ეროვნული ბანკი - ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8% შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასები 0.8 %-ით გაიზარდა

2020 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასები 0.8 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს.

„თვის მიმოხილვაში“, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს აღნიშნულია, რომ ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასების საერთო დონეზე ყველაზე მეტად, 0.2 პროცენტული პუნქტით (პპ), ყველის გაძვირებამ იმოქმედა.

„მნიშვნელოვანი იყო ბენზინის, ზეთის და ზამთრის ფეხსაცმლის გაძვირებაც. თითოეული ამ პროდუქტის ფასის მატების გავლენამ ინფლაციაზე 0.1 პპ შეადგინა. საპირისპიროდ, 0.1 პპ-ით შეამცირა ინფლაცია ვაშლის გაიაფებამ. წლიურ ჭრილში აღსანიშნავია, რომ სურსათის ჯგუფის ინფლაციის შემცირების დინამიკა ოქტომბერშიც გაგრძელდა და 5.4 პროცენტი შეადგინა. თუმცა სურსათის წვლილი საერთო ინფლაციაში კვლავ მნიშვნელოვანია. ოქტომბრის 3.8 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1.5 პპ მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ყველზე, ზეთზე, პურზე და ლობიოზე - 0.7 პპ. სხვა პროდუქტებიდან წლიურად 13.5 პროცენტით - სიგარეტის (წვლილი ინფლაციაში 0.4 პპ) და, მსოფლიო ბაზარზე ოქროზე ფასის მატებით გამოწვეული, ქორწინების ოქროს ბეჭდის 43.2 პროცენტით გაძვირებაა (წვლილი ინფლაციაში 0.2 პპ) გამოსარჩევი. ოქტომბერში წლიურ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად, ბენზინის 16.7 და დიზელის საწვავის 17.8 პროცენტით (შესაბამისად, 0.6 და 0.1 პპ-იანი წვლილი ინფლაციაში) გაიაფებამ იმოქმედა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 5.0 პროცენტამდე გაიზარდა“, - აღნიშნულია ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ საქონელზე 2.8 პროცენტი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე 4.1 პროცენტი შეადგინა. „შერეული საქონელი 4.3 პროცენტით გაძვირდა. იმპორტირებული საქონლის ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი საწვავის ფასის წლიურად შემცირებას უკავშირდება.

2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 0.9, 3.1, 1.1 პროცენტით მოიმატა. თითქმის არ შეცვლილა ფასები მომსახურებაზე. წლიური მაჩვენებლების მიხედვით, ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 4.3, 5.1 და 8.6 პროცენტით მოიმატა. მომსახურება 1.9 პროცენტით გაძვირდა“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა