„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - სამწუხაროა, რომ საოლქო კომისიებმა არ გამოიყენეს შესაძლებლობა, დასაბუთებული საჩივრების დაკმაყოფილებით კრიზისი განემუხტათ

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 42 საარჩევნო უბნის შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს, ცესკომ გადათვლის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ცესკოსთან კომუნიკაციის დროს გააჟღერეს, რომ კომისია ასევე გულისყურით უნდა მოეკიდონ პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ საჩივრებს.

„პარასკევს, 6 ნოემბერს, ცესკოს თავმჯდომარემ ,,რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა (bit.ly/3eATMTl), რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრები განიხილეს, ვინც სწორი სამართლებრივი გზა აირჩია. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 62 უბნის დაუბალანსებელი ოქმების გაუქმება და ბიულეტენების ხელახლა გადათვლა მოითხოვა, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიებმა ამ საჩივრების 95% არ დაგვიკმაყოფილეს და მხოლოდ 3 უბანზე დაგვთანხმდნენ გადათვლას. ამის შემდეგ გასაჩივრების პროცესმა სასამართლოში გადაინაცვლა. მას შემდეგ, რაც განვაცხადეთ, რომ 42 უბნის შედეგებს სასამართლოში ვასაჩივრებდით, ცესკოდან დაგვიკავშირდნენ და გვთხოვეს გასაჩივრებულ ოლქებზე ინფორმაციის მიწოდება, რათა საოლქო კომისიების წარმომადგენლებმა სასამართლო პროცესებზე ამ უბნების გადათვლასთან დაკავშირებით ცესკოს პოზიცია გაითვალისწინონ. ცესკოს მიერ გამოგზავნილი წერილის მიხედვით, მათი ცალსახა პოზიციაა, რომ მხარი დაუჭირონ გადათვლებს. შეგახსენებთ რომ, საოლქო კომისიებს ჩვენი საჩივრების უდიდესი უმრავლესობის განხილვის დროს, როცა გადაწყვეტილების მიღება მათ ხელში იყო, ეს არ გაუკეთებიათ. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, ბუნებრივია, ცესკოს მიაწოდა ინფორმაცია იმ ოლქებზე, რომელთა უბნების ოქმებიც სასამართლოში გავასაჩივრეთ. ამასთანავე, ცესკოსთან კომუნიკაციის დროს განვაცხადეთ, რომ საკმარისი არ იქნება მხოლოდ იმ უბნების განხილვა, რომლებზეც ჩვენ სასამართლოებში ვდაობთ და ასევე გულისყურით უნდა მოეკიდონ პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ საჩივრებს. კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ - სამწუხაროა, რომ საოლქო კომისიებმა არ გამოიყენეს შესაძლებლობა, დასაბუთებული საჩივრების დაკმაყოფილებით განემუხტათ კრიზისი და საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა გაეზარდათ. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროში გაწელვა ჩრდილს აყენებს საარჩევნო კომისიების რეპუტაციას და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აღრმავებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო