„ერთად არჩევნებისთვის“ მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ხელს უშლის სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო პროცესების წარმართვას

მარნეულში, თბილისსა და ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გაერთიანება „ერთად არჩევნებისათვის“ 29 სექტემბერს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ახორციელებდა საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მონიტორინგს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

მონიტორინგის ფარგლებში გაერთიანების დამკვირვებლებმა რიგ ოლქებში გამოავლინეს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და მუშაობისათვის ხელის შეშლის, აგრეთვე ოპონენტი პარტიების წარმომადგენელთა შორის დაპირისპირების ფაქტები, კერძოდ:

N01 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და ზოგიერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამართეს აქცია, რომელზეც აცხადებდნენ, თითქოს საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების შესახებ კომისიის წევრებს ინფორმაცია არ ჰქონდათ და შესაბამისად პირველი სხდომები პარტიის წევრების დასწრებისა და მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. აღნიშნულ პირებს, ასევე ჰქონდათ მცდელობა კანონის დარღვევით შეჭრილიყვნენ მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გაერთიანების დამკვირვებლებმა N01 მთაწმინდის ოლქის საარჩევნო უბნებზე დაგეგმილი პირველი სხდომების შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილ სტენდზე გამოკრული შესაბამისი დოკუმენტიდან, ამავდროულად ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები აკვირდებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების პირველ სხდომებთან დაკავშირებული ინფორმირების პროცესსაც.

სამწუხაროდ, აღნიშნულმა აქციამ დღის მეორე ნახევრიდან კამპანიური ხასიათი მიიღო; ანალოგიური მოთხოვნით აქცია N22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეც გაიმართა, რომელსაც თან სდევდა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შეჭრის მცდელობა და საქმიანობის ხელის შეშლა, აგრეთვე ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტები გაგრძელდა N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაშიც, სადაც მთელი საღამოს განმავლობაში კომისიის მუშაობას აფერხებდნენ ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები. კერძოდ, ისინი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს არ აძლევდნენ შესაძლებლობას საოლქო საარჩევნო კომისიიდან გაეტანათ პანდემიის პირობებში პირველი სხდომების ორგანიზებისთვის საჭირო ინვენტარი. პარტიის წარმომადგენლები საღამოს განმავლობაში ბლოკავდნენ საოლქო კომისიის შესასვლელს, აჭარბებდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს არ უშვებდნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. სამწუხაროდ, დღეს განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნულ ინციდენტებს აქვს ორგანიზებული, კამპანიური ხასიათი და გარკვეული ძალები, მიზანმიმართულად ცდილობენ წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვას და დისკრედიტაციას. სამწუხაროდ, დღევანდელი დაპირისპირება საღამოს კიდევ უფრო გაღრმავდა და შედარებით ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო მარნეულში, რა დროსაც დაზარალდნენ არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები, არამედ ჟურნალისტებიც. გაერთიანება „ერთად არჩევნებისთვის“ მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ხელს უშლის ქვეყანაში სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო პორცესების წარმართვას. აგრეთვე, მოუწოდებს შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტები“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა