ირაკლი სესიაშვილი - ჩვენი ოპონენტები არაერთხელ ყოფილან ძალადობის პროვოკატორები, რომლებიც ახდენდნენ დაპირისპირების ინსპირირებას

ჩვენი ოპონენტების სურვილია და მათ ქმედებებშიც გამოიკვეთა, რომ სურთ, პროვოკაციით სიტუაცია დაძაბონ, შექმნან ფონი, თითქოს საარჩევნო პროცესი არამშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობს,- ასე პასუხობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან ოპონენტების ბრალდებებს "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნიკა მელიაზე თავდასხმასა და ბოლნისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

სესიაშვილის თქმით, ოპონენტების განცხადებები არა რეალურ ფაქტებს, არამედ მათ პოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება.

"ჩვენი პარტიის და ხელისუფლების, ქვეყნის ინტერესში შედის, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა რაც შეიძლება მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. ეს არის ნებისმიერი ხელისუფლების სურვილი, მითუმეტეს, "ქართული ოცნების", რომელსაც სხვა პარტიებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს და ჩვენი ინტერესია, რომ პროცესი წარიმართოს ძალადობის გარეშე. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, პოლიცია და სამართალდამცავი ორგანოები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე და ნებისმიერ მოძალადე პირთან მიმართებით იქნებიან უმკაცრესნი.

ჩვენი ოპონენტები არაერთხელ ყოფილან ძალადობის პროვოკატორები და ახდენდნენ ამ ძალადობის ინსპირირებას, გაიხსენეთ არაერთი მოვლენა ამ პარლამენტის გარშემო, როცა აგრესიულად ხდებოდა პოლიციასა და ოპონენტებზე ძალადობრივი თავდასხმა. აქედან გამომდინარე, მათი შეფასებები ეფუძნება არა რეალობას, არამედ იმ პოლიტიკურ სურვილებს, რომელიც მათ გააჩნიათ. სახელმწიფოს და ხელისუფლევის სურვილია იყოს მშვიდობა, მითუმეტეს იმ ხელისუფლების, რომელსაც აქვს სერიოზული უპირატესობა ოპონენტებთან მიმართებით. ამიტომ ყველა ასეთი ბრალდება არის პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი და ამას საზოგადოება კარგად ხედავს,“ - განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერის, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, საარჩევნო შეხვედრაზე ქვები დაუშინეს. ის აღნიშნულს "ქართულ ოცნებას" უკავშირებს.

ამასთან, ძალადობრივ ინციდენტს ჰქონდა ადგილი ბოლნისშიც. სოფელ ნახიდურში დაპირისპირება "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის მოხდა. როგორც შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა