„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მძიმედ აფასებს. ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო რამდენიმე საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდად ორგანიზებული არჩევნები.

„არჩევნების დღეს, მნიშვნელოვან პროცედურულ დარღვევებთან ერთად, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებას, დარღვეული იყო ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლებები, ამომრჩევლებს არ ეძლეოდათ შესაძლებლობა მშვიდ და თავისუფალ გარემოში დაეფიქსირებინათ საკუთარი არჩევანი. რიგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა მუქარის, იძულებისა და მოსყიდვის ფაქტებს. ჩვენი შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არის გაყალბებული და არჩევნების წინასწარი შედეგები არ გამოხატავს ქართველი ამომრჩევლის ნებას.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო საუბნო და საოლქო კომისიების დონეზე ნეიტრალური და ობიექტური საქმიანობის უზრუნველყოფა. შეზღუდული იყო სადამკვირვებლო საქმიანობის წარმართვა ოლქებსა და უბნებზე. საუბნო კომისიები არ აძლევდნენ დამკვირვებლებს საშუალებას თავისუფლად გაცნობოდნენ საარჩევნო მასალებს. პრობლემური იყო წვდომა ჩანაწერთა წიგნსა და სხვა მასალებში არსებულ ინფორმაციაზე. გარკვეულ შემთხვევებში, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, საუბნო საარჩევნო კომისია არ იღებდა დამკვირვებლების მიერ შედგენილ განცხადება/საჩივრებს.

საარჩევნო უბნებზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამართულმა კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურებმა გააჩინა უამრავი კითხვის ნიშანი. კერძოდ, ქვემო ქართლის საარჩევნო უბნებზე ირღვეოდა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი, ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტებს. ხმის დათვლის პროცესში გამოიკვეთა ოქმების შედგენის ხარვეზები, რითაც დამატებით თვალსაჩინო გახდა კენჭისყრის პროცესში ჩადენილი ქმედებები. კერძოდ, ბევრ უბანზე საარჩევნო ყუთში არსებული კონვერტების რაოდენობა მეტი იყო არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობის მაჩვენებლებზე.

კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შექმნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საზოგადოებისთვის გაცნობის პროცესმა. ბოლო წლების მანძილზე, არსებობს ეჭვი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადება ატარებს ხელისუფლებისთვის სასარგებლო განწყობების შექმნის მიზანს. სავარაუდოდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა შერჩევითი პრინციპით. ჩვენი შეხედულებით, 2020 წლის 1 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას წარუდგინა მხოლოდ 1085 უბნის შედეგი, რომლებზეც უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონდა სახელისუფლებო პარტიას.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ აგრძელებს არჩევნების შემდგომი პერიოდის დაკვირვებას. მოახდენს საუბნო დონეზე შედგენილ საჩივრებზე რეაგირებას. ასევე, განახორციელებს საარჩევნო კომისიებში შედეგების შეჯამების პროცესის მონიტორინგს, რომლის შესახებ დასკვნასაც საზოგადოებას ანგარიშის სახით წარუდგენთ.

მადლობას ვუხდით, ჩვენი სადამკვირვებლო მისიის თითოეულ წევრს, ამ მძიმე და რთულ პირობებში სადამკვირვებლო მისიის განხორციელებისთვის. უმეტესწილად ახალგაზრდა მოხალისეებისგან შემდგარმა სადამკვირვებლო მისიამ, შეზღუდული რესურსის პირობებში, შექმნა არჩევნებზე დაკვირვების ობიექტური და მაღალი სტანდარტი. ყველა დარღვევასთან დაკავშირებით, რომლის გადამუშავება ამჟამად ხდება, ანგარიშის სახით ინფორმირებული იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომლის 392 დამკვირვებელი და 21 მობილური ჯგუფი რომელიც, საქართველოს მასშტაბით, 24 ოლქში აკვირდებოდა 31 ოქტომბრის საპარლამენტო მუშაობდა. დამკვირვებლებისთვის შეიქმნა სახელმძღვანელო, საარჩევნო კოდექსის ფარგლებში, უბნებზე მათი უფლებების და მოვალეობების შესახებ, მომზადდა დამკვირვებლის ანგარიშის და საჩივრის ფორმები. ორგანიზაციის მობილური ჯგუფები სპეციალურად შექმნილი ჩექ-ლისტის საფუძველზე ამოწმებდნენ საარჩევნო უბნებს. ასევე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში მუშაობდა იურისტთა ჯგუფი, რომელიც საუბნო დამკვირვებლებს დისტანციურად უწევდა კონსულტაციას სამართალდარღვევების შემთხვევაში და, საჭიროებიდან გამომდინარე, მონაწილეობდა საჩივრის მომზადების პროცესში“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო