„ათეა” უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღეს უერთდება

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღეს უერთდება, რომელიც 2004 წელს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების ღვაწლის აღსანიშნავად დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ასოციაციის პრესსამსახური ავრცელებს.

“ათეას” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ნათია ღვინაშვილის განცხადებით, უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ნაწილია, რომელშიც უკვე აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის მედია ქსელი.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებში, სწორედ აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ჩართულობით ხორციელდება სხვადასხვა თემატური ღონისძიებები, რომლებიც ძალადობის პრევენციისა და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს.

“კამპანიის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოს წევრებმა ადგილობრივ ბაზარში ძალადობის მსხვერპლი ქალების მიერ შეკერილი პირბადეები და საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს.

ასევე ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა დედოფლისწყაროს აგრარული ბაზრის მოვაჭრეებთანაც, რომლებმაც მერიის წარმომადგენლებისგან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არსებული სერვისების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ პანდემიისა და ქვეყანაში დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი აქტივობების უმრავლესობა ონლაინ რეჟიმში იმართება.

სწორედ აღნიშნული ფორმატით ჩაატარა ორი ტრენინგი ქედის მერიამ, რომლებშიც მოსწავლეები და სტუდენტები, ასევე თემით დაინტერესებული პირები, პედაგოგები და თვითმმართველობის მოხელეები იღებდნენ მონაწილეობას. ამავე მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ინიციატივით, VIII-XII კლასების მოსწავლეებისთვის გამოცხადდა ვიდეორგოლების კონკურსი ,,შეაჩერე მოძალადე“, რომლის მიზანსაც მოზარდებისთვის აღნიშნული თემით დაინტერესება და გამოწვევების აღმოფხვრის პროცესში მათი ჩართულობა წარმოადგენდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ბავშვთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობასა და ბულინგის რეაგირების გზებზე მსჯელობას დაეთმო ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოს მიერ ჩატარებული ონლაინ-ტრენინგი, რომელშიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები და აღსაზრდელთა მშობლები იყვნენ ჩართულნი.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 - დღიანი კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისთვის ერთ-ერთ აქტივობას საინფორმაციო ხასიათის განცხადებები და ვიდეო მიმართვები წარმოადგენდა.

„ბოლნისის, სენაკის, მარტვილის, შუახევის, ჩოხატაურის, ჭიათურის, ხარაგაულის, ადიგენის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ქობულეთის, ქედისა და ფოთის, ასევე, ხაშურის, ხულოს, ხონის, წყალტუბოს, ქარელის, სიღნაღის, საჩხერის, ონის, ამბროლაურის, ლანჩხუთის, გორისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებმა მოსახლეობას ის მესიჯები მიაწოდეს, რომლებიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ გამოწვევებს პასუხობს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

25 ნოემბერს ნარინჯისფრად განათდა თბილისის ანძაც. სწორედ ამ სიმბოლური ჟესტით შეუერთდა საქართველოს დედაქალაქი გლობალურ კამპანიას.

ძალადობის წინააღმდეგ 16 - დღიანი კამპანია, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

აღნიშნული კამპანიის მხარდამჭერი ღონისძიებები "ათეა"-ს მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო