გიორგი კანდელაკი - იმაზე უფრო მეტი მტკიცებულება გვიჭირავს დღეს ხელში, ვიდრე თუნდაც რამდენიმე დღის წინ გვეჭირა

„ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრაზე სწორედ ის სამი საკითხი განიხილება, რასაც ოპოზიციური სპექტრი მოითხოვს.

როგორც კანდელაკმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სამივე საკითხთან მიმართებაში ოპოზიცია ერთიანია, „ერთიანობა კი არჩევნების გაყალბების მასშტაბის გაცნობიერებით არის გამოწვეული“.

„ამ შეხვედრაზე ოპოზიციურმა ერთობამ, ყველა იმ პარტიამ, რომელიც ესწრება მას და რომელიც შეთანხმებულია ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად პარლამენტში არშესვლაზე, კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბა ძალიან ნათლად, თუ რა მასშტაბის გაყალბებასთან გვქონდა საქმე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ განსხვავებული პარტიები, რომელთაც ერთმანეთისგან ძალიან ბევრი რამ განასხვავებთ, არიან ერთიანი და მათი ერთიანობა გამოწვეულია გაყალბების მასშტაბის გაცნობიერებით. იმაზე უფრო მეტი მტკიცებულება გვიჭირავს დღეს ხელში, ვიდრე თუნდაც რამდენიმე დღის წინ გვეჭირა. „ევროპული საქართველოს“ 600 სარჩელიდან მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ და იმ ერთშიც ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაულით სავსე მტკიცებულებები აღმოჩნდა“, - განაცხადა კანდელაკმა.

გიორგი კანდელაკის განმარტებით, საოლქო კომისიებმა ოპოზიციების და არასამთავრობო ორგანიზაციების 700-ზე მეტი სარჩელი არც განიხილეს.

“ქართულ ოცნებაში“ ჰგონიათ, რომ თეთრ ფრაკში არიან გამოწყობილები. არა, არ არიან და ვერც იქნებიან, გაშავდა მათი ხელთათმანები. ჩვენი მონაცემები ეყრდნობა ცესკო-ს ვებ-გვერდს. ამ მონაცემების თანახმად, ყველა უბნის 53%-ზე იყო ბიულეტენების ან მეტობა ან ნაკლებობა. მეტობა ნიშნავს ბიულეტენების ჩაყრას და მეორე, როცა არის ნაკლებობა, ეს ნიშნავს, რომ ტრიალებდა ე.წ. ბიძინას კარუსელი“,-განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიცია მოლაპარაკებების წინაპირობად სამ საკითხს აყენებდა (ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, საარჩევნო ადსმინისტრაციის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება), თუმცა მმართველი გუნდი აცხადებდა, რომ აღნიშნულ საკითხებზე აუდიენციაზე არ წავიდოდა.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!