სამწუხაროდ, პარლამენტის ნაცვლად, შეზღუდული შესაძლებლობის საკრებულო მივიღეთ და წლის დიპსაოცრება — გერმანიის ელჩი ამტკიცებს, ეს პრობლემა არ არისო, - აღნიშნული განცხადებით საქართველოში გერმანიის ელჩის შეფასებებს “ტრიბუნას“ წარმომადგენელი კოტა კემულარია ეხმაურება.
კემულარია ჰუბერტ ქნირშს მიმართავს, რომ მსგავსი რამ გერმანიაში რომ დაფიქსირებულიყო, ის ასეთ მოსაზრებას არ გამოთქვამდა.
“თქვენ რუსულ ენას კარგად ფლობთ. ოთხი წელი - 2014-2018 წლებში მოსკოვში მოღვაწეობდით და კარგად იცით, რა საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიად შეფუთული ავტორიტარიზმი. ჩვენი კონსტიტუციის 38-ე მუხლი ადგენს: ”პარლამენტს სრული უფლებამოსილებისთვის ორი მესამედი სჭირდება” ანუ გარდა თანამდებობების და ფულების განაწილებისა, პარლამენტი რომ ვერცერთ სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანეს საკითხს ვერ განიხილავს, ეს არაფერია?! პრობლემა არ არის?!
ნატოში, ეუთოში, ევროპარლამენტში, კონგრესში და ჩვენი მომავლისათვის გადამწყვეტ საერთაშორისო ორგანიზაციებში დელეგაციებს ოპოზიციის წარმომადგენლების გარეშე არ დაამტკიცებენ. ესეც არ არის პრობლემა?!
რევერანსების გარეშე, როგორც პოლიტიკოსი, სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი რუსეთში, მიუღებელი ჩარევის სახიფათო პრეცედენტად ვთვლი დიპლომატის მხარედ პოზიციონირებას, ჩემი ქვეყნისთვის ასე მძიმე პოლიტიკური კრიზისის დროს. განსაკუთრებით მძიმეა ჩემთვის და ბევრისათვის საქართველოში, რომ გერმანიის წარმომადგენელზეა საუბარი, იმ გერმანიაზე, რომელმაც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ჩემს ქვეყანას, რასაც ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ. ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება სიმართლე, რა მწარეც არ უნდა იყოს ის“, - მიმართავს გერმანიის ელჩს კოტე კემულარია.