ლანა გალდავა - სამთავრობო პროგრამას პირობითად ჰქვია პროგრამა, სინამდვილეში აცდენილია ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და წარმოადგენს მოსახლეობისთვის თვალის ახვევის მცდელობას

დღეს, საქართველოს პარლამენტში მტკიცდება მთავრობის ძველი-ახალი გუნდი სამთავრობო პროგრამით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის, - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ ისაუბრა. მისი განმარტებით, სამთავრობო პროგრამას პირობითად ჰქვია პროგრამა, სინამდვილეში კი აცდენილია ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და წარმოადგენს მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ თვალის ახვევის მცდელობას.

„თუ გადავხედავთ უსაფრთხოების ნაწილს, ვნახავთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების სფეროში საკვანძო როლის მქონე სტრატეგიული დონის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიზნით, შეფასებულია აქტიურად. ეს იმ საბჭოზეა საუბარი, რომელიც მხოლოდ ორჯერ შეიკრიბა, ერთხელ ტექნიკური სახით ფორმალური გახსნისთვის და მეორედ, სადაც დაანონსდა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არ მოწვეულა პანდემიის თემატიკაზე, მიუხედავად იმისა, რომ ,,ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის ,,ი” და ,,ლ” პუნქტებით გათვალისწინებული სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უნდა მოწვეულიყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა პანდემიიდან გამოწვეული ზიანის იდენტიფიცირების, შეფასების, ანალიზისა და პროგნოზირებისთვის. ასევე, პანდემიის საფრთხისგან დაცვის უზრუნველსაყოფად, მითუმეტეს, როცა 195 -ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პრემიერს ევალება საბჭოს მოწვევა სამ თვეში ერთხელ, როგორც წესი. საბჭო არ მოწვეულა ამიერკავკასიაში მიმდინარე რთული პოლიტიკური ვითარების შესაფასებლად, არ მოწვეულა არც ,,გავრილოვის ღამეს”. სამთავრობო პროგრამაში დაანონსებულია ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ორი ძირითადი ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტის, ,,ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა” და ,,საფრთხეების შეფასების დოკუმენტის” განახლების პროცესი. სამარცხვინოა, რომ ხელისუფლება მმართველობის მესამე ვადაზე აანონსებს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებას, რომელშიც ბოლო ცვლილებები 2011 წელს შევიდა. სწორედ ამ ფაქტითაც ნათლად ჩანს, არის თუ არა ქვეყნის პრიორიტეტი უსაფრთხოება. პროგრამაში ასევე ვკითხულობთ, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას კიბერუსაფრთხოების სფერო წარმოადგენს. აქაც ისმის შეკითხვა, თუ პრიორიტეტულ სფეროდ მიიჩნევა კიბერუსაფრთხოება, რატომ არ გვაქვს მესამე წელია კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და ეროვნული სამოქმედო გეგმა. პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია „ჰიბრიდულ საფრთხეებთან“ ბრძოლაზე, თუმცა რეალური მდგომარეობა კი სხვაა. ხელისუფლების და მასთან ასოცირებული ფეისბუკ გვერდების ნარატივი პირდაპირ ემთხვევა ოკუპანტის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას და პროპაგანდას. ყოველივე ზემოაღნიშნულს პირდაპირ ადასტურებს რუსი იდეოლოგის - ალექსანდ დუგინის ნათქვამი მასზედ, რომ 2008 წელს ,,თუ რუსული ტანკები შემოვიდოდნენ თბილისში, სიტუაცია დღევანდელისგან ბევრად განსხვავებული არ იქნებოდა”. ასე რომ, ზემოაღნიშნული პროგრამა არის ნაწილობრივ შეუსრულებელი დაპირებები, ნაწილობრივ სურვილები, უმეტესად კი რეალობას აცდენილი და სიცრუეზე აგებული დოკუმენტი,”- განაცხადა ლანა გალდავამ.

ლანა გალდავას კომენტარს „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა