დავით სონღულაშვილი - ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს ლიკვიდობის პრობლემა, რომელზეც უნდა  ვიზრუნოთ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განცხადებით, მისი კომიტეტი მაქსიმალურად მზადაა ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ფორმირების პროცესს მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა და 4 წლის შემდეგ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, ნამდვილად სწორი სტრატეგიული არჩევანია.

"ევროკავშირთან დაახლოების და ასოცირების პროცესი, რაც „ლეიტმოტივად“ გასდევს მთელ სამთავრობო პროგრამას, ეს მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნისა და ევროპის კანონმდებლობის ჰარმონიზაციას და ერთმანეთთან დაახლოებას. რაც თავის თავში მოიცავს დამატებით რეგულაციებს ან არსებული რეგულაციების დახვეწას. აგრეთვე სამთავრობო პროგრამაში შემოთავაზებულია რეა-ს ინსტრუმენტი, რაც დღევანდელ მსოფლიოსთვის თანამედროვე ინსტრუმენტია დაგეგმილი თუ მიმდინარე რეფორმებისთვის.

დაახლოების პროცესი და რეგულაციები არ უნდა იქცეს გამოწვევად ბიზნესისათვის და თითოეული რეფორმა, რომელიც დაგეგმილი იქნება, აუცილებლად უნდა იყოს განხილული ბიზნესსექტორთან ერთად. იმ ექსპერტებთან ერთად, რომლებიც მონაწილე იქნებიან ამ ყველაფერში" , -განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სამთავრობო პროგრამის იმ ნაწილზე, სადაც საუბარია კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაციის თაობაზე და თქვა, რომ საინტერესო იქნება შეიქმნას პლატფორმა, სადაც თითოეული რეფორმა, რომელიც დაიგეგმება, იყოს განხილული სამოქალაქო საზოგადოებასთან და ექსპერტებთან ერთად, რათა მეტი ჩართულობით, უმტკივნეულოდ იყოს თითოეული რეფორმა განხორციელებული.

"ამისთვის ჩვენი კომიტეტი მზად არის ავიღოთ ეს ფუნქცია, შევქმნათ ეს პლატფორმა, სადაც თითოეული რეფორმის განხილვისას მოწვეული იქნება ყველა აქტორი, რათა მაქსიმალურად იყოს ყველას ინტერესი და აზრი გათვალისწინებული" ,- აღნიშნა მან.

დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხზე, რაც მისი შეფასებით, სწრაფი ეკონომიკური აღდგენის ერთ-ერთი შესაძლებლობაა.

"კიდევ ერთი საკითხი, რასაც მინდა შევეხო, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია პანდემიის შედეგად. ეს არის ეკონომიკის ხერხემალი და ეს არის ერთ-ერთი დიდი დამსაქმებელი ჩვენს ქვეყანაში.

მცირე და საშუალო ბიზნესს ჩვენს ქვეყანაში აქვს ლიკვიდობის პრობლემა, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ. განსხვავებულად ვიფიქროთ, რა ინსტრუმენტებით შეიძლება, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გავუადვილოთ და შევქმნათ შესაძლებლობა იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესის რეაბილიტაცია. აგრეთვე შესაძლებლობა უნდა მიეცეს მათ იმ ძალიან დიდი პოტენციალით სარგებლობის, რასაც თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები ჰქვია და რომლითაც ჩვენი ქვეყანა უნიკალურია და გამოირჩევა რეგიონში. იმიტომ, რომ 2 მილიარდ 300 მილიონზე მოსახლეზე ბაზარზე წვდომა აქვს და შესაბამისად ეს შესაძლებლობა და ეს პოტენციალი უნდა იყოს შესაბამისად მაქსიმალურად ათვისებული, ეს ეკონომიკის განვითარებას დიდწილად შეუწყობს ხელს", - განაცხადა მან.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ მთავრობის კაბინეტის მომავალ წევრებს ის პრობლემა შეახსენა, რაც არა მარტო მის სამაჟორიტარო რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება - მიწის რეგისტრაციის საკითხი.

მისი თქმით, ეს ის გამოწვევაა, რომლის მოგვარების პროცესიც დასაჩქარებელია.

"თქვენ აღნიშნეთ, რომ 3 წლის ვადაში უნდა მოხდეს სრულად რეგისტრაცია. ეს არის აქტივი, რომელიც ძალიან გამოსაყენებელია ეკონომიკისთვის, იმიტომ, რომ დღეს ფაქტობრივად ამის სრულად ეკონომიკაში ჩართვა და გამოყენება ვერ ხერხდება და ალბათ სწრაფად უნდა შემუშავდეს ამ საინტერესო აქტივის ეკონომიკაში ჩართვისთვის გასატარებელი რეფორმები", - მიმართა მან გიორგი გახარიას.

თავისი გამოსვლის ბოლოს დავით სონღულაშვილმა ლარის სტაბილურობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

"ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დიდი გამოწვევა დგას ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არა მარტო ქვეყნის მოსახლეობის, არა მარტო ბიზნეს ჯგუფების, ეს ძალიან დიდი გამოწვევა იქნება უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვისაც. რადგან ინვესტორები ლარის მდგრადობას დინამიკაში შეხედავენ და ამიტომ კონკრეტული ნაბიჯები იქნება ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკთან კოორდინაციაში გადასადგმელი. ეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რაც ერთად უნდა დავძლიოთ", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო