გია ხუხაშვილი - გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის შემდეგ დიდ რყევებს არ ველოდები - ვიღაც შეიძლება წავიდეს ან წამოვიდეს, მაგრამ „ნაცმოძრაობა“, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“, ერთ ადამიანზეა აგებული

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკური და კანონზომიერია. როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ფორმულად გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარე იყო, მაგრამ მისი რეალური სტატუსი ძალიან შორს იყო მის ფაქტობრივ მდგომარეობასთან.

„რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას და მის არგუმენტაციას, ვფიქრობ, საკმაოდ ლოგიკური და გასაგებია ადამიანურადაც და პიროვნულადაც. მისი არგუმენტები აბსოლუტურად მისაღებია და არ იგრძნობა ხელოვნურობა, რადგან ეს პრობლემები ობიექტურად არსებობს. გარდა ამისა, ის მაქსიმალურად კორექტულია და დისკუსიის გაგრძელებას არ აპირებს. ასე, რომ კანონზომიერია ის, რაც მასთან დაკავშირებით მოხდა.

მისი წასვლის შემდეგ ძალიან დიდ რყევებს არ ველოდები. ვიღაც შეიძლება წავიდეს ან წამოვიდეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“ ერთ ადამიანზეა აგებული. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილი და „ქართულ ოცნებაში“- ბიძინა ივაშვილია. მთელი პარტიაც რომ წავიდეს, მიხეილ სააკაშვილს ქუჩიდან შეუძლია ჩაანაცვლოს „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნება“, ამის არაერთი მაგალითი გვინახავს. ფორმალურად კი იყო გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ მისი რეალური სტატუსი ძალიან შორს იყო მის ფაქტობრივ მდგომარეობასთან. იგივე ხდება „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებითაც. ფაქტობრივად, ეს ორი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკშვილი პარტიას უყურებენ ისე, როგორც პირად საკუთრებას. ამ ორი პარტიის კონსტრუქცია დამყარებულია ამ ადამიანებზე“,-განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი განმარტებით, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ელჩების მისამართით გამოთქმულმა კრიტიკულმა განცხადებებმა არსებული პოლიტიკური ვითარება შესაძლოა, დააზიანოს, თუმცა ხუხაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ანალოგიური განცხადებები სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას არ ასახავს.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, გარკვეული პრობლემები იქმნება, მაგრამ ამის დრამატიზაციას არ მოვახდენდი. ბევრად უფრო დრამატული იყო, როდესაც რამდენიმე თვის წინ ხელისუფლების წარმომადგენლები კონგრესმენებსა და სენატორებს მათი განცხადებების გამო „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოსყიდვაში ადანაშაულებდენ. ეს ნამდვილად იყო პრობლემატური, რადგან ხელისუფლება საუბრობდა. ოპოზიციის ერთეული წარმომადგენლების განცხადებები დიპლომატების მიმართ, მათ შორის შეურაცხმყოფელი, დამაზიანებელია, მაგრამ ეს არ არის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია და აღნიშნულის გათვალისწინებით, კრიტიკულად დამაზიანებელი არ არის. თუმცა, ზოგადად, პროცესი ძალიან არასასიამოვნოა“,-აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისი შეფასებით, როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზოციის წარმომადგენლები ინფანტილურად იქცევიან, როდესაც მოლაპარაკებების პარალელურად, ფასილიტატორ ელჩებს ლანძღავენ.

ცნობისთვის,გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. როგორც მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო