ანა დოლიძე - ელჩებთან მიმართებაში, საქმე გვაქვს ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მიერ პასუხისმგებლობის აცილებასთან

ელჩებთან მიმართებაში, საქმე გვაქვს ერთგვარ ხრიკთან - ეს არის ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მიერ ელემენტარული პასუხისმგებლობის აცილება, - ასე შეაფასა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ბოლო პერიოდში მოლაპარაკებების რაუნდში ჩართული ელჩების მისამართით გაკეთებული განცხადებები.

მისი შეფასებით, „ქართული პოლიტიკური სპექტრი უნდა მივიდეს იქამდე, რომ არ დაგვჭირდეს უცხოელების ჩართვა შიდა პოლიტიკურ საკითხებში“.

„საქართველოში ასე ხდება. პოლიტიკოსები ჩართავენ ელჩებს მოლაპარაკებებში, ფაქტობრივად, წერტილ-მძიმის გასწორების დონეზე, შემდეგ რიკოშეტივით ხდება შემოტრიალება და ფართო მასშტაბით ცეცხლის გახსნა. არადა ყველამ იცის, რომ სახელმწიფოსთან მიმართებაში ელჩები დამოუკიდებლად, პოლიტიკას ადგილზე არ ადგენენ. პოლიტიკა დგება იმ ქვეყნებში, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ და შემდეგ ეს ითარგმნება ადგილებზე. დიპლომატებს მოლაპარაკებებში რომ დიდი გამოცდილება აქვთ, ეს ჩვენ პოლიტიკოსებს კარგად ახსოვთ. გავიხსენოთ 2012-2013 წლები, მაშინ ძალიან ბევრი ელჩი ღიად აკეთებდა განცხადებას, რომ მერაბიშვილის, ახალაიას და სხვათა გასამართლებასთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ყოფილიყო სახელმწიფო. ჩემი აზრით, ქართული პოლიტიკური სპექტრი უნდა მივიდეს იქამდე, რომ არ დაგვჭირდეს უცხოელების ჩართვა შიდა პოლიტიკურ საკითხებში,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ამასთან, ანა დოლიძემ სამ ძირითადი ხარვეზი დაასახელა, რომელიც მოლაპარაკებების რაუნდს ახლავს თან.

„სამწუხაროდ, ეს რაუნდები არ არის შანსი, რომ დავუახლოვდეთ მოლაპარაკებების იმ კულტურას, რომელიც არის დასავლეთ ევროპაში, ცივილიზებულ ქვეყნებში. პირველ რიგში, ამ მოლაპარაკებებიდან გამოტოვებულია ქართველი ხალხი. ხელისუფლების წყაროა ხალხი და არა პოლიტიკოსები. 45 დღე გავიდა მოლაპარაკებების დაწყებიდან და დღემდე გასაიდუმლოებულია, რამაც გამოიწვია სერიოზული პრობლემები. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს უნდა წარმართულიყო მაქსიმალურად საჯაროდ. მეორე ხარვეზი - ელჩების როლი, ამას ასდის "კოლონიალიზმის სუნი", როცა ელჩები ამბობენ ისეთ რაღაცებს, რაც ამატებს მათ უფლებამოსილებას, მიანიშნებს მათ ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში. მესამე - როდესაც დასავლეთის ქვეყნებში პოლიტიკურ ძალებს შორის იმართება მოლაპარაკებები, სახელმწიფო მუშაობს. ჩვენს შემთხვევაში კი, გაწელილი რაუნდებით პირდაპირ ზიანდება ჩვენი ხალხის ინტერესი, რომელიც სოციალური და ეკონომიკური კატასტროფის წინ მარტოა დარჩენილი“, - განაცხადა დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს