სანდრო რაქვიაშვილი - ვერ გავიგე რას ნიშნავს ზურა ჯაფარიძის განცხადება - მიდის თუ  ჩვენ გვაგდებს? - ორი დღე ვარკვევდი მიზეზს და ვერ გავარკვიე, არც ვერსია მაქვს

არ წარმომიდგენია, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე "გირჩიდან" წავიდეს და კიდევ უფრო არ წარმომიდგენია, რომ ზურამ თქვას თქვენ წადით, მე აქ ვრჩებიო, ტექნიკურად წარმოუდგენელი რაღაცაა - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "გირჩის" ერთ-ერთმა წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილების შესახებ ორი დღის წინ იცოდა.

როგორც სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, განსაკუთრებული დაპირისპირება „გირჩში“ ბოლო დღეების განმავლობაში არ ყოფილა, რაც შესაძლოა, ყოფილიყო ზურაბ ჯაფარიძის განცხადების მიზეზი.

"ჩვენ ეს ამბავი დაახლოებით ვიცოდით გუშინწინ საღამოდან. მანამდე იყო მცდელობა კომუნიკაცია გვქონოდა. თან იმ ფონზე, როცა ოპოზიციის შეხვედრებზეც ერთად დავდიოდით, გვინდოდა ამ თემაზე საუბარი. მიზეზი არ ვიცით, თვითონაც თქვა, რომ მიზეზს არ დაასახელებს და ადრე თუ გვიან, უნდა გავიგოთ. მე არ მახსოვს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კამათი ყოფილიყო. კამათი ჩვენთან ყოველთვის არის, რაზე არ გვიკამათია, „გირჩში“ ვართ ბოლოს და ბოლოს. ბოლო დღეებში არაფერი ხდებოდა. აი, გუშინაც, მე, ზურა და ვახო ერთად ვისხედით ოპოზიიციის შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ ასეთ მდგომარეობაში ვიყავით. კონფლიქტი ბოლო დღეებში არ გვქონია.

წარმოუდგენელია იაგოს განცხადება ყოფილიყო ამის მიზეზი, ვერასდროს დავიჯერებ ამას. თვითონაც არ ამბობს. მე ვიცი, რომ ორშაბათს საღამოს ულტიმატუმი წაგვიყენა, იაგოს უფრო დიდწილად, რომ პარტიის მართვას ჩამოცილებოდა. ჩვენ გარკვეულ თემებზე არ საუბრის ცენზურა არ გვქონდა, რა თქმა უნდა, "გირჩში" ეს წარმოუდგენელი ქცევაა. თავიდან ეს ხუმრობად აღვიქვით. მეორე დღეს ანუ გუშინ ვსაუბრობდით ერთად ოპოზიციასთან და საღამოს უკვე აღვიქვით, რომ ეს აღარ იყო ხუმრობა. ვერ გავიგე რას ნიშნავს მისი ეს განცხადება, მიდის, ჩვენ გვაგდებს თუ რას ნიშნავს არ ვიცი. ორი დღე დავხარჯეთ მიზეზის გასარკვევად და ვერ გავარკვიეთ და არც ვერსია მაქვს. ზურა გირჩი ჯაფარიძე "გირჩიდან" რომ გავიდეს, ჩემთვის ცოტა უცნაური იქნება. არ წარმომიდგენია, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე "გირჩიდან" წავიდეს და კიდევ უფრო არ წარმომიდგენია, რომ ზურამ თქვას თქვენ წადი, მე აქ ვრჩებიო. ტექნიკურად წარმოუდგენელი რაღაცაა“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა. "ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას" - წერს ჯაფარიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა