პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

კანონპროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევის წესებს შეეხება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 83 -მა დეპუტატმა დაუჭირა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების ახალი სტანდარტები დგინდება. ცვლილებების თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგები ცნობილი იქნება იუსტიციის საბჭოს ყველა წევრისთვის, ასევე აპლიკანტისთვის იმ შემთხვევაში, თუკი ის მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, კანდიდატის შეფასებებსა და დასაბუთებებში მიეთითება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის სახელი, გვარი და ხელმოწერა. ეს ინფორმაცია ცნობილია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ უფლებამოსილი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებისთვის. პროექტის თანახმად, ამ ინფორმაციის სხვისთვის გამჟღავნება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, იუსტიციის საბჭოს ყოველი წევრი წერილობით ასაბუთებს თითოეულ ქულას და კეთილსინდისიერების კრიტერიუმის თითოეულ მახასიათებელს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა შეფასებები დასაბუთებებთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ვინაობის დასახელების გარეშე, ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე.

კანდიდატების მოსმენის დასრულების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უახლოეს სხდომაზე კენჭს უყრის კანდიდატებს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების იმ რაოდენობამდე დაყვანის მიზნით, რამდენი ვაკანსიაც არის გამოცხადებული, თუმცა, ცვლილებების თანახმად, კანდიდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეყრება კენჭი თუ კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70%-ია და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10-მა წევრმა მაინც მიიჩნია, რომ ის კეთილსინდისიერების პრინციპს აკმაყოფილებს. კენჭისყრის შედეგები - ხმების რაოდენობა ითვლება საბჭოს დახურულ სხდომაზე.

გარდა დასაბუთების სტანდარტისა, ასევე შესაძლებელი იქნება უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება. გასაჩივრების შემთხვევაში, ინფორმაცია კენჭისყრის შედეგების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის შემადგენლობისთვის, საჩივრის ავტორისა და მისი წარმომადგენლისთვის, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლისთვის. ამ შემთხვევაშიც, როგორც პროექტშია მითითებული, ინფორმაციის სხვისთვის გამჟღავნება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. რაც შეეხება კანდიდატისთვის ინფორმაციის მიწოდებას, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს ინფორმაცია კანდიდატს მოთხოვნიდან 2 დღეში უნდა მიაწოდოს.

ამავე ცვლილებების თანახმად, გასაჩივრების შემთხვევაში, კანდიდატთა შერჩევის პროცესი საკვალიფიკაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე ჩერდება. საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს 2 კვირის ვადაში განიხლავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა