„ერთად არჩევნებისთვის“ საუბნო საარჩევნო კომისიების მონიტორინგის შედეგებზე ინფორმაციას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება - „ერთად არჩევნებისთვის“ საუბნო საარჩევნო კომისიების მონიტორინგის შედეგების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მათი განმარტებით, გაერთიანება „ერთად არჩევნებისთვის“ დამკვირვებლები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საუბნო საარჩევნო კომისიების მონიტორინგს ინტენსიურად აგრძელებენ, რის შედეგადაც რამდენიმე სახის დარღვევა გამოვლინდა, მათ შორის ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებით გათვალისწინებული ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის წესების უგულებელყოფა.

გარდა ამისა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, დამკვირვებლებს ზოგიერთი საარჩევნო უბანი ღია დახვდათ და ადგილზე პასუხისმგებელი პირები არ იმყოფებოდნენ.

„3 ოქტომბრის მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა რამდენიმე სახის დარღვევა, მათ შორის ცესკო-ს მიერ მიღებული38/2020 დადგენილებით, გათვალისწინებული ახალი კორონავირუსით(SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის წესების უგულებელყოფა N44 ამბროლაურის, N58 წყალტუბოს, N08 დიდუბის და N05 ისნის საარჩევნო ოლქებში შემავალ საარჩევნო უბნებზე.

მონიტორინგის ფარგლებში ასევე გამოვლინდა, რომ N09 ნაძალადევის, N10 გლდანის, N37 ახალციხის, N16 ყვარლის, N58 წყალტუბოს და N51 ზესტაფონის ოლქებში შემავალი ზოგიერთი საარჩევნო უბანი იყო დაკეტილი. აგრეთვე, N09 ნაძალადევის, N10 გლდანის, N08 დიდუბის და N58 წყალტუბოს ოლქებში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დამკვირვებლებს ზოგიერთი საარჩევნო უბანი დახვდა ღია, ადგილზე არ იმყოფებოდნენ პასუხისმგებელი პირები. გარდა ამისა, N08 დიდუბის ოლქებში შემავალ საარჩევნო უბანზე არ მოახდინეს გაერთიანების დამკვირვებლების იდენტიფიცირება.

გაერთიანება „ერთად არჩევნებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებს, ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ გარემოებებს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საქმიანობას, პირნათლად შეასრულონ თავიანთი უფლება-მოვალეობები, მათ შორის არ დაუშვან საარჩევნო უბანში ყოფნის უფლებამოსილების მქონე პირები სამკერდე ნიშნის გარეშე. ქვეყანაში შექმნილი პანდემიური ვითარების გათვალისწინებით კი, მკაცრად დაიცვან ახალი კორონავირუსით(SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის წესები“,-აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება - „ერთად არჩევნებისთვის“ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა