გია ყრუაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს

„თავისუფალი საქართველოს“ ნაძალადევის მაჟორიტარი კანდიდატი გია ყრუაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს.

საკუთარ წერილში ყრუაშვილი კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის ჯანმრთელობის რეაბილიტაციის კურსებზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, გავრცელებული პანდემიის გამო მალევე შეწყდა.

ყრუაშვილის განმარტებით, სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა პაციენტების მიმართ დღემდე მოქმედებს, იმ დროს, როდესაც მკურნალობის სარეაბილიტაციო კურსებით უკვე 4 თვეზე მეტია აღარავის უსარგებლია.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, უპირველესად მოგმართავთ, როგორც შშმ ბავშვის მშობელი, ხოლო შემდეგ, როგორც „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევის რაიონში. ა.წ. 24 მაისს, აშშ-ის მხარდაჭერით, თბილისში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა. ამ კეთილშობილურ ფაქტს ათასობით შშმ ბავშვი, მოზარდი და მათი მშობლები დიდი სიხარულითა და იმედით შეხვდა. სახელმწიფო დაფინანსებით ამოქმედდა ჯანმრთელობის რეაბილიტაციის კურსები და თითქოს ყველაფერი გეგმურად წარიმართა, თუმცა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში გავრცელებული პანდემიის გამო აღნიშნული პროგრამა მალევე შეწყდა. უამრავი ბავშვი და მოზარდი მკურნალობის კურსების მიღმა აღმოჩნდა, თუმცა გაირკვა, რომ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა პაციენტების მიმართ დღემდე მოქმედებს და ეს იმ დროს, როდესაც მკურნალობის სარეაბილიტაციო კურსებით, უკვე ოთხ თვეზე მეტია აღარავის უსარგებლია“, - აცხადებს ყრუაშვილი.

„თავისუფალი საქართველოს“ ნაძალადევის მაჟორიტარი კანდიდატი პრემიერ-მინისტრს აღნიშნული ფაქტით დაინტერესებას და შესაბამისი შეფასების გაკეთებას სთხოვს.

,,ჩემთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ რამდენიმე თვეა, რაც ხელფასი აღარ ეძლევა ცენტრში მომუშავე ექმიმებსა და სხვა მომსახურე პერსონალს. ყოველივე აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარია, სად და ვის ჯიბეში მიდის შშმ ბავშვების, მოზარდებისთვისა და მედპერსონალისთვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხები, როდესაც თავად პაციენტებსა და მათ ექიმებს მკურნალობის კურსების ჩატარების შესაძლებლობა აღარ ეძლევათ, ხოლო თავად ცენტრი, ქვეყანაში არსებული პანდემიის მოტივით, ფაქტობრივად უფუნქციოდაა დარჩენილი. მე, როგორც ერთ-ერთი შშმ ბავშვის მშობელი და ამავე დროს „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევის რაიონში, მოგმართავთ, ყურადღებით შეისწავლოთ აღნიშნული ფაქტი და ამ ყველაფერს შესაბამისი შეფასება მისცეთ. მინდა, დავიტოვო იმედი, რომ შშმ ბავშვებსა და მოზარდებს უახლოეს მომავალში კვლავ მიეცემათ მკურნალობის კურსის გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ამ კატეგორიის პაციენტებზე საკუთარ კეთილდღეობას უზრუნველყოფენ, კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯებიან“, - წერს გია ყრუაშვილი.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია