ლევან ვერძეული - მონაწილეთა საპენსიო აქტივები მაქსიმალურადაა დაცული

დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეთა რაოდენობა მუდმივად იზრდება და საპენსიო დანაზოგებმა უკვე გადააჭარბა 1 მილიარდ ლარს. ამასთან, დამტკიცდა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც საპენსიო დანაზოგების ინვესტირების სტრატეგიას წარმოადგენს. რამდენად დაცულია მოქალაქეების საპენსიო დანაზოგები, როგორ მიმდინარეობს საპენსიო დანაზოგის ინვესტირების პროცესი და რას ითვალისწინებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ "საპენსიო სააგენტოს" უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე, ლევან ვერძეული ესაუბრა.

- უკვე დამტკიცდა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი. საპენსიო დანაზოგის მფლობელებს ყველაზე მეტად აინტერესებთ, რამდენად დაცული იქნება მათი დანაზოგები, რა ბერკეტებია დოკუმენტში გაწერილი ამ მიმართულებით?

- საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განისაზღვრა საპენსიო აქტივების ინვესტირების გრძელვადიანი სტრატეგია, აგრეთვე საინვესტიციო მიზნები, რისკების მართვის საკითხები და ინვესტირების პროცესები. რისკის მართვას და საპენსიო აქტივების დაცულობას დიდი ყურადღება ეთმობა. ჩვენ შევიმუშავეთ დაცვის სამი ხაზის პრინციპი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია. ეს ნიშნავს, რომ რისკების მართვას და კონტროლს საპენსიო სააგენტოში სამი დამოუკიდებელი ქვედანაყოფი ახორციელებს. საინვესტიციო სამსახური თავად არის პასუხისმგებელი იმ რისკებზე, რასაც იღებს და მართავს მათ. მთავარი რისკის ოფიცერი დამოუკიდებლად აკონტროლებს საინვესტიციო საქმიანობის რისკებს და ანგარიშგებას აწარმოებს საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებთან, ისევე როგორც დირექტორთან. შიდა აუდიტის სამსახური კი დამოუკიდებელ რწმუნებას იძლევა, რომ საინვესტიციო სამსახური და მთავარი რისკის ოფიცრის საქმიანობა მიმდინარეობს დადგენილი პროცედურების მიხედვით. საპენსიო სააგენტოს ქვედანაყოფების გარდა, შესაბამისობის რისკებს გააკონტროლებს სპეციალიზებული დეპოზიტარი, ხოლო საინვესტიციო საქმიანობის მარეგულირებელია საქართველოს ეროვნული ბანკი. ამ მოდელით მინიმუმამდეა დაყვანილი რისკები და მაქსიმალურად არის დაცული მონაწილეთა საპენსიო აქტივები.

- საპენსიო აქტივებმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა და როგორც ცნობილია, თანხის დიდი ნაწილი უკვე ინვესტირებულია. რა სარგებელს მიიღებენ საპენსიო სქემის მონაწილეები ინვესტირების შედეგად?

- საპენსიო აქტივები ამჟამად განთავსებულია ნაკლებადრისკიან პორტფელში, როგორც ამას კანონი ითხოვს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ინვესტიციები კვლავ ნაკლებადრისკიან პორტფელში გაგრძელდება. მონაწილეთა საკეთილდღეოდ ჩვენი მთავარი საინვესტიციო მიზანია, მივიღოთ მაღალი რეალური ამონაგები, რაც იმას ნიშნავს, რომ საპენსიო აქტივების მომგებიანობა უნდა აჭარბებდეს ინფლაციის მაჩვენებელს. ჩვენი არსებული პორტფელი საკმაოდ მიმზიდველია ამ მხრივ, რადგან ვაგენერირებთ წლიურ ეფექტურ 11.1% შემოსავლიანობას, როცა მიმდინარე ინფლაციის მაჩვენებელი 4.8%-ია, ანუ 2.3-ჯერ ვჯობნით ინფლაციას.

- საპენსიო სააგენტოს ჰყავს საინვესტიციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია უცხოელი სპეციალისტებით. როგორია საბჭოს მუშაობის პროცესი, რა ფორმატით და პერიოდულობით ხდება საბჭოს შეკრება?

- საინვესტიციო საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო, რომელიც უცხოელი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. საბჭო აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროცესებში. კანონის მიხედვით, საბჭო კვარტალში ერთხელ უნდა შეიკრიბოს, თუმცა რეალურად გაცილებით ხშირია საბჭოს სხდომები. მიმდინარე პანდემიის ფონზე სხდომები ვიდეო კონფერენციის რეჟიმში ტარდება, თუმცა ყველა საქმიანობა შეუფერხებლად მიმდინარეობს და საბჭოს წევრებთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს.

- ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა საპენსიო დანაზოგის ინვესტირება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კომპანიებში მოხდეს, რამდენად დგას აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში?

- საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ნათლად განსაზღვრავს ჩვენს საინვესტიციო მანდატს. ჩვენი სამიზნე „ბენჩმარკ“ პორტფელი შედგება ვადიანი დეპოზიტებისგან, სახაზინო ობლიგაციებისგან და უცხოური აქციებისგან, რასაც თანდათან დაუახლოვდება საინვესტიციო პორტფელი. განსაზღვრულია როგორც დასაშვები საინვესტიციო აქტივები, ისე ხაზგასმულია აკრძალული ინვესტიციების ჩამონათვალი. საინვესტიციო სამსახურს ეკრძალება პირდაპირი წილის ყიდვა კერძო კომპანიებში, მათ შორის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კომპანიებში. საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული ფასიანი ქაღალდი ექვემდებარება საინვესტიციო ანალიზს, თუ ის აკმაყოფილებს საინვესტიციო მანდატით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რაც საკმაოდ მკაცრია, რადგან ინვესტირებას მხოლოდ ნაკლებადრისკიან პორტფელში ვახორციელებთ.

- კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა თავიდანვე სახელდებოდა საპენსიო რეფორმის ერთ-ერთ მიზნად. უკვე ხედავთ თუ არა გარკვეულ შედეგებს ამ მიმართულებით?

- ჩვენი უმთავრესი მიზანი არის მონაწილეთათვის მაღალი რეალური ამონაგების მიღება, ანუ ინფლაციის მაჩვენებელზე მაღალი სარგებლის გენერირება ისე, რომ შევინარჩუნოთ დაბალი რისკები პორტფელში. ამავდროულად, საინვესტიციო საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იქნება კაპიტალის ბაზრის განვითარება, რომ გამარტივდეს კაპიტალის მოძრაობა ეკონომიკაში. კაპიტალის ბაზრის განვითარება ეტაპობრივად მოხდება და ამაში საპენსიო სააგენტო თავის წვლილს შეიტანს, როგორც გრძელვადიანი ინვესტორი ბაზარზე.

მარიამ ტიტვინიძე

„ინტერპრესნიუსი“

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა