ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020

ნაწილობრივი ლოკდაუნი შაბათ-კვირას და საათობრივი შეზღუდვა სხვა დღეებში - რა გეგმა აქვს საკოორდინაციო საბჭოს

რა დახმარებას ამზადებს მთავრობა მოსახლეობისთვის?

რუსეთი აფხაზეთის გადაყლაპვას იწყება - რითია საშიში ე.წ. ერთობლივი სივრცის ფორმირების 3-წლიანი პროგრამა

* * *

ნაწილობრივი ლოკდაუნი შაბათ-კვირას და საათობრივი შეზღუდვა სხვა დღეებში - რა გეგმა აქვს საკოორდინაციო საბჭოს

“სამედიცინო, ბიზნესისა და სხვა სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ, პრემიერი გახარია ხუთშაბათს გამოაცხადებს ახალი შეზღუდვების პაკეტს, რომელიც, მთავრობისა და სპეციალისტების აზრით, ეპიდემიის გავრცელების სიჩქარესაც დააგდებს და მეორეს მხრივ, ბიზნესსაც მინიმალურ ზიანს მიაყენებს. “რეზონანსისთვის” სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა იმ აკრძალვების შესახებ, რომელიც ოფიციალურად უახლოეს დღეებში ამოქმედდება: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დრო მკვეთრად შეიზღუდება და სავარაუდოდ დიდ ქალაქებში 18:00-ის შემდეგ საქალაქო ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს; შაბათ-კვირაობით სრულად დაიხურება ყველა მაღაზია, ბარები, კაფეები და რესტორნები, კვირის სხვა დღეებში მათ მუშაობაზე მკაცრი საათობრივი გრაფიკი დაწესდება (აკრძალვა არ ეხება სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებს); მუშაობას შეაჩერებენ დიდი სავაჭრო ცენტრები და დახურული ბაზრობები, ხოლო ღია ტიპის ბაზრები ჯერჯერობით მუშაობას გააგრძელებენ; 1 საათით გახანგრძლივდება ქუჩაში გადაადგილებაზე უკვე მოქმედი შეზღუდვა და 22:00-ის ნაცვლად 21:00-დან დაიწყება - ეს ის აკრძალვებია, რომელთა ამოქმედებაც, წყაროების ცნობით, უკვე გადაწყვეტილია. თუმცა, საკოორდინაციო საბჭომ შესაძლოა მათში მცირე კორექტივები კიდევ შეიტანოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნაწილობრივი ლოკდაუნი შაბათ-კვირას და საათობრივი შეზღუდვა სხვა დღეებში - რა გეგმა აქვს საკოორდინაციო საბჭოს.

“ცალკე თემაა თბილისის მეტროპოლიტენი, სადაც თანამშრომლებს შორის კორონავირუსი გავრცელდა. ცნობილი ხდება, რომ თბილისის მეტროპოლიტენში კოვიდ-19-ით ამ დროისთვის 25 თანამშრომელია ინფიცირებული, 50 კი ტესტის პასუხის მოლოდინშია. მემანქანეები სამუშაო საათების შემცირებას ითხოვენ, რომ თანამშრომლებმა გრაფიკით იმუშაონ. მათი თქმით, მეტროში ვირუსის გავრცელების საფრთხე იმდენად დიდია, რომ შესაძლოა უახლოეს პერიოდში მეტროპოლიტინმა მუშაობა შეაჩეროს. თბილისიის მერი კახი კალაძე კი აცხადებს, რომ მეტრო არ გაჩერდება და მგზავრებს შეუფერხებლად მოემსახურება. მერმა განმარტა, რომ მეტროსადგურებში ხორციელდება მგზავრთა ნაკადის კონტროლი და როგორც მგზავრებს, ისე მეტროს თანამშრომლებს მოეთხოვებათ პირბადის ტარება. კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მეტროპოლიტენის 25-მდე მემანქანეს კოვიდი დაუდასტურდა, მეტროს მუშაობას ხელი არ შეეშლება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანს. თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენში დარგის სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია სრულდება და მემანქანეების კორონავირუსზე ტესტირების პროცესიც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სამედიცინო სფეროს ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი 29 ნოემბრისთვის იქნება. ჯანდაცვის ექსპერტების პროგნოზით, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 5 000 უნდა იყოს. ამავე პერიოდში აქტიური შემთხვევების რაოდენობას კი თითქმის 38 000-ს პროგნოზირებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, დაადასტურა ის ფაქტი, რომ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით მსჯელობა არის. მანვე განმარტა, რომ შეზღუდვების შემდეგ, იმ მაჩვენებელმა, რაც დღეში ფიქსირდება, საგრძნობლად უნდა მოიკლოს. “ეს გადაწყვეტილებები ვიდრე დღეს არის, ბევრად გამკაცრებული და გაფართოებული იქნება, შედეგი იქნება ის, რომ დღეს თუ 3 000 შემთხვევა გვაქვს, მისი ზრდა აღარ უნდა იყოს სამი კვირის შემდეგ”- ამბობს გამყრელიძე. ჯანდაცვის ექსპერტი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომელიც პრემიერთან ოთხშაბათს გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, “რეზონანსთან” აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ სხვადასხვა სახის რეკომენდაციები მიიღო. მისი თქმით, იყო ისეთი მოსაზრებებიც, რომ სრული “ლოკდაუნი” უნდა მოხდეს, თუმცა აქცენტი წერტილოვან შეზღუდვებზე გაკეთდა. ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან გაიცა რეკომენდაციები, გადაადგილების საათობრივი შეზღუდვების დაწესებაზე, ასევე სამუშაო საათები შემცირდეს, დაიხუროს შაბათ-კვირას რესტორნები და დიდი სავაჭრო ცენტრები. მოხდეს საზოგადოებრივი ტრასპორტის გადაადგილების ნაწილობრივი შეზღუდვა”, განაგრძობს გამოცემა.

“ქვეყანა კატასტროფის ზღვარზეა. თუ ასე გაგრძელდა და არ შემცირდა ინფექციის გავრცელების სისწრაფე, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს. თუ სასწრაფოდ შეზღუდვები არ დაწესდა, კიდევ ერთ კვირას და 10 დღეს ასეთ ციფრებს ვეღარ ავუვალთ. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ახლა ინფექციის გავრცელების შეკავება და ამ აღმავალი ტენდენციის გადატეხა და დაღმავალზე წამოსვლა. ექიმები და პერსონალი არის ახლა ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრიდან იყო რეკომენდაციები, რომ მოხდეს ე.წ. საათობრივი შეზღუდვა. ანუ დიდ ქალაქებში, როდესაც მოსახლეობის აქტიურობა უფრო ღამის 9 საათიდან იწყება, აქამდე დავწიოთ შეზღუდვა. ასევე მოხდეს დიდი სავაჭრო ცენტრების და რესტორნების შაბათ-კვირას სრულად დახურვა. მოსახლეობის მობილობა ყოვემხრივ უნდა შემცირდეს. დაწესდეს შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტის გადაადგილებაზე. პრემიერი ყველა ამ რეკომენდაციებს უსმენდა და საბოლოოდ მისი გადასწაყვეტია რა შეზღუდვებს მიიღებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც ასევე პრემიერთან შევედრას ესწრებოდა, “რეზონანსთან” ადასტურებს, რომ შაბათ-კვირას დიდი სავაჭრო ცენტრების და რესტორნების დახურვაზე საუბარი იყო. ასევე საუბარია ტრანსპორტის შეზღუდვაზეც. ის იმგვარი შეზღუდვების დაწესების საჭიროებაზე საუბრობს, რომელიც ეკონომიკას მინიმალურ ზიანს მიაყენებს და ასევე ეპიდემიის შეჩერების მიმართულებით შედეგსაც გამოიღებს. “როგორც ექიმი, მომხრე ვარ შეიზღუდოს ის ობიექტები, რომელიც არ არის სურსათთან და აფთიაქთან დაკავშირებული, რაც შეეხება ტრანსპორტს, ან კონტროლი უნდა გავამკაცროთ, ან ავტობუსში ასული ადამიანების რაოდენობა უნდა შევამციროთ - საერთოდ მის გაჩერებაზე უარი ვთქვათ. იმიტომ, რომ ეს ძალიან აზიანებს საზოგადოებას. ახლა რის ვაი-ვაგლახით ამ სტატისტიკას ვუმკლავდებით, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურად ჩვენ არ გვაქვს კითხვაზე პასუხი, თუ ახლა სად ვიმყოფებით. თუ ეს პიკია და სადღაც იქნება სტაბილიზაცია და დაღმავლობისკენ წამოვალთ, შეიძლება ქვეყანამ მინიმალური შეზღუდვებით გაუძლოს”, - განმარტავს ბიძინა კულუმბეგოვი, რომლის თქმით, როგორც შეხვედრაზე ითქვა, “სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ზოგადი ეკონომიური გავლენაც იყოს მინიმალური იმ წერტილოვანი შეზღუდვებით და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ”, - დასძენს გამოცემა.

რა დახმარებას ამზადებს მთავრობა მოსახლეობისთვის?

“ეპიდემიის მეორე ტალღა, როგორც მოსალოდნელი იყო, გაცილებით მძიმე აღმოჩნდა. დახმარების მომლოდინეთა წრე გაცილებით მეტია, ვიდრე ეს კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე იყო, ხოლო ფინანსური რესურსი ძალიან მწირია. თუკი გაზაფხულზე ეკონომიკური სტიმულირების ხარჯი 3,5 მილიარდ ლარს აღწევდა, ახლა რეალურად ამის ნახევარი რესურსიც არ აქვს მთავრობას, ხოლო დახმარება, ფაქტობრივად, 2-ჯერ მეტ ადამიანს სჭირდება, ვიდრე პირველი ტალღის დროს სჭირდებოდა. პრობლემის სიმწვავე, როგორც ჩანს, გაცნობიერებული აქვს მთავრობასაც, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ბიზნესისა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გადის, თუ რა რეგულაციები შემოიღონ და რა დახმარება გაუწიონ როგორც ბიზნესს, ასევე - მოსახლეობას, განსაკუთრებით - მოწყვლად ჯგუფს, რომელიც ამ დახმარების გარეშე, ფაქტობრივად, შიმშილობის ზღვარზეა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა დახმარებას ამზადებს მთავრობა მოსახლეობისთვის? / “სავარაუდოდ, პარასკევს უკვე გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული”

“დეტალებზე ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად არ საუბრობენ, რადგან ბოლომდე გარკვეული არ არის, ხოლო სპეციალისტების წრეში უკვე დაიწყო საუბარი იმაზე, რა მიმართულებით მოუწევს რეზერვების დახარჯვა მთავრობას, რომ ეკონომიკის სტიმულირება მოახდინოს და საზოგადოებასაც გაუადვილოს არსებულ პრობლემასთან გამკლავება. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გუშინ დაადასტურა, რომ მთავრობა, წერტილოვანი შეზღუდვების პარალელურად, საკომპენსაციო პაკეტზე მუშაობს, რომელიც მოქალაქეებისკენ იქნება მიმართული. მთავრობა ცდილობს, წერტილოვანი შეზღუდვები დააწესოს ისე, რომ ხალხი არ დაზარალდეს. “ჩვენ ეს დღეები პრემიერ-მინისტრთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ. ერთი მხრივ, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვები გვსურს იყოს დაბალანსებული და, იმავდროულად, გვინდა, რომ გადავტეხოთ ის უარყოფითი ტენდენცია, რაც გვაქვს ინფიცირებულთა ზრდის თვალსაზრისით. ვეძებთ ისეთ გზებს, რომ ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ და შევინარჩუნოთ მათი გაჯანსაღების ტენდენცია. პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე“, - განაცხადა თურნავამ, რომლის თქმით, საკომპენსაციო პაკეტი “ერთი მხრივ, იქნება მოქალაქეებისკენ მიმართული და, მეორე მხრივ, იმ დარგებისკენ, რომლებზეც წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება“, - აღნიშნავს გამოცემა.

“ზომების გამკაცრება რომ გარდაუვალია, ცხადია, მაგრამ კონკრეტულად რა მექანიზმი დაინერგება, ვის გაეწევა დახმარება და რამდენს დახარჯავს მთავრობა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის, აკაკი ზოიძის თქმით, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ღონისძიებები ამ ეტაპზეც მუშავდება, ითვლის მთავრობა, შესაბამის კონსულტაციებს გადის სპეციალისტებთან და უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, პარასკევს, გაასაჯაროებს საბოლოო გადაწყვეტილებას. “ზომების გამკაცრება მოსალოდნელია, ამაზე ყველა თანხმდება, მაგრამ ვეცდებით, რომ გადაწყვეტილება იყოს ზომიერი, რაც ბიზნესსა და მოსახლეობასაც ნაკლებად დააზარალებს. ეპიდემიის მასშტაბი უნდა შევამციროთ, ეს არის მთავარი ამოცანა, რადგან არსებულ სიტუაციას ვერ გაუძლებს სისტემა ვერანაირად, პირველ ყოვლისა, პერსონალი არ გვეყოფა. ინფექციის გავრცელების სიჩქარე თუ არ შევანელეთ, მომავალში როგორც ინფიცირებულების რაოდენობა, ასევე სიკვდილიანობაც მოიმატებს”, - ამბობს ზოიძე, რომელიც ადასტურებს, რომ “კონტროლი გამკაცრდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“კონტროლი გამკაცრდება - მნიშვნელოვანია ადამიანების მობილობის დაქვეითება გავრცელების კერებში - დიდ ქალაქებში, რამდენიმე კვირით მაინც. ამ შემთხვევებში უნდა მივიღოთ ეპიდემიოლოგიურად ყველაზე დიდი მოსალოდნელი ეფექტის და, იმავდროულად, სოციალურ- ეკონომიკურად ყველაზე ნაკლები ნეგატიური ეფექტის მქონე ზომები. ცხადია, მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებსაც გარკვეული დახმარება გაეწევა, მაგრამ კონკრეტულად ვინ მიიღებს კომპენსაციას, რა მექანიზმს შეიმუშავებს მთავრობა და რა დაჯდება ამ პროცესების მართვა, ასევე, სოციალური დახმარებების ხარჯი, უახლოეს დღეებში გამოიკვეთება, სავარაუდოდ, პარასკევს უკვე გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“როგორც აღვნიშნეთ, სპეციალისტები მოსალოდნელ ხარჯთან დაკავშირებით უფრო ღიად საუბრობენ. აკადემიკოს ავთო სილაგაძის განცხადებით, ბიზნესს, ასევე მოსახლეობას, გაცილებით მეტი დახმარება დასჭირდება, ვიდრე ეპიდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე მოხერხდა. დახმარების მომლოდინე წრე ამჟამად გაცილებით ფართოა, ხოლო რესურსი - უფრო მწირი და შეზღუდული. აკადემიკოსის აზრით, მთავრობა პრიორიტეტად მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას დაისახავს, შესაბამისად, შეღავათი გაეწევათ ამ სფეროში უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, შესაძლოა, მათ საბანკო ვალდებულებები გადაუვადდეთ და გარკვეული ფინანსური დახმარებაც მიიღონ რამდენიმე თვის განმავლობაში, როგორც ეპიდემიის პირველ ეტაპზე იყო განსაზღვრული. საუბარია შეჭირვებული მოქალაქეების ჯგუფის დახმარებაზეც, თუმცა კონკრეტული დეტალები საბოლოოდ ჯერ კიდევ გაურკვეველია”, - დასძენს გამოცემა.

“გაზაფხულზე 3,5 მილიარდ ლარამდე ჩაიდო ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ესეც კი არასაკმარისი აღმოჩნდა. ახლა ამის ნახევარი რესურსიც აღარ არის, ხოლო მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. რესურსი შეზღუდულია, მაგრამ დახმარების მომლოდინე პირთა წრე გაცილებით ფართოა. ასეთი მწირი შესაძლებლობის პირობებში ცხადია, შიდა რესურსი არასაკმარისი იქნება და კვლავ სესხების აღება დაგვჭირდება. ორ დიდ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა: ერთი, პანდემიასთან, მეორე, მისახედია ეკონომიკა, რომელიც კოვიდის გამო უმძიმეს მდგომარეობაშია. სხვა გამოსავალი არ რჩება და გვიწევს ეკონომიკური აქტიურობის შესუსტება. ცხადია, ეს ყველაფერი დაამძიმებს მდგომარეობას, მაგრამ გარკვეული დახმარების გაწევაზე მთავრობა უარს ვერ იტყვის”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთანდილ სილაგაძე.

“პირველ ეტაპზე დახმარებები გამოყენებული იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს, ასევე, საბანკო ვალდებულებების მქონე პირებისთვის. სესხები კვლავ გადავადდება, სხვანაირად არაფერი გამოვა, რადგან ბევრი ადამიანი ბანკებზეა დამოკიდებული. ცხადია, ამა თუ იმ მიმართულებით სუბსიდირების საჭიროებაც იკვეთება. რა დაუჯდება ყველაფერი ეს მთავრობას, ძნელი სათქმელია, მაგრამ ველოდები, რომ გაცილებით ნაკლები დაიხარჯება, ვიდრე ეპიდემიის პირველი ტალღისას გახდა შესაძლებელი. არ ჩანს სფერო, რომელიც ახლა სახელმწიფოს მხარდაჭერას არ საჭიროებს, რესურსი კი ძალიან მწირია”, - დაასკვნის სილაგაძე. რაც შეეხება საერთაშორისო მხარდაჭერას, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ევროკავშირი საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოყოფს, რომლის უმეტესი ნაწილი მიმართულია კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად”, - წერს სტატიის ავტორი.

რუსეთი აფხაზეთის გადაყლაპვას იწყება - რითია საშიში ე.წ. ერთობლივი სივრცის ფორმირების 3-წლიანი პროგრამა

“კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ანექსიისაკენ - ასე აფასებს ოფიციალური თბილისი მოსკოვის მორიგ უკანონო გადაწყვეტილებას. მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის ე.წ. შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც რუსეთს სურს, 3 წლის ვადაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონები პრაქტიკულად მთლიანად მოხვდეს მის სამართლებრივ და ეკონომიკურ სივრცეში და ამით გააგრძელოს 2014 წელს დაწყებული პროცესი, როცა ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულება გააფორმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცება დე ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსეთი აფხაზეთის გადაყლაპვას იწყება - რითია საშიში ე.წ. ერთობლივი სივრცის ფორმირების 3-წლიანი პროგრამა.

“საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ: “რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის 2014 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. „ხელშეკრულება“ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისევე, როგორც მის ფარგლებში შემუშავებული ყველა ე.წ. “შეთანხმება”, “მემორანდუმი” თუ “პროგრამა” უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯებითა და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული უკანონო ნაბიჯები, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას”, - აღნიშნავს გამოცება.

“ანალიტიკოსები “რეზონანსთან” საუბრისას ამბობენ, რომ აღნიშნულ შეთანხმება საფრთხის შემცვლელი თავად აფხაზეთისთვისაა. მათი თქმით, თუ აქამდე აფხაზეთი რუსეთის “უკანა ეზო” იყო, ამ დოკუმენტის მიხედვით ის ხდება მისი “შიდა ეზო”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის მთლიანი სოციალურ-ეკონომიკური სფერო ფაქტიურად რუსეთზე იქნება მიბმული. ხოლო ყველაზე მეტად საშიში პუნქტი თვითონ აფხაზებისთვის ქონებასთან დაკავშირებული პუნქტი იქნება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2-3 წელიწადში როგორც სამაჩაბლო, ისე აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენელ ნაწილად იქცევა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამ პროგრამის დამტკიცებას რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიად აფასებს. მისი თქმით, ეს შეთანხმება ყველაზე დამაზიანებელი თავად აფხაზებისთვის იქნება, რადგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი უძრავი ქონების საკუთრების საკითხია. მისი თქმით, რუსეთს სურს, რომ რაც შეიძლება მეტ მის მოქალაქეს საშუალება ჰქოდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრება შეიძინოს. ამიტომაც პირველ რიგში დარტყმას ამ მიმართულებით აფხაზები მიიღებენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი კამათში აფხაზეთს აღარც იყენებს, რადგანაც ის საქართველოს ფაქტობრივად ჩამოაშორა და მიაჩნია, რომ ამ კუთხით ჩვენ პროლემას აღარ წარმოვადგენთ. საქართველოს სხვა მიმართულებიდან აშანტაჟებს. ეს არის წმინდა წყლის ანექსიური პოლიტიკა, რაც აფხაზებისთვის დიდი საფრთხის მატარებელია. ახლა საქართველომ რაც უნდა გააკეთოს, ის არის, რომ ამ პროგრამის დამტკიცების წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე ილაპარაკოს. რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული პროგრამით აფხაზეთის ანექსიას ახდენს. ასევე საქართველოს მხარე აფხაზებთან პირდაპირ კონტაქტზე უნდა გავიდეს. ჩვენ ვნახეთ, რომ აფხაზები კონტაქტს ცდილობდნენ. ასლან ბჟანია როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა, მან გარკვეული გზავნლები ჩვენი ხელისუფლების მისამართით გააკეთა. ასევე სიგნალი იყო დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ანქვაბის მხრიდანაც. დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა შამბამაც არაერთხელ თქვა, რომ მათ ქართულ მხარესთან დიალოგი სურთ. ჩვენ კი ამ ყველაფერს რუსული პროექტი ვუწოდეთ. აფხაზები თავის გადარჩენას ცდილობენ და ჩვენ ამაზე უარს ვეუბნებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“მისივე თქმით, საქართველოში მოიძებნება ხალხი, რომელთაც აფხაზურ მხარესთან საუბარი შეუძლიათ. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ აფხაზები რუსეთის ანექსიისგან დავიცვათ. ზაქარეიშვილის აზრით, რაც შეიძლება მეტი ორმხრივი პოლიტიკა უნდა გვქონდეს ჩვენ აფხაზურ მხარესთან, იმისთვის, რომ მივაბათ საქართველოს, ქართულ ეკონომიკას, სოციალურ პროგრამებს და ისინი რუსეთზე დამოკიდებულები არ იყვნენ. აფხაზებს ამის მზაობა ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ მათ ხელი ისე ვკარით, არც კი დავინტერესებულვართ რა უნდოდათ. კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ რუსეთი ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აფხაზეთს მის გარდა სხვა გასაქანი არ მისცეს. მისი თქმით, რუსეთმა აფხაზეთის ინტეგრაციის პროცესი ბოლო დროს გააქტიურა და იძულებულს გახდის აფხაზებს, რომ წინააღმდეგობა საერთოდ ვეღარ გაუწიონ”, - დასძენს გამოცემა.

“ბოლო დროს ვხედავთ, რომ მოსკოვს აღარ სჯერა აფხაზების და ისეთ პირობებს უქმნის, რომ მომავალში ვერსად გაიხედონ. რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაცია იცვლება და ყარაბაღის ომმა ეს კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა. ახლა რუსეთის მთავარი ამოცანა სამხრეთ კავკასიაში დაბრუნებაა. ამ ამოცანაში შედის ყარაბაღში სამშვიდობოების დაყენებაც, აფხაზეთის თემის მოგვარებაც, ე.წ სამხრეთ ოსეთის თემის მოგვარებაც და საქართველოს საკითხის გადაწყვეტაც. აფხაზებს თურქებთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, რაც მოსკოვს ძალიან აღიზიანებს, ამიტომაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სხვადასხვა პროცესი დაიწყეს, რაც რუსულ სამართლებრივ სივრცეში აფხაზეთის ინტეგრირებას გულისხმობს. პირველი, რაც რუსებმა მოიმოქმედეს, ეს ერთობლივი უსაფრთხოების სისტემის შექმნა იყო, მერე უკვე ერთობლივი ეკონომიკური და სოციალური სივრცის შექმნა დაიწყეს და ეს პროგრამაც ამის გაგრძელებაა. შესაძლოა აფხაზეთი ასე პირდაპირ, როგორც პოლიტიკური ერთეული, არ მიიერთოს, მაგრამ ისეთ დღეში ჩააგდებს, რომ კრემლის გარეშე ნაბიჯსაც ვეღარ გადადგამენ. მით უმეტეს, რომ ის დაფინანსება, რაც რუსეთიდან მოდის, აფხაზეთის ბიუჯეტის მკვებავია და მის გარეშე რეგიონი ეკონომიკური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს