„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი» წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. განცხადების თანახმად, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეშფოთებულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ძალადობრივი ინციდენტებით, რაც ზიანს აყენებს მშვიდობიან და სამართლიან საარჩევნო გარემოს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჟურნალისტებზე პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს დაფიქსირებული თავდასხმის ფაქტები.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, უმოკლეს დროში გამოიძიოს 2020 წლის 27 სექტემბერს, ბოლნისში, „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას და 2020 წლის 29 ოქტომბერს, მარნეულში, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი, მოხდეს სამომავლოდ მსგავსი ფაქტების პრევენცია, რათა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა შეძლონ საკუთარი საქმიანობის მშვიდობიან წინასაარჩევნო გარემოში წარმართვა, ხოლო ჟურნალისტებს ჰქონდეთ საშუალება, უსაფრთხო სამუშაო პირობებში განაგრძონ საქმიანობა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის 27 სექტემბერს, ბოლნისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებსა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა და მათი მხარდამჭერები. საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობის შედეგად გადაიზარდა, აქტივისტებს ხელკეტებითა და ქვებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ კოლონაში მოძრავი ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი აცხადებს, რომ მის ავტომობილს ქვა ესროლეს და დააზიანეს.

2020 წლის 29 ოქტომბერს, „მთავარი არხის“ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მთავარი არხის“ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. ამასთან, დაზიანებულია ორივე მაუწყებლის ტექნიკა.

პრობლემურია, რომ საზოგადოებას ინციდენტების შესახებ ინფორმაცია განსხვავებულად მიეწოდება სხვადასხვა ტელევიზიის მიერ და იშვიათია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ ინციდენტების დაბალანსებული გაშუქება, რაც ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას. მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიებმა დაიცვან მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნა და ახალი ამბების გამოშვებებში ყველა ფაქტი თუ შეხედულება დაბალანსებულად, არადისკრიმინაციულად და პლურალისტულად გააშუქონ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს ხელისუფლებას და საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების, მათთან დაკავშირებული აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის, ასევე პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელშეშლის ფაქტები.

სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები.

პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭრების მიმართ ზეწოლა, მუქარა და ძალადობა;

წინასაარჩევნო კამპანია და შესაბამისი აქტივობები განახორციელონ კანონით დადგენილ ჩარჩოებში, მშვიდობიანი ფორმებით;

მედიასაშუალებებს, კეთილსინდისიერად შეასრულონ საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა და საინფორმაციო გამოშვებებში, მაქსიმალურად უზრუნველყონ ყველა ფაქტის თუ შეხედულების დაბალანსებულად, არადისკრიმინაციულად და პლურალისტულად გაშუქება.

ფაქტების გადმოცემისას თავი შეიკავონ ინფორმაციით თვითნებური მანიპულირებისაგან, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქართველოს მედიაგარემო უკიდურესად პოლარიზებულია და ტელევიზიების ნაწილი ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას ემხრობა, რაც მათ სარედაქციო პოლიტიკაში მკაფიოდ ჩანს“,-აღნიშნულია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიმართვაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს