი ჩამოუყალიბებლობა აფრთხობთ, ამიტომ ურჩევნიათ ძლიერ რუსეთს მიეკედლონ. აფხაზეთში ასეა - ნებისმიერი ასაკის აფხაზს ქართველზე რამე კარგი რომ წამოსცდეს, აუცილებლად ჩაქოლავენ და გადაუვლიან. ახალმა თაობის წარმომადგენლებმა ან არ იციან ქართველებზე არც ცუდი და არც კარგი, ან თუ იციან - მხოლოდ ცუდი, რადგან მათ ამას სკოლაში ასწავლიან, თუ რამდენად სასტიკები არიან ქართველები. მათ არ უგემიათ ომი და ტყვიები, მაგრამ ისინი ნეგატიურად არიან განწყობილი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“აფხაზეთში ძველი თაობის წარმომადგენლებს ქართველებზე ავი და კარგი ორივე მაინც ახსოვთ. ჩვენ, ქართველებს, ბევრ ლეგენდებს გვიყვებოდნენ მტრების სისასტიკეზე და მათ მიერ ჩადენილ მრავალ დანაშაულებებზე. სწორედ ასეთ კონტექსტში უყვებიან აფხაზ ახალგაზრდებსაც საქართველოზე და ქართველებზე. სკოლის დამთავრების შემდეგ აფხაზი ახალგაზრდების უმეტესობა რუსეთში აგრძელებს სწავლას, მიდიან რუსეთში, იქიდან კი რუსიფიცირებულ ჩინოვნიკებად ბრუნდებიან. საქართველოსადმი დაბალ ინტერესს მათ სკოლის ასაკშივე უნერგავენ, იმით, რომ ქართულ ენას თითქმის არ ასწავლიან, როგორც ვიცი, კვირაში მხოლოდ ერთი საათი ეთმობა ქართულ ენის შესწავლას”, - დასძენს ზაქარეიშვილი და შეკითხვაზე - “როგორ ფიქრობთ, რაშია გადარჩენის გზა, რითაც ქართველ-აფხაზთა ახალი თაობის წარმომადგენლები მაინც შეძლებენ ურთიერთობის აღდგენასა და მოგვარებას?” - პასუხობს:

“ გადარჩენის გზა მხოლოდ იმაშია, რომ აფხაზებს უნდა დავანახოთ განსხვავება რუსეთსა და საქართველოს შორის, რითი ვართ რუსეთზე უკეთესები და რატომ. პირველ რიგში, ქართველებს აფხაზეთი მხოლოდ ტერიტორიული ერთიანობისთვის არ უნდა სჭირდებოდეთ, აფხაზებს უნდა აღიქვამდნენ, როგორც საზოგადოებას, პიროვნებებს და უშუალოდ მათთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს”.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა