კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ბიზნესოპერატორებთან შეხვედრა მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის “მხარდაჭერა-2“ ფარგლებში, კახეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ბიზნესოპერატორებთან შეხვედრები მიმდინარეობს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სურსათის უვნებლობის სპეციალისტები გადამამუშავებელი საწარმოებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების წარმომადგენლებს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპებსა და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს აცნობენ.

მათივე ცნობით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით იმართება.

„ბიზნესოპერატორებთან კომუნიკაცია და მათი ინფორმირებულობის გაზრდა მნიშვნელოვანია, რათა HACCP-ის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მწარმოებლებმა შეუფერხებლად და სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დაცვით განახორციელონ საქმიანობა,“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოების სამმართველოს უფროსმა, თამარ ფირანიშვილმა.

ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად, სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებმა კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა ეტაპობრივად უნდა დანერგონ. აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილება (მუხლი 3).

“ტექნიკური რეგლამენტების - სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის დამტკიცების თაობაზე“ რეგულაციის თანახმად, ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის (ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძის ფხვნილზე დამზადებული სურსათი, თევზი და თევზის პროდუქტები, კვერცხი და კვერცხის პროდუქტები, თაფლი) წარმოებას ან/და გადამუშავებას, 2021 წლის 1 იანვრიდან ვალდებულია, საქმიანობა HACCP-ის პრინციპების შესაბამისად განახორციელოს.

2021 წლის 1 ივნისიდან ანალოგიური ვალდებულება დაეკისრება ასევე ბიზნესოპერატორს, რომელიც საცალო ვაჭრობის პუნქტში ახორციელებს სურსათის წარმოებას/გადამუშავებას.

HACCP-ის სისტემის პრინციპების დაცვა 2015 წლის 1 იანვრიდან სავალდებულოა ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებსა და სასაკლაოებში; 2018 წლიდან სისტემის დანერგვის ვალდებულება დაეკისრათ იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ექსპორტისთვის განკუთვნილ გადამუშავებული თხილის გულს ამზადებენ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა