ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გენდერული ძალადობის აღმოფხვრის გლობალურ კამპანიას უერთდება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამასთან – “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) – თანამშრომლობით, ტრადიციულად გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთება.

კამპანიის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი რამდენიმე ღონისძიებას გამართავს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, წარმოადგენს სხვადასხვა აქტივობას საერთო მიზნით: - დასრულდეს ძალადობა ქალებისა და გოგოების მიმართ მსოფლიოში.

ღონისძიებათა განრიგი კი ასეთია: -

ილიაუნის A-კორპუსის შიდა ეზოში, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს ისტორიაში მეორე ქალი მოსამართლის, ქალთა უფლებებისა და თანასწორობისთვის სამართლებრივი ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული რუთ ბეიდერ გინსბურგის მურალი გაიხსნება. მურალი შესრულებულია ცნობილი არტისტის, მუსია ქებურიას მიერ.

27 ნოემბერს გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე, გაიზარდა თუ არა საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის სტატისტიკა პანდემიის გავრცელების პერიოდში, როგორია სახელმწიფოს პასუხი ქალთა მიმართ ძალადობის მომატებულ რისკებზე. რა საფრთხის შემცველია ქალებისა და გოგოებისთვის დაწესებული შეზღუდვები, როგორ უნდა მოიქცნენ და ვის უნდა მიმართონ ძალადობის მსხვერპლმა ან ამ ფაქტის მოწმე მოქალაქეებმა.

გარდა ამისა, პანელურ დისკუსიაზე ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკა წარადგენს ახალ ცხელ ხაზს, რომელიც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს უფასო იურიდიულ დახმარებას ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით.

30 ნოემბერს გაიმართება ფილმის “სენსაცია“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია. ჯეი როუჩის მიერ 2019 წელს გადაღებული ფილმი გვიამბობს ნამდვილ ამბავს Fox News-ის თანამშრომელ ჭკვიან, ამბიციურ და ძლიერ ქალებზე. მათ გარისკეს, რომ წინ აღდგომოდნენ როჯერ აილსს, კაცს, რომელმაც ისინი სექსუალურად შეავიწროვა.

4 დეკემბერს კი დაგეგმილია ფილმის “სორაიას ჩაქოლვა“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია.

ფილმი რეალური ქალის ნამდვილ ისტორიას ეხება, რომელიც ძალადობისა და უსამართლობის მსხვერპლი გახდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს