ვანო მაჭავარიანი - გიორგი გახარიას შეთავაზება არასერიოზულია - დიდი ალბათობით, კონფლიქტის მხარეები რუსეთის ეგიდით დაუბრუნდებიან მოლაპარაკებებს

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, აზერბაიჯანის და სომხეთის მხარე იგნორირებას არ გაუკეთებს სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც საუბარია, რომ მოსკოვი მზად არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის პლატფორმად იქცეს.

როგორც ვანო მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო დიალოგის გამართვის მიზნით, მზად არის უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში, არასერიოზულია და წინასაარჩევნო კამპანიას ემსახურება.

„ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, არსებობს მინსკის ჯგუფი, რომელიც შეიქმნა ეუთოს ეგიდით და შედის რუსეთი, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ასევე არსებობს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, რომელიც ავალდებულებს კონფლიქტის მხარეებს შეასრულონ ის ვალდებულება, რომელიც დღემდე შეუსრულებელია, განსაკუთრებით კი სომხეთს, რომ გაიყვანოს თავისი საჯარისო ჯარები იმ 7 რაიონიდან, რომელიც მთიანი ყარაბაღს საზღვრებს გარეთ არის.

2001 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იყო მცდელობა, ორ მხარეს შორის მიღწეულიყო შეთანხმება, ყარაბაღის გარეთ მდებარე ამ 7 რაიონზე, მაგრამ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, სწორედ სომხეთის პოზიციის გამო.

გამომდინარე აქედან, საკმაოდ რთული პროცესია. ყველაზე მეტად ვისაც ეხელმწიფება ამ კონფლიქტის მოგვარება / ან არ მოგვარება არის რუსეთი, შესაბამისად, სერგეი ლავროვის შეთავაზება ორივე მხარის მიმართ ახლა, როდესაც სამხედრო პროცესი გარკვეულ ლოგიკურ მიმართულებას მიჰყვება, არის ის, რასაც აზერბაიჯანის და სომხეთის მხარე იგნორირებას არ გაუკეთებს. შესაბამისად, მნიშნველოვანია თურქეთის როლიც, რომელიც როგორც ჩანს მინსკის ჯგუფის გარეთ ჩართული იქნება ამ პროცესში.

რაც შეეხება გიორგი გახარიას შეთავაზებას, ეს არასერიოზულია. ერთის მხრივ, ეს ემსახურება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს, როდესაც მიაჩნიათ, რომ რამე მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშოს „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო არენაზე,

მეორეს მხრივ, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მოახერხა და ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან აზერბაიჯანთან და თურქეთთან ისეთი ცუდი ურთიერთობები დაამყარა, რომ ნდობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან რამე სახის ხელშეწყობაზე აზერბაიჯანული ან სომხური მხარის მიმართ უბრალოდ არარსებულია“,-განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ვანო მაჭავარიანი დასძენს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს არ აქვთ პირადი ურთიერთობები აზერბაიჯანის, სომხეთის ან თურქეთის ქვეყნებთან იმ დონეზე, რომ კონფლიქტის გადაჭრის პლატფორმად იქცნენ. რაც შეეხება რუსეთს, ვანო მაჭავარიანის თქმით, კონფლიქტური მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დიდი ალბათობით რუსეთის ეგიდით დაუბრუნდებიან.

გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების“ რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს არ აქვს ისეთი პირადი ურთიერთობები აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომ პირადად აიღოს ინიციატივა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს მინისკის ჯგუფი, რომელშიც შედიან ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები, ეს ფორმატი სწორედ ის ფორმატია, სადაც დიდი ალბათობით, რუსეთის ეგიდით დაუბრუნდებიან კონფლიქტური მხარეები მოლაპარაკების მაგიდას“,-განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბრის შემდეგ დაიძაბა. დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა, სადაც აღნიშნა რომ საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.

მასთან, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს მოსკოვში შეხვედრას სთავაზობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო