მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ის, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ის, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა.

როგორც სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს, ის ყველა შეხვედრაზე აყენებდა საკითხს, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიად დაკანონებულიყო.

„ის, რაც იკადრეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, ჩვენი უწმინდესი ადგილის, გარეჯის მიმართ, ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია. სხვათაშორის, ამის შესახებ ჟურნალისტები საუბრობენ უკვე რამდენიმე კვირაა. მინდა გითხრათ, რა აქვთ მათ ამ პროვოკაციის შემდეგი ეტაპები - ისინი აპირებენ, ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ მან რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან ამ ტერიტორიების გასხვისებისთვის, შემდეგ ისინი აპირებენ გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ამ მიწების გასხვისებისთვის ფული გადაიხადეს, 60 თუ 80 მილიონი, რაც დაიბადება ФСВ-ს პროპაგანდისტების და ივანიშვილის თავში. მერე ამაზე ააგებენ მთელ ამბავს, რომ ჩვენ ქართული მიწა გავყიდეთ.

სიმართლე არის სრულიად საწინააღმდეგო - ჩემი მმართველობის დროს ყველა შეხვედრაზე ვაყენებდით საკითხს იმის თაობაზე, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული, როგორც საქართველოს სუვერენული ტერიტორია. უფრო მეტიც, ჩვენ სერიოზული პროგრესი გვქონდა აზერბაიჯანთან მიმართულებით. მთავარი ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ჩვენს დროს ვერავინ გაბედავდა ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა ივანიშვილის დროს, ქართველ მომლოცველებს, საქართველოს მოქალაქეებს ჩაუკეტეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ძეგლში შესვლა, ჩაუკეტეს საკუთარ სიწმინდებთან, საკუთარ ისტორიასთან, კულტურასთან შეხების საშუალება და ეს მოხდა ამათ დროს!

მათ დროს ჩვენი ურთიერთობები ყველა ჩვენს მეზობელთან ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა და ეს ძალიან საშიში სიტუაციაა. ის, რომ ეს პროვოკაცია ხდება იმ დაძაბულობის და ომის ფონზე, რაც ახლა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, სადაც რა თქმა უნდა, აქტიურად მონაწილეობს მოსკოვი, ესეც ხომ არ არის შემთხვევითი“,-აცხადებს სააკაშვილი.

მისი თქმით, ეს პრობლემები 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს, რათა საქართველომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მეზობელ ქვეყნებთან სწრაფად დაალაგოს ურთიერთობები.

„ჩვენი მმართველობის პირობებში, როგორც ყველამ იცით, ვერავინ გაბედავს საქართველოსთან უბატონოდ ლაპარაკს, ვერავინ გაბედავს ქართველების დამცირებას, ჩვენზე ზემოდან ქვემოთ ყურებას იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ღირსება და ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ჩვენთვის ჩვენი ქვეყანა არ არის პატარა სოფელი, ჩვენთვის ჩვენი ქვეყანა არ არის სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების საჯლიგინო, ჩვენთვის ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი სალოცავი და ჩვენი ყველაზე მთავარი ფასეულობა. ჩვენ, ჩვენს ქვეყანას დავიცავთ ყველა სახის პროვოკაციისაგან და ეს ჩვენ ერთად აუცილებლად გამოგვივა. საქართველოში ნამდვილად არ ბნელა, საქართველოში ნამდვილად გათენდება!“,- აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა